Sunday, 23 April 2023

აპლოდისმენტი - არამატერიალური ბენეფიტი ცოცხალი ხელოვნებისთვის


ცოცხალი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება, იქნება ეს: ოპერა, ბალეტი, დრამატული სპექტაკლი, პერფორმანსული სტილისტიკის წარმოდგენები თუ სხვა - უპირველესად იმისთვის იქმნება, რომ ცოცხალი აუდიტორიისგან ყოველი სანახაობის დასასრულს გამოიწვიოს მექანიკური რეაქცია, ამავდროულად, უპირობოდ პოზიტიური რეაქცია - ტაშით მიღებული სიხარულის განცდა, ერთგვარი ბენეფიტი (სარგებელი), არამატერიალური საფასური იმ შრომისა, რასაც მაყურებლის თვალწინ სჩადის მრავალფეროვანი და თავისთავში საკმარისად თვითმყოფადი მიმართულება ერთი, ორი, სამი და მეტი საათის მანძილზე...

აპლოდისმენტი არის აპრიორულად დადებითი რეაქციის ტოლფასი იმპულსი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, უკმაყოფილო მაყურებელს აპლოდისმენტის სურვილი არ უჩნდება!..
თუმცაღა, აპლოდისმენტის არსი, მისი კონოტაციის მიხედვით გულისხმობს - სასიხარულო, ბუნებრივად წარმოქმნილ (ან გამოწვეულ), იმპულსური სოციალური ჩვევის ტიპს.
ყველანაირი მაყურებელი, გარკვეულწილად იძულებით მარწუხში ექცევა, როცა ცოცხალი ხელოვნების დამკვირვებელი ხდება, რადგან მას განსაზღვრული დროის მონაკვეთში <ავალდებულებენ> ტაში დაუკრას, მაშინაც კი, თუ რომელიმე სახელოვნებო აქტი, მაგალითად სულაც არ აღძრავს ტაშის დაკვრის ‘რიტუალის’ სურვილს მასში...

როგორც სახელოვნებო დარგების მიმართულებებია სინგულარული და ინდივიდუმის კონსტრუქტზე აგებული, სუბიექტური პულსაციით ნაშენი, ასევეა მისი აღმქმელ-რეციპიენტის შემთხვევაში, რადგან შეუძლებელია ინდივიდებში გამუდმებით ერთი და იგივე რეაქციას იწვევდეს სხვადასხვანაირი მასალა.
რეალურად, აპლოდისმენტის წარმოქმნის იმპულსური რეაქცია, საკმაოდ ვოლუნტარული და არაერთგვაროვანია... ასე ვთქვათ, ნებელობითი აქტის კატეგორიაში მოიაზრება ჩემი მოკრძალებული აზრით.

მე ვფიქრობ, ცოცხალი ხელოვნების მიმართულებებისგან - ცოცხალი აუდიტორიის გათავისუფლება უპირობო აპლოდისმენტებისგან, ესოდენ საინტერესო / შესაძლოა ავანგარდული გამოცდილებაც ყოფილიყო.


წარმოვიდგინოთ; <აუცილებლობის პროტოკოლური ცენზის> გარეშე მიღებული აპლოდისმენტი, რაოდენ ღირებული <გასამრჯელო> იქნებოდა ხელოვნების მესვეურთათვის.
სხვათა შორის, ცოცხალი ხელოვნების შეფასების თვალსაზრისით, ეს იქნებოდა ერთგვარი საზომი კრიტერიუმიც. (ოდნავი ირონიით).


განსაკუთრებით მაშინ, როცა მთლიანად პლაგიატური სტრუქტურით აგებული და თვალში საცემად არათანაბარი შესაძლებლობების მქონე მსახიობთა ‘სპექტაკლები’, ან კიდევ, მეტად მრავალფეროვანი კონკრეტიზაციისთვის: ქალაქურ-ფანოღურ მოტივებზე შექმნილი, მათ შორის ჰიპერბოლური ტექნიკური შესაძლებლობების სიჭარბით გაკეთებული ‘სანახაობები’ მასაში უპირობო პოპულარობით სარგებლობს. მასის ‘ლიბიდოზე ჭკვიანურად’ გათვლილი ‘სპექტაკლები’, გარკვეულწილად ჩაგრავს შედარებით მაღალი ხარისხის პროფესიონალურ ნამუშევრებს(!). 


ამ მოცემულობით, ძალიან ლოგიკურია, რომ ხელოვნების სტიმულირების გზით ვერ იზრდება მაყურებლის თვალსაწიერი, მსოფლმხედველობის არეალი, ესე იგი აზროვნების მასშტაბი.
პროფესიულ ევოლუციას ვერ განიცდის “ხელოვნების კეთებას” მოწყურებული ინდივიდ(ებ)იც - განურჩევლად ასაკისა და ყოველ მომდევნო ცდაზე ჰიპერტროფირებულ ნაყოფს შობს შემოქმედების სახელით.      

                   

ცოცხალი ხელოვნებისგან განსხვავებით, არაცოცხალი ხელოვნება - (არაცოცხალი გადატანითი მნიშვნელობით ცხადია, მაგალითად, მაღალი რენესანსის პერიოდის ერთ-ერთი კვინტესენციის (cinquecento) მიქელანჯელო ბუონაროტის „დავითზე“ ცოცხალი და კონტრაპუნქტული დიდად არაფერი შექმნილა დღემდე!) ქანდაკება, ფერწერა, ლიტერატურა - აპლოდისმენტის მაჟორული ჟღერადობისგან ათავისუფლებს მის დამკვირვებელს...
ჩუმი რეფლექსიის წყაროა უმთავრესად.


ერთბაშად ინტროსპექციაა არაცოცხალი ხელოვნების ნიმუშებისგან მიღებული კათარსისი - შეიძლება ითქვას, რომ ნირვანის კონდიციის საპირწონეც... რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ცოცხალ ხელოვნებაზე, რომელიც დაუფარავად ითხოვს უპირობო ტაშს ყველანაირი მაყურებლისგან თუ მსმენელისგან.

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, არც ისე ფართო პუბლიკისგან გაღებული აპლოდისმენტი, ცხადია, უანგარო, გულწრფელი (ალბათ), გულისხმიერი რეაქცია და მადლიერების ნიშანია ამაღელვებელი სანახაობის დასასრულს.


- ხოლო, კითხვას თუ რამდენჯერ დაგვიკრავს ტაში ნაძალადევი რუტინის ტემპში?!
- მეტად სევდიანი პასუხი აქვს.

 


*მცირე სქოლიო:
ტექსტის მთლიანი სტრუქტურა ეფუძნება ჩემ პირად მოსაზრებებს და არ შეიცავს რიგი თეორეტიკოსი ან პრაქტიკოსი ავტორების კვლევების პერიფრაზირებებს.

 

No comments:

Post a Comment