რამდენიც არ უნდა იდავონ სახელოვნებო სფეროს სპეციალისტებმა, ფაქტი მაინც ერთია: მიუხედავად თეატრის დეფინიციური ინტერნაციონალურობისა, კინოხელოვნება გავრცელებადობის თვალსაზრისით თეატრზე მასშტაბურია.
თუკი კულტურის მკვლევრის, შესანიშნავი ფილოსოფოსის, ვალტერ ბენიამინის აზრს მოვიშველიებ: <კინო კვლავწარმოების მასობრივი მედიუმია> - შესაბამისად, გაცილებით კომერციულიც, ვიდრე თეატრი. ამდენად, თეატრი კიდევ მეტად ლოკალური ხდება, ვიწროვდება მისი რეალიზაციის სივრცე, როცა, მაგალითად, თბილისის თეატრების სიმრავლეში, სეგმენტური მაყურებლის უმრავლესობა მხოლოდ ერთ თეატრს ამოიჩემებს და რა პროდუქტიც არ უნდა შესთავაზონ, მაინც მხოლოდ იქ ივლის პერმანენტულად! აქ უკვე პრობლემა წარმოიშობა, უთანასწორო, არადემოკრატიული გარემო შეიქმნება, ფაქტობრივად, ერთი „თეატრის ავტორიტარიზმთან“ გვექნება შეხება... როცა კონკრეტული სახელდების თეატრი - არა ხარისხის ხარჯზე, (შესაძლოა, სრულიად არაპოპულარულ თეატრში გაცილებით მაღალი კლასის მსახიობი აღმოაჩინოთ) არამედ მარკეტინგული, ასევე ვიზუალურ-ინკრუსტირებული ‘უპირატესობის’ ხარჯზე სხვა თეატრებს უნებურად წაართმევს მაყურებელს.
კრიტიკოსის ერთ-ერთი ფუნქციაა, უთანასწორობის ნიველირებას ხელი შეუწყოს და ყურადღება გაამახვილოს ტრენდულობის მიღმა პერიფერიულ ლოკაციაზეც…
მაგალითად, 8 აპრილს დიდი სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში, ირაკლი გოგიას რეჟისურით - დონბასის ომის ქრონიკებზე დადგმული სპექტაკლი - „ცუდი გზები“ მორიგ ჯერზე ისევ გათამაშდა, რომლის პრემიერა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის პარალელურად შარშან მაისში გაიმართა.
პიესის ავტორია უკრაინელი დრამატურგი - ნატალია ვოროჟბიტი; მხატვარი - ანა ქობულაშვილი, ირაკლი ბილისეიშვილი; როლებში - სოფია სებისკვერაძე; გიორგი გასვიანი; ოთო ჩიქობავა; მამუკა მაზავრიშვილი; თამარ ბეჟუაშვილი; თეკლა სულაქველიძე. დადგმაში ჟღერს ჯგუფ Dakhabrakha-ს მუსიკალური ვარიაციები.
სპექტაკლი შესაძლოა აღვიქვათ, არა მხოლოდ მიმდინარე ცხელი ომის ძალიან მკაცრ საილუსტრაციო მაგალითად, არამედ წარმოდგენას გლობალურობის კვალიფიკაციაც მივანიჭოთ. საგულისხმოა, რომ ომის მიმდინარეობის პირობებში, ყველა ეპოქასა და ქვეყანაში იდენტურად ამაზრზენი სცენარი მოქმედებს...!
ზუსტად ანალოგიური სიმწვავე აქვს მკვლელის ბინძურ ზრახვებს - ნებისმიერ დროსა და სივრცეში, ამასთან ერთად - პიესის მიხედვით აღწერილი ჩაგრული ერის ბედიც იდენტური უბედურების ქრონოლოგიას გადის: შიმშილით, ოჯახის წევრების დაკარგვით, გაუპატიურებით, ღირსების შელახვით., როდესაც ომია!
„ხელოვნებას შეუძლია თუ არა ადამიანის ცხოვრების შეცვლა“ - ესაა ერთგვარი „კითხვითი თეზა“, და ზოგადად, საკითხის ამგვარი დისკურსული მსჯელობაც უხეში ინვერსიული ცდომილებაა, ვინაიდან ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად კალაპოტს ვერ უცვლის მეორე ადამიანის სიკვდილიც კი, და რასაკვირველია, ხელოვნება ვერ შეცვლის ადამიანის ყოფას, ვერ დაიქვემდებარებს მის ვიტალურ მოთხოვნილებებს.
ხელოვნება თუკი არ ცვლის რეალობას, მაშინ რის მიღწევა შეუძლია? რა ფუნქცია აქვს?!.. მგონია, რომ ხელოვნებამ ის სოციალური გარემო უნდა დაგვანახოს ოდნავი, ხან შორი დისტანციიდან, რომელშიც ვცხოვრობთ, კონკრეტულმა სახელოვნებო აქტმა უნდა გვაჩვენოს როგორები ვართ სიხარულსა და უბედურებაში, ხოლო შეიცვლის თუ არა ადამიანი საკუთარი ეგოცენტრიზმის რაკურსებს, ან კიდევ, პრაქტიკული თვალსაზრისით რა მასშტაბის თვით-რეფლექსიას გამოიწვევს, ეს უკვე ხელოვნების კომპეტენციას სცილდება...
