Sunday 12 February 2023

ჩაშლილი თუ გამართლებული ინტერაქცია?



 ქართულ სცენაზე ინტერაქციის გაგება ოდნავ რთულ საქმესთან არის დაკავშირებული... საკმარისია საშემსრულებლო ხელოვნებაზე ბოლო ათწლეულის მონაკვეთზე დაკვირვება, რომ თამამ თვალსაჩინო ფაქტად მივიჩნიოთ, ბოლომდე ვერ განხორციელებული ინტერაქტივის მაგალითები, ან მიზნამდე ვერ მიყვანილი ინტერაქტივის მცდელობები...

საბოლოო ჯამში, ან ძალიან ინერტული, უსიცოცხლო, ძალაგამოცლილი და უადგილოა ინტერაქციული ჩართვები სპექტაკლებსა და „პერფორმანსებში“, ან კიდევ ზედმეტად აგრესიული, გადაჭარბებული და თქვენ წარმოიდგინეთ შეურაცხმყოფელიც კი...


ამ <შეურაცხმყოფელზე> რაც დრო გადის, სულ ერთი მაგალითი მახსენდება „ახალი დრამის ფესტივალიდან“ (10.09.2019) - თავის თავში აბსოლუტურად უწყინარი წარმოდგენა როგორ იქცა (შესაძლოა უნებლიე) ზღვარგადასულ პერსონალურ ზეწოლად პერფორმერის მხრიდან კონკრეტულ მაყურებელზე...


რატომღაც ჰგონიათ, რომ (ფორუმ თეატრის მიმეზისია ან ‘რაღაც მაგდაგვარი’) ინტერაქტივის გამოხატვის ფორმები, შემხებლობითი თუ არა-შემხებლობითი ინტერაქციულობა ყველა ხაზს უნდა კვეთდეს მაყურებელთან კომუნიკაციაში... ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მაყურებელი, როგორი სუპერ-ავანგარდისტი რეფორმატორიც არ უნდა იყო, არ არის მსახიობი და შენი ‘თამაშისა და თუ მაინცდამაინც პერსონაჟად გარდასახვის’ საყურებლად არის მოსული, და არა იმისთვის, რომ თავად გახდეს აქტორი, თუნდაც წარმოდგენის ნომინალური’ წარმმართველი; მაყურებელი - პირველ რიგში არის დამკვირვებელი და უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი ამბავი გაითამაშო მისთვის(!).

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი დაკვირვების ობიექტია პაატა ციკოლიას „მედეა s01e06“; პიესის ავტორი და რეჟისორი პაატა ციკოლია, მონაწილეობენ: გია ბურჯანაძე, ეკა დემეტრაძე, სანდრო სამხარაძე.


უმთავრესად აღვნიშნოთ, რომ სპექტაკლი იმ დღეს ვნახე, როცა „წინასაახალწლო აჟიოტაჟის“ გამო, ქალაქის ისედაც ინფრასტრუქტურული დისკომფორტი მეტად გაამწვავა სატრანსპორტო კოლაფსმა და გადაჭარბებულმა ხალხმრავლობამ „ნაძვის ხის“ სანახავად რომ მიიჩქაროდნენ. შესაბამისად, ვგრძნობდი, რომ რთული იქნებოდა საზოგადოებრივი ფუნქციონირების ინვოლუციის გზაზე - კონკრეტულ სანახაობას სრულად მიეჩქმალა დისკომფორტული შეგრძნებები.

პაატა ციკოლიას პერფორმანსული სტილის წარმოდგენის მთავარი ლაიტმოტივი ჩემი აზრით, გარდა იმ იდეოლოგიური ხაზისა, რასაც დადგმის ავტორი და დრამატურგი ტექსტით დემონსტრირებს არის, ჭარბი ინტერაქტიურობის მიღწევის მცდელობა.


