უილიამ შექსპირის პიესაში „რომეო და ჯულიეტა“ სასწორის პინაზე მობარბაცე ურთიერთობის ძაფები, თუ ბუნებრივად აღმოცენებული კავშირის მარადიული პოსტულატი(?)
კურთხეულ
ადგილას, „ეივონის სტრეტფორდში“ დაბადებული - ყველა ეპოქის ხელოვნების კვინტესენცია უილიამ შექსპირი, მისი
ცხოვრება, ავტობიოგრაფიული ნიუანსები, ეპისტოლარული საგანძური: (37 პიესა, 154 სონეტი,
2 ეპიკური პოემა.) დღემდე და დღეის მერეც, ეჭვგარეშეა არაერთი შექსპიროლოგის, ლიტერატორის,
მთარგმნელ-მკვლევრების, მოყვარულების, მეცნიერების, თუ მრავალი ინდივიდის გამუდმებული
ინტერესის ეპიცენტრად იარსებებს და ამასთანავე შექსპირული მულტიკულტურალიზმი არ გაუფერულდება
არასდროს, მომავალ ეპოქებშიც, თუკი კაცობრიობას ესქატოლოგიური სცენარით დასასრული არ
მოგველის..
ჩემთვის,
გარკვეული თვალსაზრისით შექსპირის მკვლევრების ჰიპოთეზები, ზოგჯერ კი აზრს მოკლებული,
ჰომეროსული ხარხარის მსგავსად სიცილამდე ალოგიკური, შექსპირის პიროვნების საკითხის
ირგვლივ კითხვის ნიშნების დასმა და მისი ტრაგედიების, კომედიების, ისტორიული ქრონიკების
თუ სონეტების კუთვნილების სკეპტიკურ ჭრილში დისკურსი არაარგუმენტირებულია, მაშასადამე,
ანულირებულიც...! ვინაიდან, დღევანდელი მოცემულობებით, დღევანდელი გადმოსახედიდან,
ისტორიულ-კულტურულ-გეოგრაფიული თვალსაზრისებით ვერავინ დაადასტურებს უილიამის კვინტესენციურ
ქმნილებათა ნეგაციას!
შესაბამისად, ჰიპოტეტიური მსჯელობის მოყვარულების „კოლორატურა“ ჩემს ყურში მოისმის,
როგორც აგონიით უკმაყოფილო ჟღერადობის, გაბმული, შემაწუხებლად დისონანსური ვოკალური
კომბინაციის მცდელობად.
...და რასაკვირველია, თუ ამავე კატეგორიით აღვიქვამ უილიამის, ერთ-ერთ და თითქოს ყველასთვის
„მშობლიური“ ტრაგედიის - „რომეო და ჯულიეტას“ ირგვლივ მოსაზრებების კრებულს. გამოვყოთ
ერთი მათგანი:
„ამ ვნებას აყოლილ მოზარდებს, რომ სამ დღეზე მეტ ხანს ეცოცხლათ ერთმანეთზე შეყვარებულებს,
ეს ასე და ასე იქნებოდაო-მრავალგვარი ვარიაციებით“ და ბევრი ბლა-ბლა.)
მოზარდ
ასაკში მყოფმა რომეომ და ჯულიეტამ ერთად გადალახეს გვაროვნული იერარქიებით გამოწვეული
უთანასწორობა, სიძულვილის ენა, პრეისტორიული დროიდან წარმოქმნილი დისკრიმინაციული სოციო-კულტურული
წინააღმდეგობანი, ერთგვარად ატავისტური პარადიგმები-გადმონაშთების სახით, მაგალითად;
დიდგვაროვანნი, რომ მისსავე ტოლ-სწორს უნდა შეაუღლონ ძალდატანებით და არა საკუთარი
სურვილით. ცალკე საკითხია პიესაში მშობლების მხრიდან ასაკობრივი დისკრიმინაციის პირობებში,
შვილის დაოჯახების დანაშაულებრივი ორგანიზება და არაზრდასრულზე ფსიქოლოგიურ-ფიზიკური
ძალადობის სურათები...
