Saturday 13 November 2021

ჟან-პოლ სარტრის „No Exit“, ანუ სულთა პერფორმანსი ჯოჯოხეთიდან

                                                                            


ვიდრე, ძველგაზრდები სფეროში დიდი ხნის წინ “ადაპტირებული გავლენებით” იწონებენ თავს, ხოლო ახალგაზრდა თეატრალების შეკავშირებული ჯგუფები კი, გავლენების მოსაპოვებლად ახალ-ახალი შემოსაზღვრული სივრცეების გახსნითა და საკუთარი მაიდენტიფიცირებელი არტეფაქტების შექმნით არიან დაკავებულნი, ან კიდევ ზოგი, სენსაციური და სინამდვილეში საკმაოდ პროფანული თემების ირგვლივ ქმნის წარმოდგენებს, ან კიდევ თეატრალური ტერიტორიის რადიკალური ცვლილებით ცდილობს მაყურებლის „გაოცებას“...

ამასობაში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის რეპერტუარში, ახალგაზრდა თეატრის რეჟისორის გიორგი ჩალაძის, პერსპექტიული თეატრალური ხელწერით შექმნილ სპექტაკლს შეხვდება ქართველი მაყურებელი და არა მარტო ქართველი მაყურებელი...

ფრანგი ფილოსოფოსის, ლიტერატურის კრიტიკოსის, და რაღა თქმა უნდა, დრამატურგის, ეგზისტენციური ფილოსოფიის ერთ-ერთი ლიდერის, (სარტრთან ერთად უთუოდ უნდა ვახსენო, ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელი კირკეგორი, კამიუ, ჰაიდეგერი...) ჟან-პოლ სარტრის 1944 წელს დაწერილი პიესა „No Exit”, რომლის მეტად გავრცელებული თარგმანია „ცხრაკლიტული“., გიორგი ჩალაძის რეჟისურით პირველი საპრემიერო ჩვენება გაიმართა, პანდემიის პირველ დეკადაში, თეატრალური პროცესების სრული სტაგნაციის პერიოდში - ციფრული ფესტივალის Mooz-art-ის ფარგლებში, მოზარდმაყურებელთა თეატრთან კოლაბორაციით. ფესტივალი მიმდინარეობდა ამბასადორ კაჭრეთის ტერიტორიაზე - ღია ცის ქვეშ.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ამავე ფესტივალის გამარჯვებული - საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, სწორედ გიორგი ჩალაძეა აღნიშნული ნამუშევრით.

სამი, ერთმანეთისგან სრულიად უცნობი სული, სიკვდილის შემდეგ, ერთსა და იმავე სივრცეში აღმოჩნდება... ჟან-პოლ სარტრის კონცეპტის მიხედვით, ინფერნალურ ადგილას, ანუ ჯოჯოხეთში...
შემოსაზღვრულ ლოკაციაში მოქცეული სამი პერსონაჟი: ფიზიკურ ცხოვრებაში - პუბლიცისტი გარსენი (ნიკა ჩხაიძე, ნიკა ფაიქრიძე);
ფოსტის თანამშრომელი ინესი (თამარ მამულაშვილი);
და ახალგაზრდა მიმზიდველი ქალი ესტელი (ხატია მელქაძე) - ამიერიდან, ერთმანეთს  ვეღარასდროს თავს ვერ დააღწევენ.

 პერსონაჟების მეტაფიზიკურ განზომილებაში მოქმედება, ანალოგიაა მათივე ფიზიკური ცხოვრების. ისინი ზუსტად ისე აზროვნებენ, სტყუიან, ერთმანეთს ექიშპებიან, სამარცხვინო სიმართლეს სიცრუით აკეთილშობილებენ, როგორც ვიტალური ცხოვრების პერიოდში...

