Thursday, 4 November 2021

იბსენის ფსიქო-დრამის უახლესი ინტერპრეტაცია

 


კრიტიკოსის ერთ-ერთი თავდაპირველი ფუნქცია მაშინ ვლინდება, როცა ის ირჩევს ავტორს - ვისზეც წერს, ან ირჩევს ნაწარმოებს, რომელიც აინტერესებს კონტექსტურად, ან კიდევ, როცა  ორივე ერთად - ავტორიც და მისი ნაწარმოებიც თანაბარ ინტერესს იწვევს მასში... ხოლო, კრიტიკოსის აზრები, ჩემი სუბიექტური ხედვით, რასაკვირველია, სულაც არ ნიშნავს ავტომატურ, გნებავთ „კანონზომიერ კონსონანსს“-თანხვედრას ნაწარმოების, ანუ ჩვენ შემთხვევაში რეჟისორის კონცეფციურ პრინციპებთან თუ უპრინციპულობასთან...

ვინაიდან, ის(კრიტიკოსი) არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესის ავტორი, როგორც შემფასებელ-ანალიზატორი - ნებისმიერი სახის სახელოვნებო ნაწარმოების ირგვლივ...

საბა ასლამაზიშვილი, ის თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორია, რომელსაც მომენტალურად და მოქნილად შეუძლია ერთი თემატიკიდან, სტილისტიკიდან გაბედულად გადავიდეს დიამეტრულად სხვა სტილისტიკის ატმოსფეროს შექმნაზე: მაგალითად, მოლიერიდან ბრეხტულ სინთეზურ-ექსპერიმენტულ დადგმაზე და მერე ნორვეგიულ კლასიკურ ფსიქო-დრამაზე...

ნორვეგიული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლებს შორის, თანამედროვე მკითხველს, პირველ რიგში კნუტ ჰამსუნი და ჰენრიკ იბსენი ახსენებს თავს და მე სწორედ, ამ უკანასკნელის, იბსენის დრამატურგიულ ნაწარმოებზე - სოციალურ ფსიქო-დრამაზე „მოჩვენებები“ შევაჩერებ ყურადღებას და საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმულ ამავე პიესის ინტერპრეტაციაზე - თავისუფალ თეატრში.


იბსენის აღნიშნულ დრამას მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩვენ თანადროულობამდე საკმაოდ დიდი ინტენსივობით დგამენ.


დიდი ინტენსივობით დგამენ და იქნებ იმიტომ რომ, მასში იმ პრობლემათა ჯაჭვს ხედავენ და კითხულობენ, რომელიც ადამიანს მუდმივად აწუხებს და კვლავაც შეაწუხებს, ააღელვებს.
ვინაიდან, ყოველთვის ააღელვებს მშობელს შვილის ავადმყოფობა; შვილს მშობლის კონსერვატიულობა; სიცრუე; ფარისევლურ-მლიქვნელური დამოკიდებულებები ურთიერთობებში, ან კიდევ ფანატიზმსა და ერეტიკულებამდე მისული „დოგმატური რწმენის“ კულტივაციის საკითხები.


ნარკომანია, ინცესტი, შვილის მშობლებთან მარადიული კონფლიქტი, მემკვიდრეობითობით გამოწვეული კომპლექსები, ატავიზმის სტიგმები, და კიდევ მრავალი ლატენტური შრე შეიძლება ამოიკითხოს, ცხადია, ხსენებული ეგზოგენური კონფლიქტური სტრუქტურების მიღმა თითოეულმა მაყურებელმა, თუ თავად მხოლოდ პიესის მკითხველმა „მოჩვენებებში“; რადგან „მოჩვენებები“ სკანდალურ პიესადაც ითვლება დრამატურგიის ისტორიაში, რომელიც სრულიად სამართლიანად, მათ შორის ჩემშიც - ხან შექსპირულ ტრაგედიასთან, ხან კი ანტიკურ დრამებთან კონტამინაციებს იწვევს...
 

ფრუ ალვინგი - (ანი იმნაძე), მისი შვილი ოსვალდი - (გივიკო ბარათაშვილი), პასტორი მანდერსი - (აჩიკო ბარათაშვილი), დურგალი ენგსტრანდი - (სლავა ნათენაძე), და მოსამსახურე გოგო რეგინა - (ვიქტორია ბოკერია) დამაკმაყოფილებელი კონტრაპუნქტულებით გაითამაშებენ შემოთავაზებულ დრამაში არსებულ პერიპეტიებს მაყურებლისთვის, და თან იმდენად შეწყობილ-კონვენციურად, რომ მაყურებელი მაინცდამაინც არ იღლება ორმოქმედებიანი სპექტაკლის მიმდინარეობის მანძილზე და ყურადღებას უნებლიეთ არ აკლებს წარმოდგენის მსვლელობას...