შექსპირი უილიამი ბრწყინვალედ ახდენს უთანასწორობის - ჩაგვრის თვალსაზრისით ფაქტის
კონსტატაციას ჯულიეტასა და მამამისის მაგალითზე;
პოტენციური მოძალადე მშობლის ტიპაჟის ღია ლუსტრაციით: კაპულეტი ჯულიეტას:
„...შენ მოამზადე მოხდენილი ფეხები შენი,
რომ ამ ხუთშაბათს გრაფ პარისთან ერთად წახვიდე
პეტრეს ტაძარში საქორწინოდ, თორემ იცოდე,
ხელით მიგათრევ მე იქამდე. ახლა გამშორდი..."
(აქ და ყველგან თარგმანი ვ. ჭელიძისა.)
სადაც, ჯულიეტა საბოლოოდ ძალადობის უარმყოფელი, მონური მორჩილების მოწინააღმდეგე, მტკიცე
„არას“ მთქმელი, საკუთარი პოზიციის და გრძნობის(სიყვარულის) თავგანწირული დამცველი-აპოლოგეტია!!!
(რომლის მსგავსი პერსონაჟები დრამატურგიის თუ სახელდობრ, თავად უილიამის დიდი დრამატურგიული
დიაპაზონის იდუმალ სამყაროშიც მრავლად გვხვდება, მაგ,. ოფელიას, კორდელიას, კატარინას,
იმოჯინის პროტაგონისტი - ჰეროიკული პათოსით გაჟღენთილი ქალების ხატებში.)
რომეო ტიბალტს:
„...არა, აზრადაც არ მომსვლია შეურაცხყოფა,
შენ ამას ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ, ვიდრემდე მიზეზს გაიგებდე სიყვარულისას,
ახლა დამშვიდდი, საყვარელო კაპულეტ,
რომელ სახელსაც, ვით ჩემ სახელს, ალერსით ვამბობ.“
აბსოლუტურად
უშიშარი-გაბედული რომეო, საბოლოოდ საკუთარი სიყვარულისთვის თავგანწირულ გმირად ყალიბდება...
სამწუხარო გარემოებების „უნებლიე მცდარობის“ შედეგად!.. ვგულისხმობთ, ლორენცოს მიერ,
ბერ იოანეს ხელით წარგზავნილი წერილის რომეომდე ვერ მიღწევის საბედისწერო მომენტს!
აღსანიშნავი ფაქტია, რომეო, ვიდრე ჯულიეტას შეხვდებოდა, ვინმე როზალინას „ეტრფოდა“:
რომეო ბენვოლიოს:
„...ჩემს მშვენებაზე უკეთესი,
ჯერ ქვეყანაზე, ყოვლის მხილველ მზეს
არ უნახავს იმისი
მსგავსი.“
...და რა წამს ხედავს კაპულეტების სახლში ჯულიეტას,
რომეო იტყვის:
„მისმა კაშკაშმა ჩირაღდნებსაც წაართვა ძალა;
ტოლი არა ჰყავს ქვეყანაზე,
მარტოა ცალად... ...ცეკვას
მორჩება და მეც მასთან გავჩნდები ჩქარა,
ნეტარებისთვის მისი ხელის შეხებაც კმარა.
ჩემს თვალს აროდეს არ უხილავს სიტურფე მსგავსი,
არც
ჰყვარებია გულს არავინ ასე ძვირფასი.“
როზალინას „ხატება“, თუკი ამგვარი საერთოდ არსებობდა:
მომენტალურად იფერფლება და ქრება მისი გონებიდან! აი, სწორედ „აქ“ და ადეკვატურად
„აქ“ უნდა აღინიშნოს დროებითი გატაცების ფაქტი და დროებით ვნებას აყოლილი მოზარდის
ფსიქო-ფიზიკური, ილუზორული მდგომარეობა. გნებავთ ახლა, როგორც მანამდე არასდროს ფეხმოკიდებულ
‘ფემინისტური დისკურსის’ რელსებზე თუ გადავალ, (თუმცა, თუ ამ დისკურსს მოვაცილებ მაინც
ასეა!.) მდედრობითი სქესის მოზარდი, დროებითი, აუცილებლად წარმავალი ვნების კონტექსტში,
რომეოზე გაცილებით მყარი და თანმიმდევრულია, ვინაიდან პიესაში კარგად ჩანს, რომ ჯულიეტას
არ აქვს აბსტრაჰირებული - „ვინმეზე დროებით
მიჯაჭვის“ მცდელობა სიყვარულის სახელის მოშველიებით, (ვინაიდან ეს არ სჭირდება!) ვიდრე
რომეოს შეხვდებოდა...
