Wednesday 13 September 2023

„ყველას ძალაუფლება სწყურია - რადიკალებსაც და ლიბერალებსაც“

 ემპირიულად დამტკიცებული ფაქტია: როდესაც ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში, მაგალითად, კლასში მასწავლებელი კონკრეტულ მოსწავლეს ინტენსიურ რეჟიმში, გამორჩეულად ეფერება და აქებს, დანარჩენი თანაკლასელები ამ კონკრეტული მოსწავლისადმი გაუცნობიერებელ ანტაგონიზმს გრძნობენ.

ჩემი მხრივ, ყველა მომავალ პედაგოგს (მე, როგორც ახალბედა) მოკრძალებულად ვურჩევდი - არასდროს გამოარჩიონ რომელიმე მოსწავლე განსაკუთრებულად, როგორც უპირობოდ სანიმუშო და თითით საჩვენებელი, ვინაიდან <თანასწორუფლებიანობის> მიღება, აღქმა და გაცნობიერება, სწორედ მცირე ასაკიდან იწყება ყველა ინდივიდში. მით უმეტეს, რომ პედაგოგი, კრიტიკოსი, თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, უმთავრესად სუბიექტია, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ყოველთვის მეტად მოეწონება, ან შეუყვარდება ერთი სუბიექტურად, ხოლო ამ მომენტის პერმანენტული ხაზგასმა კონკურენტუნარიან სოციალურ გარემოებებში, საგანმანათლებლო/სახელოვნებო თუ სხვა დაწესებულებებში ანტაგონიზმის, კომპლექსებისა და ბოღმის მეტს არაფერს წარმოშობს!..

საბა ასლამაზიშვილის საქმიანობის მიმართ, ერთგვარად დიქოტომიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა: მან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა რეჟისორად ითვლება, ასაკით ხანდაზმულ რეჟისორებს გაუსწრო აქტივობით, სპექტაკლების დადგმის უხშირესი ინტერვალით.



კრიტიკოსების დიდი ნაწილი მის საქმიანობაში პოზიტიურ მარცვალს ხედავს და მხოლოდ ხოტბას ასხამს, რაც არ უნდა დადგას! ხოლო უმცირესი ნაწილი კი, მას მუდმივად აკრიტიკებს, თან მწვავედ აკრიტიკებს, რაც არ უნდა დადგას!


კრიტიკოსიც, მათ შორის, ისევე, როგორც ყველა სხვა - პირველ რიგში სოციალური არსებაა და ძალიანაც კანონზომიერია ვიღაცა <აღაფრთოვანებდეს> - ვიღაცა <ზიზღს ჰგვრიდეს>! არადა, ყველაზე დიდი კრიტიკა - სრული იგნორია და არა უარყოფითი რეცენზიით კიდევ მეტი „პიარი“.


ამავე ლოგიკით, აბსურდული ალგორითმი მგონია, კონკრეტული ავტორის ყველა ნამუშევარი აბსოლუტურად თანაბარ <აღფრთოვანებას> იწვევდეს აღმქმელ-რეციპიენტში, იგივე კრიტიკოსში.

ილიაუნის თეატრის ფოიეში, მომდევნო სეზონიდან მაყურებელს კვლავ შეუძლია იხილოს საბას 2018 წელს დადგმული სპექტაკლი „მარატ-სადი“., რომელიც ორჯერ, სხვადასხვა დროს საერთაშორისო ფესტივალს და თეატრალურ ფორუმს გასტროლით სტუმრობდა. (მხატვარი: თეო კუხიანიძე / მუსიკა: კონსტანტინე ეჯიბაშვილი)

მსოფლიო თეატრის ისტორია ინახავს, 1964 წელს განხორციელებულ პიტერ ბრუკისეული პეტერ ვაისის „მარატ-სადის“ ლეგენდარულ დადგმას <შექსპირის სამეფო დასისთვის / Royal SHAKESPEARE Company>. 1967 წლის ბრუკის “მარატ-სადის“ ეკრანული ადაპტაციის ადრიან მიტჩელის ვერსია კი დღესაც ინახება youtube channel-ზე.