ფაქტობრივად, ეს მოცემულობა, რასაც ნაწარმოები და მისი სცენური ხორცშემსხმელი რეჟისორი გვთავაზობს - ერთგვარად, ობსესიურ სინამდვილეს გვაჩვენებს, რომლის ამოკითხვა მკაფიოდაა შესაძლებელი.
ადამიანების სულები, ირეალურ სამყაროშიც ისეთივე ცბიერებად, მეამბოხეებად, დაუოკებლებად, კომპლექსიანებად, ინფანტილურებად და მიზანთროპებად რჩებიან, როგორც ონტოლოგიურ სამყაროში.

აქ-ამ მიზანსცენაში არ არსებობს „ორმაგი სტანდარტი“, ყველაფერი ცალსახაა.
ყოველი ქმედება ჩადენილი ცოდვების დამალვისა და სულების გაკეთილშობილების დამაშვრალი მცდელობაა...
 ადგილი, სადაც ჩვენს კონცენტრაციაში მოქცეული სამი სული თანაარსებობს - ჯოჯოხეთია, ძვ. ბერძნულ მითოლოგიას თუ დავესესხებით „ჰადესის“ სამფლობელო, სადაც არაფერია დაფარული, სხეულებრივი ვნებებისგან ნაწილობრივ გამოთავისუფლებული სულები, აბსოლუტურად შიშვლები წარმოგვიდგებიან... რაც, გარკვეულწილად, სტოიკური ვნებებისგან დეკონსტრუქციასაც ნიშნავს.

ინფერნალურ ვაკუუმში გამომწყვდეული მშფოთვარე სულები, ონტოლოგიური ცოდვებისადმი რეზისტენტულობის მიუხედავად, ისევ თავად ახდიან ფარდას - ძალადობრივი კატეგორიის, სასტიკ ქმედებებს.

ჟოზეფ გარსენი - ცოლზე მოძალადე და პაციფისტის სახელს ამოფარებული მშიშარა დეზერტირია, რომელიც დახვრიტეს. მას დეზერტირის ხსენებაც კი შიშს გვრის... და, აი, აქ ჩვენ შეგვიძლია, ადამიანის ფსიქოლოგიური შტრიხი ლაპიდარულად გამოვკვეთოთ: ადამიანებს, ძირითადად იმის შიში აქვთ, რაც ქვეცნობიერში დაბუდებულა, ან რაც დაუფარავად სჭირთ, ხოლო მომენტალური „პედალირება“ სხვის მიერ, მათში მექანიკური უარყოფის სურვილსა და აგონიურ ისტერიკას იწვევს...

პერსონაჟი ინეს სერანო - ლესბოსელი ქალის ტიპაჟია, დუალური გრძნობათა ბუნებით, თითქოს მას კაცებიც იზიდავს, თუმცა ქალების დაპყრობის ჟინს ჰყავს შეპყრობილი. ინესის ვნებათაღელვამ მეგობარი გოგონას ლეტალობა გამოიწვია, ხოლო თავად ინესი კი, ტრაგიკულად ბუნებრივი აირით გაიგუდა.

სიფრიფანა, ესთეტური და რაფინირებული მანერების მქონე ახალგაზრდა ესტელ რიგო - მთელი ცხოვრება ქმარს ღალატობდა, მერე კი, ახალშობილი შვილი საკუთარი ხელებით მოკლა... მას კი პნევმონიამ მოუსწრაფა სიცოცხლე.

სამივე გმირის სული, ერთმანეთისგან დიაკრიტიკულ ტიპაჟებს გვიხატავს, თუმცა საერთოც აქვთ, ეგოცენტრული, დაუოკებელი სწრაფვა სინამდვილის „გაესთეტიკების“, და ერთმანეთის ჩაგვრისადმი ორიენტაცია...