ჯულიეტა: „...იქ გაიფურჩქნა ერთადერთი,
პირველი ტრფობა,
სად ერთადერთი, საშინელი, ჩვენა გვაქვს
მტრობა.
ის მეტად ადრე ვნახე,
გვიან ვიცანი მეტად,
ვაი, წყეულ მტრის
სიყვარული მერგო მე ბედად.“
პრაქტიკულად, ჯულიეტა რომეოზე გაცილებით
რაციონალური პერსონაჟია, რომლისთვისაც გააზრებულად და კატეგორიულად მიუღებელია რაიმე
სახის ძალმომრეობითი გზებით "ვინმეს" შეყვარება, თუნდაც, "ვინმე" - ძალიან პირობითი-მაღალი
წარმომავლობის წარმომადგენლის!!!
ჯულიეტა,
ქალბატონ კაპულეტის პარისზე ეტყვის:
„...ვნახავ, თუ ნახვა კმარა
კაცის შესაყვარებლად,
და თანაც თვალებს ნებას მივცემ,
რამდენსაც მეტყვით...“
ბერი ლორენცო შექსპირის ტრაგედიაში საკრალურობის, თეოლოგიური დეფინიციის დეკლარირების მსუყე მაგალითია… უილიამი გვეუბნება, რომ ახალგაზრდების კავშირი, მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა და მემკვიდრეობით ნაბოძები გვაროვნული შუღლისა - ღვთის მიერ არ არის უარყოფილი...(!) განსხვავებით ძველი ბერძნული ტრაგედიებისგან, სადაც ღმერთები მოქმედი გმირების ბედისწერას პირდაპირ განსაზღვრავდნენ!.. ბერი ლორენცო, ერთგვარად „შუამავლის“ ფუნქციით ხელდასხმული, ჰუმანისტურ-საკრალური (ქრისტიანული) იდეოლოგიით შესისხლხორცებული სამღვდელო პირი - მოზარდების შეუღლებას, სწორედაც რომ, მათი კავშირის დაკანონებას კი არ უფრთხის, არამედ ხელშემწყობი და აღმსარებელია...
ლორენცო რომეოს: „...ახლა დამშვიდდი, გამომყევი, დაუდეგარო,
დაგეხმარებით; შევეცდები, იქნებ როგორმე,
ამ ჯვარისწერამ ძველი მტრობა ორი გვარისა,
საბედნიეროდ, სიყვარულად გადააქციოს.“
ფაქტობრივად, შეყვარებულების <ინიციაციის> განმხორციელებელი და ამ საკრალური კავშირის მფარველია.
სკეპტიკოსების
აზრით, ყოველთვის უტოპიური და ქილიკამდე წარმოუდგენელი იქნება - ერთი ადამიანის სიკვდილი
ავტომატურად იწვევდეს / პროვოცირებდეს (უხეში კონოტაციით) მეორე ადამიანის სიკვდილს!
მაგრამ, ამ საკითხის „პერცეფციას“ თუ შეეცდებიან გაიაზრებენ რა, რომ მსგავსი მაგალითები,
გნებავთ პოსტულატები არსებულა ისტორიულ-მითოლოგიურ ლაბირინთებში, თუ თანადროულობებში
და იარსებებს კიდევ... თუმცა ხანგრძლივი ინტერვალებით რასაკვირველია, ანუ გამონაკლისებით!
რადგან, „ეს“ ვერ გახდება ყოველდღიურობის ნაწილი, ან ნორმირებული დოგმა ვერასდროს...!
და მერე, არც ჯულიეტას სიტყვები ‘მოეჩვენებათ’ იმავე სკეპტიკოსებს უტოპიურ განზომილებად:
„...ტიბალტის მოკვლა რომ მაცნობეს, რატომ არ მითხრეს,
რომ მამაშენი, დედაშენი, ანუ ორივე
მიიცვალაო მასთან ერთად; ეს მწუხარება
უფრო ადვილი იქნებოდა, ჩვეულებრივი.
მაგრამ ტიბალტის სიკვდილის შემდეგ იმის გაგება,
რომ გააძევეს, მომაშორეს ჩემი რომეო,
ეს იგივეა, მომკვდარიყოს თუნდ მამა, დედა,
ტიბალტიც მათთან, რომეოცა და ჯულიეტაც...“!..
ილუსტრირება:
ფრანკო ძეფირელის ფილმიდან - „რომეო და ჯულიეტა“ (1968)
No comments:
Post a Comment