სპექტაკლის სინოფსისი შემდეგნაირია:
„ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ-დე სადის ხელმძღვანელობით. მოქმედება საგიჟეთში ხდება, სადაც მარკიზ-დე სადი პაციენტების მონაწილეობით სპექტაკლს დადგამს.


შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის რევოლუცია გზა ბედნიერების, თანასწორობისა და სურვილების დაკმაყოფილების?“

იმ დროს, როცა სპექტაკლის პრემიერა შედგა, ჯერ კიდევ ახალბედა რეჟისორი, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესი რეჟისორული ინტუიციით ანაწილებს როლებს შემსრულებლებზე, და მსახიობების უმრავლესობაც აბსოლუტურად ითავისებს საკუთარ ამბავს., გნებავთ, შემოთავაზებულ ამოცანას.


რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ბაჩო ჩაჩიბაია, არა-მონოტონურ და სხვადასხვა სირთულის მქონე როლში გვინახავს; „მარატ-სადში“ ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჟან-პოლ მარატის როლს შესანიშნავად ართმევს თავს, როგორც ჩანს, >კარგი მსახიობის< სიძლიერე ყველგან შესამჩნევია ხოლმე! ისევე, როგორც >ძალიან ცუდ მსახიობს< ვერანაირი „შეკაზმვა“ ვერ აკეთილშობილებს.


ბაჩო ჩაჩიბაიას ნევრასთენიული, აკანკალებული ხმის ტემბრი, სხეულის უძრავი, დროდადრო კონვულსიური მოძრაობები ზუსტად გამოხატავს მისი გმირისა და მთლიანი ამბის ვექტორს. ისევე, როგორც ამირან ქაჩიბაიას მარკიზ დე სადი და ანი იმნაძის შარლოტა კორდე. ანი იმნაძე, თავისი თაობის ქალ მსახიობებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით შეუქმნია სხვადასხვანაირი სახე-პერსონაჟი განსხვავებული მისწრაფებებისა და ესთეტიკის მქონე რეჟისორებთან.


ნიშანდობლივად შესამჩნევია ანდრია ვაჭრიძე და მისი მაცნე. ბრწყინვალე სახე, პრაქტიკულად, მთელი წარმოდგენის დრამატურგიული სტრუქტურის ღერძი.
გივიკო ბარათაშვილის კულმიე, ტიპური კონფორმისტის და ყველა დროის ცენზორის ფსიქოტიპს გამოხატავს.

მოქმედ რეჟისორებს შორის, საბა უმთავრესად იმით ხასიათდება, როგორც არა სტანდარტული, რომ მას არ სჭირს მოურჩენლად მოდური სნობიზმი, ანუ ისტერიკული მიუღებლობა კრიტიკისა!


ის ისეთივე მშვიდი მიმღებია კრიტიკული აზრებისა საკუთარ დადგმებთან მიმართებაში, როგორც ხოტბის. სნობური დამოკიდებულებით, მხოლოდ უცხოური პრესიდან მიღებულ feedback-ზე, ან კიდევ, შედარებით ცნობადი ავტორების გამოხმაურებებზე არ კონცენტრირდება („ხურდავდება“).


“არ გიტყდებოდეს” შენზე უსიამოვნო მოსაზრების მოსმენა, აი, ესაა ხელოვანის/შემოქმედის უმთავრესი ღირსება, იყო მიმღები ძალიან კრიტიკული აზრის, ამტანი და გამტარიც ამავე დროს.

ტკბილად ნათქვამი სიტყვა ყველას გვსიამოვნებს (კრიტიკოსებსაც) - დისკომფორტული აზრების რეფლექსიაა რთული, კარგი გაგებით-რეზისტენტული და მნიშვნელოვანიც.

„მარატ-სადი“ - “თეატრი თეატრში” სტრუქტურით (ისევე, როგორც პიესა) დადგმული სპექტაკლია, ისტერიულობით, დინამიკით, ხმამაღალი ექსპრესიულობით რეკონსტრუირება-დეკონსტრუქციის ზღვარზე დგას.



