Tuesday, 9 April 2024

ქალთა ემანსიპაციის შეუძლებლობა პატრიარქარიზმში

როდესაც კამერულ სტილში თამაშდება ერთმოქმედებიანი სპექტაკლის მთელი აქტი, გნებავთ აქტნახევარი, პირდაპირი ვალდებულებაა დადგმის მესვეურებმა გაითვალისწინონ პირველ რიგებში მსხდომი მაყურებლის უსაფრთხოება, რომ არ შეესხათ წყლის წვეთები და კიდევ უარესი...


2024 წლის 23 იანვარს, როცა კაპელდინერი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის ხშირი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი, ქალბატონი ხათუნა, ჩვენს კუთვნილ ადგილებზე მიგვითითებდა, მომენტალურად გამახსენდა, ბოლო წლებში დადგმული <ვერბატიმის> უკვე საკმაოდ ხავსმოკიდებული და ზედმეტად ბანკროტად ქცეული მაგალითი, იდენტური კონფიგურაციით რომ იწვევს მაყურებლებს სცენაზე, სადაც პირდაპირი შემხებლობა აქვთ მსახიობებს მაყურებლის ტანისამოსთან და პლუს, სრულიად არაეთიკურად ხვდებათ დროდადრო იმავე მაყურებლებს მსახიობების ნერწყვები. ამჯერად, ვერც გიორგი კაშიას „ბერნარდა ალბას სახლის“ განხორციელების დროს, პირველ რიგებში მსხდომი მაყურებლები ვერ „გამოვძვერით“ მშრალები - წყლის წვეთებისგან...


დამოუკიდებელი პროექტის ქორეოგრაფია ეკუთვნის გიორგი ტიელიძეს; მხატვრობა - ირიკო აბულაძეს; მონაწილეობენ: ზეინაბ დვალიშვილი, ნინი ურუმაშვილი, ანუკა შარია, მაშიკო თვალაბეიშვილი, ნინა შონია, სალომე ჭაფოძე, ელენე ქურთიშვილი, მარიამ მღებრიშვილი, ვატო სანიკიძე.

ქართულ სცენაზე, ბოლო ათწლეულებში არაერთხელ გვინახავს მაყურებლის ამგვარი გადანაწილება, როცა დამსწრე პუბლიკა უშუალოდ სცენაზეა განთავსებული, რაც შეიძლება ახლო ლოკაციიდან ადევნებს თვალს წარმოდგენას. ამით ავტორები, თითქოს, ყბადაღებულ <მაყურებელთან სიახლოვეს> უსვამენ ხოლმე ხაზს. მაყურებელთან სიახლოვის „გაპრავება“ მაინც რომ მოხდეს, საჭიროა კონცეფციას ჰარმონიულად ერწყმოდეს კონფიგურაციული სტილი, რაც ქართულ რეალობაში აბსოლუტურად ვერ მიღწევად პრაქტიკად ჩამოყალიბდა.
ზედმეტი იკლიკანტურების გარეშე, პირდაპირ ვთქვათ, რომ უხეშად არაეთიკურ და არაჰიგიენურ კატეგორიაში გადის, როცა მსახიობის ამონასუნთქი მაყურებელს აწუხებს, მხოლოდ იმის გამო, რომ უცოდველ მსახიობს უკიდურესად ‘ავანგარდულად მოაზროვნე, ვინმე რეჟისორმა’ უბრძანა - აი, ასე ‘ინტიმური სიახლოვე’ გქონდეს მაყურებელთანო.

 

გიორგი კაშიას ლორკას „ბერნარდა ალბას სახლის“ ინტერპრეტაცია იმ შემთხვევათა ციკლის ნაწილია, ჩემი აღქმის შემთხვევაში, როცა სურვილი მაქვს დავწერო, არა პროფანულ, თუ ნაკლებად პროფანულ დადგმის ხერხებზე, ე.წ. მსახიობების „გარდასახვის“ მომენტებზე, თუ არაერთგვაროვან რეგისტრში შესრულებულ ცალკეულ მიზანსცენებზე, არამედ მოთხრობილ ამბავში გამოკვეთილ პრობლემაზე. ამავე დროს, ამ პრობლემის აქტუალობის ტრაგიზმზე.
კაშია, როგორც იკვეთება დაინტერესებულია ქალთა ემანსიპაციის საკითხით და ამ ემანსიპაციის გზაზე დღემდე უცვლელი კომპლექსების ციკლით; რისი ჩვენებაც არაჩვეულებრივად შეძლო სპექტაკლით - „ირინეს ბედნიერება“.




ქართული რეალობის ნიმუშით, რომ გავყვეთ ნარატივს, მართებულია აღვნიშნოთ, რომ ქალთა დისკრიმინაციის ფაქტები, თუ არტეფაქტებიც ურყევად უცვლელია - ზრდასრულობამდე და მის შემდგომ პერიოდებში, დაბერებამდე.