ჩემი აზრით, განსაკუთრებით რთულია, თუნდაც ხანდაზმული გამოცდილების მქონე რეჟისორებისთვის, (და ამის მაგალითები უახლეს ქართულ თეატრს მსუყედ აქვს!) რომ ფსიქოლოგიური დრამები იმგვარი დინამიკით წარმოადგინონ - „მუხტი“ არ დააგდონ და უკიდურესად არ მოაბეზრონ თავი მაყურებელთა უმრავლესობას პარტერში...
ვფიქრობ, არც იმდენად კლასიკური სტრუქტურის მქონე, პოსტდრამატულ-ავანგარდულ ნიშაში მოქცეული, თავისუფალი სტილის, ყველა ნორმა-დოგმისგან დაცლილი პერფორმანსები გაცილებით იტანს „მაყურებელთა დაღლილობის“ გარდამავლობას, ხოლო კლასიკური სტილის კონფიგურაციაში „ეს მომენტი“ - (მაყურებლის გაუთვალისწინებელი დაღლა, მხოლოდ ვერბალური სტატიკურობით!) დიდწილად გარდაუვალი და საკმაოდ რთულად დაძლევადი, დისონანსური პრობლემა ხდება, რომელიც ზედაპირზე ჩანს ხოლმე...
მსგავსი ტიპის წარმოდგენას, ფაქტობრივად მიზანი მიღწეული აქვს რეზულტატში, როცა მაყურებლის კონცენტრაციას არ კარგავს - სპექტაკლის პროლოგიდან ეპილოგამდე.
1881 წელს დაწერილი დრამა, რეალისტური და იმდენად ავთენტურია დღევანდელობისთვის, რამდენადაც პასტორი მანდერსის ფარსი საკრალურობა; დურგალი ენგსტრანდის უუნარობა; მოსამსახურე რეგინას სიცოცხლისადმი ახალგაზრდული დაუოკებელი სწრაფვა...
და ფრუ ალვინგსა და ოსვალდს შორის არსებული კოლიზია, მარადიული კონფლიქტი შვილსა და მშობელს შორის, რომელიც ყოველთვის ყველა დროსა და სივრცეს მოიცავს...

კარდინალური ხაზი წარმოდგენისა, სწორედ დედა-შვილს შორის იდეური ჭიდილია... ფრუ ალვინგი, ტრადიციულად შვილზე სიგიჟემდე შეყვარებული დედაა, რომლის ცხოვრების წესი ილუზორულია, რადგან სიცრუეში ცხოვრებამ საკუთარი თავიც დესტრუქციულ კონდიციამდე მიიყვანა და შვილსაც იდენტური ბედი მოუმზადა...

ჩემი მოსაზრებით, ოსვალდის დედასთან მწვავე კონფრონტაციულობა, მისი ამბოხი მამის წარსულის ბნელი აჩრდილისადმი და აბსოლუტურად კანონზომიერად წარმოქმნილი მიუღებლობა მემკვიდრული „ტრადიციული ცხოვრების“ წესისადმი - ძალიან ჰგავს ჰამლეტის დედასთან სამართლიან ანტაგონიზმს!


ზოგადად, ხომ ყოველი დრამატული ნაწარმოები, რაც დაწერილა და დაიწერება მომავალშიც - დიდწილად „ვარიაციები იქნება შექსპირზე“... რადგან, შექსპირთან ყველა-ფერია, რაც მომხდარა, რაც ახლა ხდება და რაც ყოველთვის ბევრჯერ მოხდება...!

ოსვალდის (გივიკო ბარათაშვილისა) და ფრუ ალვინგის (ანი იმნაძის) „დიალოგი“, ერთმნიშვნელოვნად მაღალპროფესიონალურ ხარისხში შესრულებული ერთგვარი „დივერტისმენტია“ მთლიან სპექტაკლში - ფსიქოლოგიზმით, ვერბალური და ფიზიკურ-ემოციური ტრანსფორმაციით...

ცალკე უნდა აღინიშნოს ინცესტის სცენა (და-ძმას) ოსვალდსა და რეგინას შორის, რომელიც მსახიობებმა იმდენად ბუნებრივად და მე ვიტყოდი, ესთეტიკურადაც გაითამაშეს, რომ არ დასჭირდათ „კორდებალეტის უცნაური ელემენტების“ ჩართვა სქესობრივი აქტის სცენაში.

სახელდობრ კოსტიუმების მხატვარია: ბარბარა ასლამაზი, ხოლო სცენოგრაფი ანდრია ვაჭრიძე. კომპოზიტორი: ვახტანგ გვახარია.

ფილოსოფოსის, ხელოვნების ფსიქოლოგიის ავტორის - ჰერბერტ მარკუზეს მიხედვით: „კაცობრიობის ცივილიზაციისა და კულტურის საფუძველია ინსტინქტთა მოთოკვა და ბოლოს შეწირვა“... ოსვალდი თავდაპირველად ინსტინქტებით და კომპლექსებით შებორკილი, მერე კი ინსტინქტებისგან გათავისუფლებული, კონვულსიური შფოთვებისგან ქანცგამოცლილი „ეპიგონი“ - დედამისს - ზუსტად ისე, როგორც ღვთისმშობელს დამბლადაცემული მლოცველი - შესთხოვს „მზე დაანახოს“...  

საერთო ჯამში, სიცრუეს ყოველთვის საძირკველი გამოეცლება.


ადამიანებს ქვეცნობიერში, ვიმედოვნებ  „საკუთარი ღმერთი“ ჰყავთ, რომელიც უყვართ და რომელსაც ან შეხვდებიან ცნობიერ ცხოვრებაში და თავისუფლებას იგრძნობენ მენტალურ-ფიზიოლოგიურ დონეზე, ან ვერასდროს შეხვდებიან და ვერც თავისუფლებას ვერ შეიგრძნობენ.

No comments:

Post a Comment