 მეოცე საუკუნის გერმანელი დრამატურგის, პეტერ ვაისის პიესის მთავარი იდეა რევოლუციის აბსურდულობას ეფუძნება, მის ყოველმხრივ სკეპტიკურ გადააზრებას. პიესის ცენტრალური ხაზი კონფრონტაციულ კონტრდაპირისპირებას წარმოგვიჩენს: რევოლუციის აუცილებლობის იდეა - ჟან-პოლ მარატით გამოხატული და რევოლუციის აბსურდულობის იდეა - მარკიზ დე-სადის პერსონით გამოხატული.

ხალხი მუდმივ დაუკმაყოფილებლობას განიცდის ყველა ეპოქაში, რადგან სულ ატყუებენ, რევოლუციის იარაღად იყენებენ, „ცვლილებების საფარქვეშ“ აწბილებენ. ფაქტობრივად, ყოველთვის ხალხის ექსპლუატაციას აქვს ადგილი, სამაგიეროდ, ყოველ ჯერზე მოტყუებული, ისევ მშიერი, ტანისამოსის გარეშე და დაუცველია ადამიანი.

 ანიკო შურღაიას/სიმონ ევრარის მონოლოგის არ იყოს, გადასარევად ჩანს, რევოლუციის გზით, ხალხის მასების ძალით „ჩანაცვლებული“ ერთი სისტემა მეორე სისტემით(!). ხალხი კი, კვლავინდებურად სოციალურად უკმარია და ფეხშიშველი.


კულმიეს გმირის ძალიან დროული, მიზანმიმართული „ბრეხტისეული გაუცხოებით“ - ევფემისტური კორექტურა, სპექტაკლის დაპაუზების მცდელობები ხაზს უსვამს აწმყოს ძალადობრივი ცენზურის სამწუხარო ცხოველმყოფელობას და ერთგვარ ‘კომენტარს უკეთებს’ შარანტონის პაციენტების მიერ ყოველ ჯერზე გამოხატულ წინააღმდეგობრივ რეაქციას.

ანიკო შურღაიასა და ბაჩო ჩაჩიბაიას მიერ თავიანთი პერსონაჟების მიღმა წარმოთქმული ტექსტები, როგორც საბა ამბობს: „კონკრეტული პიროვნებების იმპულსებიდან შექმნილი მონოლოგებია, იმპროვიზაციულად რომ ახლდება პოლიტიკური და ადამიანური მოცემულობების რეაქციების გავლენით“. პრაქტიკულად, სპექტაკლში ეს მომენტიც, სწორედ „ბრეხტისეული გაუცხოების“ სტრუქტურის ირონიულად თამამი რეპრეზენტაციაა.
თავად მარკიზ დე სადის/ამირან ქაჩიბაიას ყველაზე მოცულობითი მონოლოგი სპექტაკლის იდეური ხაზის ძირეული რეფლექსიაა. ისტორიული წიაღსვლებით, თუ ემპირიულად დიდი ხნის წინ დამტკიცებული პოსტულატია: განმათავისუფლებელი, ანარქიული, რევოლუციური მოვლენების ტრადიციული დაქვემდებარება „ძალადობრივ სისტემებზე“, როდესაც, ერთი სისტემა ცვლის მეორეს, ისევ, ხალხის სუფთა განზრახვების ხარჯზე.


სწორედ გაბრაზებული, მუდმივად უკმაყოფილო, უიმედო ადამიანი არის ადვილად მოწყვლადი, რომელიც რეაქციონერულ წინააღმდეგობაში ეძებს შვებასა და თავის გადარჩენის გზას., თუმცა, სხვადასხვა დასახელების <კონიუნქტურული სისტემის> უნებლიე ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე, რომელსაც ამაოდ აჯერებენ, რომ „რეალობას ცვლის“.


ფოტო + საბა ასლამაზიშვილის.

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი და ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა



 „თბილისის საერთაშორისო სტუდენტურმა თეატრალურმა ფესტივალმა“ დიდხნიანი კოორდინაციის შემდეგ, 2023 წელს პირველად შეისხა ხორცი და მიუხედავად „დებიუტისა“, მაინც წელში გამართული წარსდგა ქართველი მაყურებლის, მოწვეული სტუმრებისა და დაინტერესებული პირების წინაშე.