ინეს სერანო (თამარ მამულაშვილი), განსაკუთრებული ექსპრესიულობით ცდილობს სიმართლე ათქმევინოს დანარჩენ მოქმედ გმირებს… მისი გმირი ყველაზე რეაქციონერი, ცბიერი და დინამიკურია, თამარ მამულაშვილის მიერ, სხვადასხვა ინტონაციურ რეგისტრში რეფრენად გაჟღერებული სიტყვები: „რა ლამაზი ხართ ქალბატონო, ყვავილები რომ მქონდეს მოგართმევდით“ - მიმზიდველი დიქციით ჟღერს, შედეგად მაყურებელს ხიბლავს მსახიობის თამაშის ინდივიდუალური მანერა, ზედმეტი კომუნიცირებისგან დაცლილი და თან ყველა თეატრალური ნიუანსით შემკობილი მანიპულაციით რომ ახდენს კონკრეტული გმირის სათქმელის რეპრეზენტაციას...

მაყურებელი წარმოდგენას მოზარდმაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე, საკმაოდ ახლო ხედით ადევნებს თვალს... წრიულად განლაგებული სკამები, თვალ-ყურის მდევნელთა სამყოფელი მთლიანად, თითქოს განგებ შემოსაზღვრავს „No Exit”-ის სამოქმედო არეალს.
წარმოდგენილ პანორამასა და მაყურებელთა წრიულ ხაზს, მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჯალათის პროტოტიპში გადაწყვეტილი გმირი გამუდმებით წრეს არტყამს. (მსახიობი, გიორგი ჯიქურიძე)
სპექტაკლის მხატვარია ანანო დოლიძე; მუსიკალური გამფორმებელი - ია გოგიშვილი. 
(Sweet Dreams-Marilyn Manson: Pergolesi - is stabat mater.) ქორეოგრაფი - გია მარღანია.

ერთგვარი აპარტეა მაყურებლისადმი - (Digital Projection)ციფრულ პროექციაზე გამოსახული „ბაყაყი ფროშის“ სამეცნიერო ექსპერიმენტით მოყოლილი სპექტაკლის დასაწყისი ნაწილი, რომელიც მიზანმიმართულად რამდენჯერმე მეორდება... და განგებ აქცენტირდება სენტენციური პასაჟით მთლიან პუბლიკასა და საზოგადოების მეინსტრიმულ სოციალურ სეგმენტზე...

„ბაყაყ ფროშს“ თუ შემგუებლობა-ადაპტაციის უნარი, ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ გამოუმუშავდება.., ჩვენ, ადამიანებს, მსგავსი საგანგებო ექსპერიმენტის გარეშე - გვხარშავენ საკუთარი მიზანსცენით დაწერილ გეგმაში, რომ შედეგად, არათუ რეფლექსიის უნარი, არამედ წინააღმდეგობის გაწევის ან ამბოხის სურვილიც არ გვიჩნდება.
ჩემი თვალთახედვით, აღნიშნული ფრაგმენტი მთლიანი სპექტაკლ-პერფორმანსის იდეური ღერძი და ლაიტმოტივია.

21-ე საუაკუნეში მცხოვრები ადამიანების კოგნიტური და ფიზიკური შესაძლებლობისთვის სივრცე, იმდენადაა შევიწროებულ-შემოსაზღვრული, როგორც ეს, უმეტესწილად უმაღლეს ხელისუფალს სურს ხოლმე. ამიტომ, ძალზე სამწუხაროდ, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში მცხოვრები ადამიანები, იმის მაგივრად, რომ იყვნენ თავისუფლები - არჩევანის, საკუთარი ნებელობის, გამოხატვის, ქმნადობის, სურვილებისა და რაციონალურობის ასპექტებში, არიან შებორკილები, მარიონეტებს დამსგავსებულნი და უუნაროდ ხელ-ფეხ შეკრულნი... ერთგვარი პარადოქსია ამ საუკუნის, თუმცა, ამავდროულად ცალსახა ფაქტიც!..
 ნებისმიერი სახის ცენზურას, თავისუფალი ნების შეზღუდვას, ყოველთვის მოჰყვება, არადემოკრატიული, ობსტრუქციული და მოფაშისტო ელემენტების (ევფემიზმით რომ ვთქვათ!) ძალაუფლებისთვის დაუოკებელი ბრძოლის პროცესი.