ქალს ყოველთვის გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და აკონტროლებენ მისი პირადი ცხოვრების დეტალებს, ლამის ნიუანსურად, რაოდენ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს. გარშემომყოფი სოციუმის ნაწილი ქალს, ვიწროდ ობსკურანტული, ასევე მიზოგინიური თვალსაწიერიდან აფასებს, განიხილავს და ურცხვად განსჯის!


ერთი მხრივ, ყოველ მხრივ გაუგებარია, ამ უფლების, <ავადმყოფური დაკვირვების> ლეგიტიმაცია საიდან მიენიჭათ(?!); და მეორე მხრივ, გაუმართლებელ კონტ-არგუმენტად ისიც აღვნიშნოთ, რომ მამაკაცის წინააღმდეგ მსგავსი სახის კონტროლი და შტამპური ჩაციკვლა/პედალირება არ ხდება. შედეგად, ცხადად იკვეთება <პოზიტიური დისკრიმინაციის> უხეშად არაეთიკური მოცემულობა(!).

ბერნარდა ალბას ქალიშვილები, თანაბარზომიერ ერთგანმეორებად მოქმედებაში არიან თითქმის მთელი აქტის მსვლელობის პარალელურად, ისინი ქარგავენ, ამით ერთგვარი უტყვი მორჩილებაა გამოხატული - უნიფიკაციური ტემპით და ტანისამოსით, ასევე წარმოდგენებით, რომ ქალს <უნდა უკარნახონ> ვინ აირჩიოს ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად. თავად ბერნარდა, (ზეინაბ დვალიშვილი) უსამართლო და არასახარბიელო მშობლის პროტოტიპის მსუყე ნიმუშია, რომელსაც არ ესმის შვილების დამოუკიდებელ პერსონებად აღქმის მნიშვნელობა...!


და რომ, ზრდასრული შვილები საკუთარ პირად ცხოვრებაზე თავად არიან პასუხისმგებელნი, და რომ, „მშობლობა“ უკიდურესად პირადული სივრცის დარღვევის ლეგიტიმურობას სულაც არ ნიშნავს(!).

ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული ქართული რომანი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ მახსენდება და ელენე ნავერიანის შთამბეჭდავი ეკრანიზაცია, შესანიშნავი მსახიობის, ეკა ჩავლეიშვილის „ეთეროს“ პროტოტიპით, როგორი დაკომპლექსებული, მიჩქმალული და სამარცხვინოდ იზოლირებულია ქალის ბედნიერების განცდის არეალი, იმ კლაუსტროფობიულ და არაერთი ფობიით გაჯერებულ სოციუმში, სადაც ვმოქმედებთ... მე-20 საუკუნის მსოფლიო კინემატოგრაფიის ფართო პალიტრა სავსეა ფემინური ასპექტის დისკრედიტაციის გამოკვეთის მაგალითებით; ლუკინო ვისკონტის „L’innocente” (1976) - ბრწყინვალე მსახიობთა კონსტელაციით_ჯანკარლო ჯანინით, ლაურა ანტონელით, ჯენიფერ ო’ნილითა და მარკ პორელით გვიჩვენებს, ქალზე მასკულინური ზეგავლენის ტრაგიზმს, ანუ როგორ იღუპება ორივე სქესი; ხოლო სიდნი ლუმეტის “The appointment” (1969) - ასევე, გენიალური მსახიობების დუეტით_ომარ შარიფისა და ანუკ ემეს მონაწილეობით გვაჩვენებს, სად გადის ზღვარი ქალთა სქესისადმი ტოტალური უნდობლობის თვალსაზრისით... ორივე პოსტულატი კი ერთ დასკვნაზე მეტყველებს, ქალის ბედის, როგორც ასეთის, ფატალისტურ დასასრულზე(!).


ზოგადად კი, როდესაც ქალთა დისკრიმინაციის ამხელა დოზით აქტუალიზება ხდება მწერლისგან, კინორეჟისორისგან, თეატრის რეჟისორისგან და ა.შ. პირდაპირ დიაგნოზს უსვამს არსებული საზოგადოების „პატრიარქალური აზროვნების დომინაციას“.


კაშიას მიერ დადგმული „ბერნარდა ალბას სახლი“ ჩემთვის, სწორედ ქალთა თავისუფალი არჩევანის ბოლომდე ვერ შესაძლებლობაზე ხაზგასმისთვის არის მნიშვნელოვანი. როგორც ვიცი, სპექტაკლი არ განისაზღვრა ასაკობრივი ცენზით, სადაც საკმაოდ დელიკატური მინიშნებებია, ქალთა უფლებების, პირადი ცხოვრების არჩევისა და ინდივიდუალური ქმედებების გზის ხელშეუხებლობაზე; რადგან, ქალთა უფლებების რაიმე სახით შეზღუდვა, ზეწოლა ოჯახის, მეგობრებისა და გარეშე პირების მხრიდან - რყვნის მთლიან სოციუმს და ობსკურანტულ საზოგადოებად აყალიბებს.

No comments:

Post a Comment