ოთხი მოცეკვავე ქორეოგრაფიული ჩანართებით ანაცვლებს და მიჰყვება მედეას ციკოლიასეულ ვერსიას, რაც ალბათ, რეჟისორის აზრით, სრულიადაც აუცილებელი ენერგეტიკული მუხტის შემომტანი იყო... ამის უფლება ცხადია რეჟისორს აქვს, ისევე, როგორც დრამატურგ-ავტორს აქვს სრული უფლება, როგორი დეკონსტრუქციული ტექსტიც თავად სურს, თუნდაც პროფანაციული, ასევე კულტივაციური მითების დამანგრეველი - შექმნას.  

თუმცა აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საერთოდ არ ვიზიარებ ავტორისა და რეჟისორის ზემო ხსენებული ნაწარმოების/დადგმის შესახებ ადამიანთა გარკვეული ნაწილის სკეფსისს - რომლის მიხედვით, თითქოს კოლხი მედეას არქეტიპისა და ბერძნული მითის დესაკრალიზაციას აქვს ადგილი, მიმაჩნია, რომ ამგვარი ნეგატიური მიდგომა ამ ნაწარმოების მიმართ - გარდა იმისა, რომ დაუსაბუთებელია, ცალსახად ღიმილისმომგვრელიცაა.
ასევე ყველა ავტორს უფლება აქვს, სანახაობის დროს გამოყენებული სითხე ახლო პერიმეტრში მოასხას მსახიობის დახმარებით, ისროლოს ცომის გუნდები აქეთ-იქით (ამ ყველაფერს ამ წარმოდგენაში ადგილი არ ჰქონია!).



მაგრამ, არცერთ ავტორს უფლება არ აქვს, სითხე, ცომი, მსახიობის ბევრნაირი ემოციებისგან გამოწვეული (უკაცრავად და) ნერწყვები მაყურებელს შეახოს, იმიტომ, რომ ეს არაეთიკური და ამავე დროს არაჰიგიენურია - წერტილი.

ასევე ყველა ავტორს აქვს უფლება საკუთარი სიბრაზისა თუ პროტესტის რეალიზაცია მოახდინოს თავისი სანახაობით, მაგრამ მას ნაკლები უფლება აქვს, უფრო სწორად, უფლება არ აქვს მაყურებელს ირიბად და სინამდვილეში ძალიან ცხადად - შეურაცხყოფა მიაყენოს, უხერხულობაში ჩააგდოს და შეაშინოს. აი, ამის უფლება არცერთ ავტორს არ აქვს...(!)

სანდრო სამხარაძე (ბატონი თემურ ჩხეიძის სტუდენტი), რომელიც 2019 წლიდან გამოჩნდა ‘ავანსცენაზე’ ჯერ კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში, ერთ-ერთი ახალგაზრდა პერსპექტიული რეჟისორის გეგა გაგნიძის საკურსო სპექტაკლ „ბალიშის კაცუნაში“ - არის შესანიშნავი ‘მასალა’, როგორც მსახიობი უნივერსალი, არა მონოტონური და მრავალმხრივ დრეკადი - ერთგვარი ქარიზმის მქონეც.


პირადად მე სანდრო სამხარაძის თამაშის მანერის პროფესიონალურ ხელწერას მივუსადაგებდი - დიდებული ხელოვანის ენტონი პერკინსის სამსახიობო ოსტატობას.
მედეაში, მისი ერთი შეხედვით ეგზალტაციანარევი თან აპათიურ-ღიმილიანი გამომეტყველება უარყოფით დამოკიდებულებას არ იწვევს დამსწრე მაყურებელში, არამედ პირიქით, კეთილგანვეწყობით კიდეც წარმოდგენის ექსპოზიციურ ნაწილში, და როდესაც ძალიან მშვიდად, ამავდროულად მოულოდნელად აღმოჩნდება რამდენიმე წუთით ჩემს გვერდით - მის მოცინარე-უწყინარ მზერას ღიმილითვე ვპასუხობ.


ამ სახის არა-აგრესიული ინტერაქცია, ჩემი დაკვირვებით გაცილებით მომგებიანი, გადამდები და შედეგიანია, პრაქტიკულად რენტაბელურად მოქმედებს მაყურებელზეც და სანახაობის სტრუქტურაზეც...