აღნიშნული პლატფორმა უმთავრესად რელევანტურია საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულების სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით, ასევე, სამომავლო საერთაშორისო კოლაბორაციული კავშირების ხელშეწყობისა და ზოგადად, დარგის ინტერნაციონალურ რანგში, სტუდენტური პლატფორმების ურთიერთკავშირების დამყარების თვალსაზრისით.


ფესტივალის პირველ წელს, ქართულ სტუდენტურ სპექტაკლებთან ერთად, ორი ქვეყანა: პოლონეთი და რუმინეთი იღებდა მონაწილეობას. პოლონეთიდან, ეროვნული კინოს, ტელევიზიისა და თეატრის სკოლა ლოძიდან - სპექტაკლით „ანტიგონე ნიუ იორკში“; თეატრალური ხელოვნების ეროვნული აკადემიის, ვროცლავის ფილიალი - ბრწყინვალე სპექტაკლით „FESTEN/დღესასწაული”; ხოლო ბუქარესტის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტი „I.L. CARAGIALE” - სპექტაკლით “სრულიად დაკარგული“.


პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის შემადგენლობაში შედიან, თეატრმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი - ანასტასია ჩერნეცოვა, ფრანგი კრიტიკოსი - კაროლინ შატლე, ქართველი რეჟისორი და კომპოზიტორი - დავით საყვარელიძე და ჟიურის თავმჯდომარე - სახელგანთქმული პოლონელი რეჟისორი მაია კლეჩევსკა.


ჟიურიმ ობიექტური ვერდიქტი გამოიტანა ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე და დაწესებულ რამდენიმე ნომინირებულ კატეგორიასთან ერთად, შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ: საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში - გუგა ქაცარავა. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია მიენიჭა - არაჩვეულებრივ ანიკო შურღაიას.
ფესტივალის გრან-პრი აიღო, უდავოდ დამსახურებულად წარმოდგენამ - „Festen”.
ხოლო საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში აღინიშნა, დრამის ფაკულტეტის თეატრის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტის, გიორგი კაშიას „ირინეს ბედნიერება“... და აი, ამ გადაწყვეტილებას ყველა იზიარებს, ვისაც კი ეს დადგმა ნანახი აქვს. ფაქტობრივად, თითქმის არავინ დავობს.



თუ ეს სპექტაკლი ნანახი არ გაქვთ, მაშინ ვერ გაიგებთ, რას ვამბობ, პრაქტიკულად, ვერაფერს იგრძნობთ.


დამწყებმა რეჟისორმა შეძლო ის, რასაც ამ პროფესიაში და კინემატოგრაფიაშიც, სხვათა შორის, ხალხი მთელი ცხოვრება წვალობს და რეზულტატში მაინც ვერ აღწევს.
სტუდენტებისა (კესო დვალიშვილი, გუგა ქაცარავა, ანუკა შარია, ლუკა ჩიბუხია, გიგა აბულაძე, ნინი კვირიკაშვილი, ლაშა ქვაცაბაია, თამარ ყალაბეგაშვილი, ლაშა მორჩილაძე, ნიკა ნიკურაძე, გიორგი გელაშვილი, ნიკა თეთრაძე) და ერთი მსახიობისგან (ნოდარ მელაძე) შემდგარი „ირინეს ბედნიერება“ აბსოლუტურად ანსამბლური სპექტაკლია, (მხატვარი: ანი ბერიშვილი) არცერთი დეტალი არ მუშაობს უფუნქციოდ, ყოველი წვრილმანი ჰარმონიულ, შეიძლება ითქვას, პერფექციონისტულ სინერგიას ქმნის ორმოქმედებიანი სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე. (უფრო ზუსტად, 110 წუთის განმავლობაში).