ამდენად, ხელოვნება, და მათ შორის, თეატრალური სახელოვნებო აქტი გვიყვება - ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ დიდ უბედურებაზე - ომზე.
დანის პირზე გასავლელი საკითხია, რამდენად შესაძლებელია თეატრმა რეალობის ავთენტურობის სწორი გრადაცია მოახდინოს, რომ იყოს არა-მომაბეზრებელი, ასატანი და დამაბალანსებელი. გოგიას რეჟისურას ამ სპექტაკლში სტილისტური ბალანსი დარღვეული აქვს, თუმცაღა, რამდენიმე საგულისხმო ნიშნული მაინც შეიძლება აღინიშნოს.
უკრაინელი დრამატურგის მიერ მიმდინარე ომის ეპიცენტრში, დონბასში აღწერილი ამბების კოლაჟები - ადამიანის დაუნდობლობის, უსუსურობის, მოურჩენელი სირცხვილისა და ტკივილის ნამდვილად სასტიკი მაგალითებია. დადგმის ავტორს ტექსტი თამამი, ობსცენური ლექსიკით გამოაქვს სცენაზე, რითაც ომის აღქმის სიმწვავე კიდევ მეტად მძაფრდება შექმნილ ატმოსფეროსთან ერთად. ატმოსფერო ხაზგასმით - ომის ბინძურ აურას მაქსიმალურად უახლოვდება. და ეს მომენტი - „მაქსიმალურად მიახლოებისა“, ერთი მხრივ, დადებით ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელოვნება, სწორედ <აბსოლუტური ავთენტურობის> ტრანსფორმაციებს, ანუ მრავალგვარ ვარიაციებს მოიცავს, მით უფრო, ცოცხალქმნადი საშემსრულებლო თეატრალური აქტი. მაშასადამე, რაც არ უნდა დაუოკებელი სურვილი გვწვავდეს კინოხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის - პაზოლინის „სალოს“ ესთეტიკასთან გათამაშების, (ერთეულებს გამოსდით მხოლოდ, მაგალითად, თავად პაზოლინის!..) სულ ცოტა დელიკატურობას ყველანაირ სისასტიკეშიც კი ავტომატურად გულისხმობს სახელოვნებო ენა, თუნდაც, იმიტომ რომ ხელოვნებაა, და არა იურისპრუდენციის ან მედიცინის დისციპლინა!
დაუნდობელი სისასტიკე, რასაც წელიწადზე მეტია ვისმენთ მედია საშუალებებით, ვუყურებთ და წარმოვიდგენთ საკუთარ წარმოსახვაში, ამ ყველაფრის მშრალი სიზუსტით გადმოტანა, პირდაპირ შაბლონისა და უხარისხო სქემატურობის ტყვეობაში გაქცევს! სამწუხაროდ, ფორმალიზმის ზედოზირებას ვერ გაექცევი. რასაც ვერ ასცდა ვერც ეს დადგმა.
ცხადია, ორი აზრი არაა, რომ უკრაინელი დრამატურგის, ნატალია ვოროჟბიტის მიერ პიესაში მონათხრობი ამბები, ერთი დიდი შემზარავი რეალობაა! აქ დავაც კი უხერხულია, თუ რომელი მხარე მეტად ან ნაკლებად ცოდვიანია, აგრესორი - ოკუპანტი რუსეთი, თუ ჩაგრული ერი - უკრაინელებისა! სიმართლე ძალიან ცხადი-ერთადერთია!
აგრესორი ქვეყნის მხრიდან განხორციელებული მილიტარისტული იერიშები, ანექსირებულ მხარეს ყოველთვის ასახიჩრებს მენტალურად და ფიზიოლოგიურად! ფიზიკურად ანადგურებს, ან თუ ცოცხალს ტოვებს, ფსიქიკურად სამუდამოდ ლაბილურს ხდის!.
სპექტაკლი გარდა ვერბალური ქსოვილისა - ნონვერბალურ ქარგაშიც ერთმნიშვნელოვნად პოზიციონირებს ოკუპანტი მილიტარისტული დაჯგუფებისადმი ლატენტურ სიბრალულს, მის გაუფასურებულ იდენტობამდე მიყვანილ სტიგმატურ არაპროდუქტიულობას, რაშიც მოიაზრება რომ ის, ვინც კლავს - აგრესორი/ოკუპანტი მენტალურ დონეზე არაჯანსაღია, სითბოს, მზრუნველობასა და სიყვარულს მოკლებული, მაშასადამე იდეოლოგიურად მარტივად მართვადი!
შთაბეჭდილება რჩება, თითქოს წარმოდგენა დასკვნით ნაწილშიც განგებ აქცენტირებს დამნაშავისადმი სიბრალულის აღძვრის მცდელობას მაყურებელში. მაგრამ, აქ არსებობს ერთი დიდი მაგრამ: ვერანაირი პრეისტორია, სიბრალულის გამომწვევი წინაპირობა - ვერაფრით გააბათილებს, თუნდაც ერთი ადამიანის სამუდამოდ გაუბედურებას!..
- ვერაფერი გააბათილებს ბავშვების გენოციდს!
- ვერანაირი პრეისტორია ვერ გააბათილებს ადამიანების დაშორებას, რომლებსაც სამყაროში ერთმანეთი ყველაზე მეტად უყვართ(!).
No comments:
Post a Comment