მაგრამ, როცა სანდრო სამხარაძის პრინცი აბსირტო სცენიდან პარტერში დამცინავ ტონალობაში მიმართავს მაყურებელს - რომელიც ძალიან ფრთხილად, ხმამაღალი პრეტენზიის გარეშე ტოვებს სპექტაკლს, ვფიქრობ, მაინცდამაინც ეთიკური ვერ არის ამ „რანგის“ იმპროვიზაცია-სპონტანურობით გამოხატული კომუნიცირების მცდელობა <აუდიტორიასთან>.



და კვლავ პრინც აბსირტოს ინიციატივა კონკრეტულ მაყურებელთან, რომ ‘ლაივი ჩართოს’, „ჩართე ლაივი“, მართლა, მართლა ჩართე“... ამ სიტყვების მერე სანდროს გმირი მომენტალურად ბრუნდება სცენისკენ და არ ინტერესდება, იქნებ და მართლა ჩართო ლაივი მაყურებელმა?!. სიმულაციური ინტერაქტივია, დაახლოებით იმგვარი, როგორც „ინტერაქცია ინტერაქციისთვის“ ანუ „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ აბსტრაჰირებულ კონტექსტში, როცა უმიზნობის ფეტიშს აქვს ადგილი.

მართებულია, უხილავი და მოკრძალებული ხაზი არსებობდეს მოქმედი გმირის - როლის მიხედვით ‘სითავხედესა’ და ამ ‘თავხედურ სითამამეში’ მაყურებლის ირიბი და ბუკვალური ჩართვის მცდელობის ასპექტში...


„ინტერაქტიურობა“ - მაინცდამაინც უხეშობის დემონსტრაციულობა არ არის - სხვა რეჟისორების მაგალითებზეც!

ყველაზე გამართლებული ინტერაქციული კომუნიკაცია მაყურებელთან პირველ რიგში არის - ცოცხალი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, თავად მაყურებლის ზედმიწევნითი კონცენტრაციულობა - ნებისმიერი სანახაობის <დაწყების წამიდან დასასრულამდე>.

ფოტო: Khatu Psuturi Art


 

ტერზოპულოსის „ალარმე“, ანუ როგორია გემოვნებიანი ხელოვნება



 ყველანაირ <ხელოვნებას> ახასიათებს ძალზე არასახარბიელო თვისება, მის ქარცეცხლში ვითსკილასა და ქარიბდას შორის“ (დიდი ნიკო ყიასაშვილის კალამბურივით:.) - ეხვევა; სხვადასხვანაირი ტემპერამენტის, მისწრაფების, მაღალი ინტელექტის, დაბალი ინტელექტის, გემოვნებიანი, უგემოვნო, პროტექციის პირმშო-უნიჭო, პროტექციის პირმშო-ნიჭიერი, მემკვიდრული გადმონაშთების უმწეო მსხვერპლნი და ბოლოს, ხელოვნების ქარცეცხლში ეხვევიან ისინიც, ვისაც შემოქმედებითი უნიკალური უნარები, თვითმყოფადი ნიჭიერება, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი გადაფარავს და ყოველთვის ღიად იგრძნობა - ზემო ჩამოთვლილი გარემოებების გარეშე აქვთ!


ჩვენი ქვეყნის სათეატრო ბაზარს რაც შეეხება, აგერ უკვე მერამდენე წელია - სულზე მოუსწრებს ხოლმე შემოდგომობით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (და თან ორი ერთბაშად), რომლის მიმდინარეობის ფარგლებში - ხელოვნების ნათელი სხივი კრთის მთელი ადგილობრივი სახელოვნებო საზოგადოების გულებში! ხელოვნების ნათელი სხივი, რომელსაც ესოდენ დიდი შვება მოაქვს და არა, დილეტანტიზმითა და გაუთავებელი მიმბაძველობით ნაკვები, სამსახურებრივი ფორმალური მოვალეობის აღმნიშვნელი (და აქ კიდევ ბევრი ზედსართავის მოშველიება შეიძლება) „ხელოვნების კეთებისხშირად შემაწუხებელი მცდელობა.