როცა, ხელოვნების ნაწარმოები ბუნებრივად გკარნახობს, რომ მასზე მშრალი სქემატური სტრუქტურით არ იმსჯელო, მხოლოდ ემოციებსა და წარმოქმნილი გრძნობების კასკადს მიენდო(!..), აი, სწორედ ამგვარი ხელოვნების არსებობაა გამართლებული და შედეგიანიც; როცა ხელოვნების ქმნილება სრულიად გათავისუფლებს დაწვრილმანებისგან!..
კაშიამ სულ რომ არაფერი აღარ დადგას (ცხადია, ვუსურვებთ პროდუქტიულ შემოქმედებით ცხოვრებას და ველით მის ახალ დადგმას ილიაუნის თეატრში), „ირინეს ბედნიერება“ მის მიერ ნათქვამი <უნიკალური იდენტობის მქონე> ახალი სიტყვაა ქართულ, კლანური სუბორდინაციით გადატვირთულ სათეატრო სივრცეში!

არა, ავანგარდული ფორმებით, რისი მიღწევაც ამ საუკუნეში, ესე იგი ტექნოკრატიის ზენიტში უკვე მარტივია, არამედ ემოციათა უკიდურესი კონდენსაციით, რისი მიღწევაც კი, ყველანაირი კომფორტისა და მაღალი დაფინანსების პირობებშიც ძალიან რთულია! უმთავრესად, ამ მნიშვნელობითაა აღსანიშნავი კაშიას რეჟისურა; ხელშეუხებელი, აბსტრაქტული და ამავე დროს, ყველაზე ნამდვილი, სისხლსავსე ემოციებისა და შეუკავებელი გრძნობების პროვოცირების მაღალი ხარისხის <შექმნისთვის>.





თამამად შეიძლება ითქვას, მსგავსი შთაბეჭდილებით, ბოლო დროს ნანახი არცერთი სპექტაკლი არ დამიტოვებია, თვალზე „კინაღამ მომდგარი“ ცრემლებით კი არა, ცრემლიანი თვალებით..


მით უფრო, რომ კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (1897) ქართული დრამატურგიის ისტორიაში, საკმაოდ რთული, პრობლემატური, ფუნდამენტური და როგორც ჩანს, დღემდე ავადაქტუალური ტექსტია.



ქალის და მამაკაცის, გნებავთ, ნებისმიერი ინდივიდის ბედნიერების არჩევის გზაზე არავის აქვს ჩარევის უფლება! მათ შორის, ოჯახის წევრებსაც, დედ-მამაც „ვიღაც“ ხდება, როცა შვილის ბედნიერების არჩევანში რამენაირად ხელებს აფათურებს. რომ არაფერი ვთქვათ, ძალადობრივი გამოხატვის ფორმებზე; ნაძალადევ ურთიერთობებზე; დამღუპველ კომპრომისებზე; <შეყვარებულობის უსუსურობის> სევდიან თანაგანცდაზე და გარდაუვალ ფატალიზმზე, რითაც, ყოველთვის მთავრდება მსგავსი სახის/ტიპის პრობლემა!
ამხელა თემის სცენიდან აქტუალიზება კი, მხატვრულ ხარისხთან ერთად, ერთთავად პასუხისმგებლობას მოითხოვს - ჩვენი ქვეყნის „მენტალური მოწყობის“ პირობებში.



„თბილისის საერთაშორისო სტუდენტურმა თეატრალურმა ფესტივალმა“ 2023 წელს პანორამული სურათი შეგვიქმნა იმისა, თუ რამხელა პოტენციალი არსებობს დამწყებ მსახიობებსა და სტუდენტთა სეგმენტში, რომელთა ნიჭსა და შესაძლებლობებს დანახვა და ხელშეწყობა სჭირდება. ყოველი ფესტივალის კონცეფციური ვექტორი, შესაძლებლობების რეალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული. სწორედ, ამიტომაც მნიშვნელოვანია სტუდენტური თეატრალური ფესტივალის, როგორც პრეცედენტის სამომავლო ტრადიციად ქცევა, რათა ახალგაზრდების ენთუზიაზმს ფართო გზა გაეხსნას!..

ფოტო + ანა ბარჯაძის.

ქალაქის თეატრში - „ლინეინის სილამაზის დედოფალი“

ხშირად არც ისე მარტივია სახელოვნებო ნამუშევრით პროვოცირებული შთაბეჭდილებების ვერბალიზაცია... დიახ, ეს ფრაზა ამ შემთხვევაში მიემართება, ახალი...