Thursday, 23 November 2023

თეატრების მარათონი


დღევანდელი სამყაროს პულსაციით 2023 წელია, თანამედროვე ადამიანი კი ტექნოკრატიული მექანიზაციის სრულუფლებიანი შემოქმედია; დღევანდელი ადამიანის მეთვალყურეობის არეალში პერმანენტულად მრავალფეროვანი ინფორმაციული კასკადი ექცევა, რის შედეგადაც ინდივიდი გარკვეულწილად თვითკმარი ხდება, რადგან მას ყველანაირი სახის ცნობისმოყვარეობის წადილი ასე თუ ისე დაკმაყოფილებული აქვს!

ფაქტობრივად „ხელის გულზე“ გვაქვს მაჟორული და მინორული მსოფლიოს გულისცემა; თანამედროვე ხელოვნებაში კონკურენციის მაღალი ნიშნულის ფონზე - ამგვარი ეროვნული მოცემულობა, როგორიცაა „ქართული თეატრი“, რას სთავაზობს - ფუნდამენტურად მნიშვნელოვანს საზოგადოებას(?!). საინტერესოა რა უნდა მოიმოქმედოს, რომ ძალიან ლოკალური, ტრადიციულად აჟიტირებული სეგმენტური მაყურებლის გარდა, ფართო სოციუმზე გაიჭრას, ბოლოს და ბოლოს გახდეს ყველასთვის ხელშესახები(?!). ამხელა დოზით ინფორმირებულობის ფონზე, ერთი მხრივ, რთულია გაკვირვება, გნებავთ, ჭკუიდან გადაყვანა’ თანამედროვე მაყურებლისა. უკვე რამდენიმე წელია, მართალია ნიშანდობლივი დაგვიანებით ‘საზღვარგარეთულ ანდერგრაუნდებთან’ შედარებით, თუმცა ადაპტირდა თანამედროვე სათეატრო ისტორიის ‘ფურცლებზე’ შემდეგნაირი რეზულტატები: მცირე დოზით ტრანსგრესიული, თავის თავში ექსპერიმენტულიც, კიჩურიც, ტრივიალურიც და ასე თვალსაჩინოდ პლაგიატური ნიმუშები...

პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ცხადად შეინიშნება ინფექციასავით გადადებული მოუდრეკელი სურვილი თეატრალურ დაჯგუფებებში, უფრო სწორი იქნება, ახალგაზრდა და ძველგაზრდა ‘თეატრალებში’, ერთგვარი კუთვნილებითი რეგენერაციის დასამტკიცებლად, ახალი <საკუთარი სივრცეების> შექმნის მაგალითებით. არც ის არის გაკვირვების საგანი, რომ ასეთნაირი ქართული ტენდენცია მეტყველებს, თეატრალურ სფეროში უპრეცედენტოდ კონცენტრირებულ ეგოცენტრიზმის სიჭარბეზე, როცა ხალხი ითხოვს საკუთარი თავის უმნიშვნელოვანესად აღქმას, მუდმივად “ტრენდში ყოფნას“, გარშემომყოფების განცვიფრებას, აღფრთოვანებას, გაუნელებელ ოვაციასა და ხმამაღალ ტაშს! შედეგად, მხოლოდ დედაქალაქში, არაერთ სახელმწიფო და მუნიციპალურ თეატრთან ერთად, არსებობს არაერთი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ესთეტიკურ-იდეოლოგიურ პოლიტიკას პრინციპში არ აწარმოებენ. მათი მარკეტინგული იმიჯებიც კი ერთმანეთს ჰგავს, უმნიშვნელო სახე-სხვაობით. თეატრების რაოდენობრივი სიმრავლის ზრდადი მაჩვენებელი, ერთი შეხედვით სპორტულ მარათონს დაემსგავსა, რომლებიც უმთავრესად ბილეთების სწრაფად ამოყიდვის ბრძოლაში არიან ჩართულნი!
ხსენებული, ერთობ მერკანტილური ინდიკატორის წინა პლანზე დაყენებით, რასაკვირველია თეატრი თავის თავზე ვერ მუშაობს, იცით, უბრალოდ დრო არ აქვს, რადგან, ის ახლა გაცხარებულ, საბაზრო-მარკეტინგულ, პლუს ინერციულ, უცნაურ ომშია გახლართული(!). როდესაც ხელოვნება ბიზნესისთვის დამახასიათებელ <სტილურობას> მშვენივრად ირგებს!.. თუმცა, აქვე თავის დასამშვიდებლად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრავალფეროვანი დასახელების თეატრები ნუგეშისთვის ძველ რეპერტუარს შემოგვთავაზებენ ყველა სეზონზე, სადაც ერთი და იგივე მაყურებელი დარბაზს კვლავ კმაყოფილი სახით შეავსებს!..