2022 წლის 15-16 ოქტომბერს, თეატრის მოყვარულ და არა მხოლოდ, საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ენახა, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის - „GIFT“-ის ბერძნულ ფოკუსში, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე - ბერძენი თეატრის რეჟისორის, პედაგოგისა და მკვლევრის თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლი (Attis theatre) „ალარმე“ – (ალარმე პირდაპირი თარგმანით ნიშნავს განგაშს). კოსტიუმების მხატვარი: ლუკია, კომპოზიტორი: პანაიოტის ველიანიტის. ტექსტისა და სცენოგრაფიის ავტორი თავად რეჟისორია, ტექსტუალური ნაწილის ორიენტირი კი, სახელდობრ უნივერსალური, რადგან ის არ მოიცავს კონკრეტულ დროს, ენასა და ლოკალურობას, არამედ ინტერნაციონალური ჟღერადობისაა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის პასაჟებით აკინძული, ბილინგუალურად გადმოცემული... გარდა რეჟისორის მშობლიური/ბერძნული ენისა, დრამატული ტექსტი შეიცავს სარკასტულ ფრაგმენტებს ფრანგულ და ინგლისურ ენებზეც...
ალარმე“ - მარიამ სტიუარტსა (აგლაი პაპა) და ელისაბედ პირველს (სოფია ჰილსი) შორის ვერბალური - სასტიკი პაექრობის ერთსაათიანი დროის მონაკვეთია და მოგვითხრობს ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილის შესახებ; ყველა დროის უწყვეტი უბედურების შესახებ!.. ქალების სახით გამოხატული ბრძოლა სისხლიანი ძალაუფლებისთვის, რომლებიც გეგონება, რომ უსქესო არსებებს წარმოადგენენ და სპექტაკლის მსვლელობისას თანდათან მეტაფორად გარდაიქმნება - <უსქესობის ლავირებული ხაზგასმა> როგორც ნებისმიერი სქესისთვის ერთნაირი სიმწვავით დამახასიათებელი ავადმყოფური მისწრაფება, მაშასადამე მოურჩენელი სტიგმა...

ჩემი თვალთახედვით <შექსპირული ტრაგედიის დიდბუნებოვნების> მიღწევა, უდიდესი ძალისხმევისა და მასშტაბური ენერგეტიკული ატმოსფეროს შემქმნელის - რეჟისორის ნიშანდობლივი და ასე უიშვიათესი უნარია...
დიახ, ორი ქალი და ერთი მამაკაცი-მთხრობელი (დავით მაღალდაძე-მალტეზე), ენიგმატური სტატიკურობით, ზედმიწევნითი დისციპლინითა და სისასტიკით, ჩუმი ხმის ინტონირებით, ხანაც ხმამაღალი ხმის რეგისტრიდან ტირილსა და სიცილში გადაზრდილი ინტონაციით, ან კიდევ პროტაგონისტ ელისაბედის მშვენივრად მჭრელი/სექსუალური ვოკალის რამდენიმეწუთიანი ტირადა - დაუვიწყარ, შემაძრწუნებელ და ამავე დროს მიმზიდველ ენერგეტიკას ქმნის ერთსაათიან ქრონომეტრაჟში
...
კიდურების არმქონე მცოცავი პროტაგონისტები სცენაზე კვეთილ დიაგონალში, უსუსური, უუნარო სხეულების ალეგორიასაც გამოხატავენ... ბინძური ძალაუფლება, რომელიც ძირში კვეთს კიდურებს ყველა ტიპის იერარქიას და რომ სინამდვილეში უძრაობასა და ინფერნალურ სტაგნაციაში ამყოფებს <ძალაუფლებით მთვრალ> ქალსაც და კაცსაც, ანტიკურობიდან მოყოლებული დღემდე...