მსგავს ისტორიულ მომენტში, ყოველთვის, კონტრ-დაპირისპირებული მხარეები ჩნდებიან ხოლმე საზოგადოებრივ-სოციალურ-პოლიტიკურ ველზე და იწყება, ციკლურად დაუსრულებელი ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად,.. ამ დროს ხალხის ხმა სრულიად დაკარგულია და მათი გულის ფეთქვა არსაიდან ისმის... ადამიანი, მარიონეტის პრინციპით, კონიუნქტურულ ჩარჩოშია მოქცეული და გამუდმებით „არჩევანს“ აკეთებს. სინამდვილეში, ორი, არსობრივად ერთმანეთის მსგავსი ‘შემოთავაზებიდან’ ერთ-ერთს ირჩევს...
უკეთ, რომ განვმარტო, ეს დაახლოებით გავს, რიგით ენობრივ ერთეულს - პლეონაზმს, - რომლის დეფინიცია ზუსტად გამოხატავს დღევანდელი სოციუმის დაუსრულებელი ვარამის არსს... ორი, ერთმანეთისგან, ტრაფარეტულად, ვითომ სხვადასხვა „დასახელება“-ბიპოლარული მხარე, სინამდვილეში, კი, შინაარსით აბსოლუტურად იდენტური და ერთმანეთისგან განურჩეველი...

ჟან-პოლ სარტრის “No Exit”, ჩემთვის არის, სწორედ მიკრო-დრამატურგიული მაკეტი, ადამიანის მარადიული ეგზისტენციური ჩიხის/კრიზისის შესახებ. რამეთუ, ადამიანი, რეალურად, ყოველთვის მახეშია გაბმული, ხან რომელიმე დაპირისპირებული, დიქოტომიური მოძრაობების მხრიდან, ხან კონტრ-იდეოლოგიურ მარწუხებშია, ხან კიდევ პატერნალისტურ და კონსუმერულ დოგმებში კარგავს თავს და კიდევ ბევრი სხვა...

ფაქტობრივად, ეს ეგზისტენციალური ჩიხი, არის მკაცრად შემოსაზღვრული ვაკუუმი, სწორედ იმგვარი, როგორშიც ზემო ხსენებული წარმოდგენის პერსონაჟები მოძრაობენ, საიდანაც თავის გათავისუფლების მცდელობა ამაოა, რადგან თავს ვერასდროს ვერაფრით დააღწევ... სულ ამ „შემოსაზღვრულ ვაკუუმში“ იქნები ამიერიდან, ხოლო ყოველი ქმედება ეფემერულია. ციკლურად დაუსრულებელ პროცესს, ხომ არასდროს აქვს ბოლო აკორდი, მუდმივ რეგენერაცია-განახლებას განიცდის! ზუსტად ისე, როგორც არასდროს ექნება სასრული „ცხრაკლიტულის ტერიტორიის“ ვნებათაღელვას.

ჟან-პოლ სარტრის დედუქციური მსჯელობის შედეგად მიღებული, ერთგვარი აქსიომაა - “ჯოჯოხეთი ეს სხვებია“, ჩემი აზრით, კონტრ-ფრაზა იქნება, (რა თქმა უნდა, ჰიპოთეზური!) „ჯოჯოხეთი ეს სხვები კი არა, ჩვენ ვართ“... საკუთარი ჯოჯოხეთის დემიურგები ინდივიდუალური პერსონები არიან, როგორც პირად, ისე საზოგადო კონტექსტში... და რომ, „სხვებზე“, ირაციონალურ, აბსტრაქტულ და გარე ძალებზე <პანიკური სინამდვილის> გადაბრალება, ყოველთვის მცდარი და უხერხულია
.

No comments:

Post a Comment

ქალთა ემანსიპაციის შეუძლებლობა პატრიარქარიზმში

როდესაც კამერულ სტილში თამაშდება ერთმოქმედებიანი სპექტაკლის მთელი აქტი, გნებავთ აქტნახევარი, პირდაპირი ვალდებულებაა დადგმის მესვეურებმა გაით...