მიუხედავად ლოკალური მაყურებლის აქტიურობისა თეატრალური წარმოდგენებისადმი, დროა, დაბლა დავეშვათ ქართულ სოციალურ რეალობაში და გვერდზეც გავიხედოთ: ქართული თეატრი არ არის ფართო სოციუმისთვის ხელმისაწვდომი, დიახ, ის ისევ რჩება პრივილეგიის პოსტსაბჭოურ პიედესტალად. დღევანდელი თეატრის დომინაციური ღერძი არ კონცენტრირდება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ კლასობრივი დისკრიმინაციის პრობლემაზე!
თეატრების ძირითადი იდეოლოგია არ არის მწვავე სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ მიმართული, ჩვენი საზოგადოების რეალური სატკივრისა და სიხარულის ვერ აღმქმელია. იმიტომ, რომ თეატრი, დღემდე ყველა ხელისუფლების პირობებში რჩება, კორუმპირებულად, პროტექციის წყაროდ და კლანურ „ელიტებში“ მყარად ჩაკეტილად.

დღეს, აღარც 1917 წელია და არც მარსელ დიუშანია ცოცხალი თავისი <ფაიფურის პისუარით> - კონკრეტული დროის სახელოვნებო აქტი განყენებულობისა და კონტროვერსიულობის მიღმა - მოითხოვს სოციალურად ადეკვატურ პულსირებას, ამ დროის ადამიანის პრობლემებსა თუ ვნებებზე ემპათიურად რეაგირებას!..
იმის გამო, რომ ხელოვნების ამ დარგის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს - კონფორმულობა, განყენებულობა, „ელიტურობა“, ვიწრო მერკანტილიზმი და ალოგიკური აბსტრაჰირებულობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფუნქცია-ვერ გამოკვეთილ რუდიმენტად რჩება, სამწუხაროდ. ქართული სოციუმის მეინსტრიმულ პრობლემატიკასთან უხეშად აცდენილია და სწორედ ამ ნიშნით, თეატრი ტურბულენტურად თავის თავსა და პატარ-პატარა დაჯგუფებებშია გამოკეტილი.

ამგვარი მოცემულობით თეატრი ვერ ახდენს, ვერც პრეისტორიულად ვერ ახდენდა დიდად - ფუნდამენტურ გავლენას საზოგადოებრივი ცხოვრების მსვლელობაზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციონალის მისიას ვერ ასრულებს. მაშასადამე, სუსტი გავლენის მქონე, ფაქტობრივად, მეათეხარისხოვანია სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ამავე დროს, მწვავე ბიპოლარული პოლიტიკური პერიპეტიების ფონზე და მხოლოდ ერთადერთი ნიშა - <გართობის> ფუნქციაღა აქვს შემორჩენილი. ამასობაში, „ქართული თეატრი“ ერთ დიდ ინტეგრალად, უფრო ზუსტად, თვლად ერთეულად კონსტრუირდა, <რეტროგრადულ სივრცეებს> რომ გამოეყოფა და <ინოვაციურ სივრცეებად> ტრანსფორმირდება, სადაც ერთი და იგივე სახეები მიგრირდებიან, რომელთა იდეოლოგია (თუ აქვთ, როგორც ასეთი) და ესთეტიკური მისწრაფებები სანიმუშოდ სტატიკურია.         

                                                                                                                                   

ამდენ სიმრავლეში რადიკალურ ცალმხრივობას, რომ ავცდეთ, პოზიტიურიც შევნიშნოთ და იქნებ მშვენიერებაც დავინახოთ, ვინ იცის?!                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

როგორც მირანდა იტყვის - გენიალური უილიამ შექსპირის უკანასკნელ პიესა - „ქარიშხალში“: მანანა ანთაძის ბრწყინვალე თარგმანით:

 

„საოცარია!                                                                                       

რამდენ ლამაზ ქმნილებას ვხედავ!
კარგი ყოფილა კაცთა მოდგმა! ალბათ ქვეყანაც დიდებულია,
სადაც ეს ხალხი უნდა ცხოვრობდეს!

O! Wonder!

How many goodly creatures are there here!
How beauteous mankind is! O brave new world,
that has such people in it!”                          
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

 

*ენდი უორჰოლის პორტრეტი - „Shot Sage Blue Marilyn” (1964)            

No comments:

Post a Comment

„სირანო უნდა მოკვდეს“ - ახალ თეატრში

ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ თავისუფალი ადაპტაციის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ქვესათაურით „სირანო უნდა მოკვდეს“ შემოგვთავაზა ახალ...