გეომეტრიული სიზუსტით გამოხატულ სტრუქტურაში მოქმედი გმირების ამბივალენტური და თან ძალიან ერთმანეთის მსგავსი პერვერზიული ბუნების, ვულგარული დაპირისპირების აპოგეა წარმოგვიდგება თვალწინ, როგორც ზოოლოგიური არქეტიპების - სტიუარტი/ვეფხვი და ელისაბედი/ლომის (კინაღამ) ჰომოეროტიკულობამდე მიყვანილი შერკინება, სადაც არავინაა გამარჯვებული და ორივე ერთნაირად კიდურებმოჭრილი-ამპუტირებულია... შესაბამისად, ვერც ფერტილურია და ფრიგიდულობის განცდით იტანჯება (ორაზროვანი კონოტაციით)!

 

სპექტაკლის ბოლო წამებში ქართულად ნათქვამი _„საით მიდიხარ? სად მიდიხარ?” - როგორც აბსოლუტური აპარტე, და შესაძლოა რიტორიკული თან ეგზისტენციალური კითხვაც მაყურებლისადმი, ესე იგი ფართო კონტექსტური მიმართვა ადამიანისადმი; დასაბამიდან დღემდე სამყაროში მცხოვრები ადამიანების მისია, ფუნქცია, მიზანი რა არის? - სად მივდივართ? რისთვის ვმოქმედებთ? რატომ ვარსებობთ საერთოდ? - მხოლოდ იმიტომ, რომ: ხან ვიცინოთ, ზოგჯერ ვიტიროთ, მერე ისევ ვიცინოთ და კვლავ ვიტიროთ(?!).
მსახიობების მაღალი საშემსრულებლო კლასი - მაყურებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ჰიპნოზურად გათანგულ მდგომარეობაში ამყოფებს. ერთ საათიანი <ვერბალური ფოიერვერკის> შემხედვარე ქართველმა თეატრზე შეყვარებულმა მაყურებელმა კარგად დაინახა, უკვე არაერთხელ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს - მაღალპროფესიონალ მსახიობს, რომელიც რეჟისორის მთავარი ღირსებაა!.. ნიჭიერი რეჟისორი, რეგალიებისა თუ საუცხოო უნარების მქონე და .. - ვერაფერს იზამს სპექტაკლის კონცეფციით თუ გვერდით შესანიშნავი მსახიობი (მსახიობები) არ ჰყავს!ვენ ვიხილეთ, სრული სერიოზულობითა და პათეტიკანარევი გულისამაჩუყებელი რევერანსების გარეშე - სარეჟისორო და სამსახიობო ოსტატობის 55 წუთიანი მასტერკლასი.

პანდემიის დროს ონლაინ - განსაზღვრული დროის მონაკვეთით გასაჯაროებული ტერზოპულოსისტროელი ქალებივინც ნახა, ის მიახლოებით მაინც ხვდება - რა სახის პროფესიონალთან და როგორი ენერგეტიკული ატმოსფეროს დიდოსტატთან გვაქვს შეხება...(!)

გადაპრანჭული პიეტეტის გარეშეც ძალიან ცხადია, რომ ტერზოპულოსის (უნიკალური) ინდივიდუალური მეთოდოლოგია, ვიზუალურ-სცენოგრაფიული <რაფინირებული სისადავე>, მსახიობთა ძლიერი ანსამბლი, ემოციათა თავდაუზოგავი კონდენსაცია, პედანტური დისციპლინირებულობა და კიდევ ბევრი რამ - მაყურებელში გრძნობათა რამხელა კასკადს უკეთებს პროვოცირებას... ჩემთვის გრძნობათა ამგვარი პროვოცირება მულტიკულტურულად მოიცავს - არისტოტელესეულ კათარსისსაც და ლემანისეული - პოსტდრამატული თეატრის მეტა-ენასაც

 



ფოტო: ფესტივალ “GIFT”-ის სოციალური ქსელის გვერდიდან.


ქალაქის თეატრში - „ლინეინის სილამაზის დედოფალი“

ხშირად არც ისე მარტივია სახელოვნებო ნამუშევრით პროვოცირებული შთაბეჭდილებების ვერბალიზაცია... დიახ, ეს ფრაზა ამ შემთხვევაში მიემართება, ახალი...