„თბილისის საერთაშორისო სტუდენტურმა თეატრალურმა ფესტივალმა“ დიდხნიანი კოორდინაციის შემდეგ, 2023 წელს პირველად შეისხა ხორცი და მიუხედავად „დებიუტისა“, მაინც წელში გამართული წარსდგა ქართველი მაყურებლის, მოწვეული სტუმრებისა და დაინტერესებული პირების წინაშე.
აღნიშნული პლატფორმა უმთავრესად რელევანტურია საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულების სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით, ასევე, სამომავლო საერთაშორისო კოლაბორაციული კავშირების ხელშეწყობისა და ზოგადად, დარგის ინტერნაციონალურ რანგში, სტუდენტური პლატფორმების ურთიერთკავშირების დამყარების თვალსაზრისით.
ფესტივალის პირველ წელს, ქართულ სტუდენტურ სპექტაკლებთან ერთად, ორი ქვეყანა: პოლონეთი და რუმინეთი იღებდა მონაწილეობას. პოლონეთიდან, ეროვნული კინოს, ტელევიზიისა და თეატრის სკოლა ლოძიდან - სპექტაკლით „ანტიგონე ნიუ იორკში“; თეატრალური ხელოვნების ეროვნული აკადემიის, ვროცლავის ფილიალი - ბრწყინვალე სპექტაკლით „FESTEN/დღესასწაული”; ხოლო ბუქარესტის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტი „I.L. CARAGIALE” - სპექტაკლით “სრულიად დაკარგული“.
პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის შემადგენლობაში შედიან, თეატრმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი - ანასტასია ჩერნეცოვა, ფრანგი კრიტიკოსი - კაროლინ შატლე, ქართველი რეჟისორი და კომპოზიტორი - დავით საყვარელიძე და ჟიურის თავმჯდომარე - სახელგანთქმული პოლონელი რეჟისორი მაია კლეჩევსკა.
ჟიურიმ ობიექტური ვერდიქტი გამოიტანა ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე და დაწესებულ რამდენიმე ნომინირებულ კატეგორიასთან ერთად, შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ: საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში - გუგა ქაცარავა. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია მიენიჭა - არაჩვეულებრივ ანიკო შურღაიას.
ფესტივალის გრან-პრი აიღო, უდავოდ დამსახურებულად წარმოდგენამ - „Festen”.
ხოლო საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში აღინიშნა, დრამის ფაკულტეტის თეატრის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტის, გიორგი კაშიას „ირინეს ბედნიერება“... და აი, ამ გადაწყვეტილებას ყველა იზიარებს, ვისაც კი ეს დადგმა ნანახი აქვს. ფაქტობრივად, თითქმის არავინ დავობს.
თუ ეს სპექტაკლი ნანახი არ გაქვთ, მაშინ ვერ გაიგებთ, რას ვამბობ, პრაქტიკულად, ვერაფერს იგრძნობთ.
დამწყებმა რეჟისორმა შეძლო ის, რასაც ამ პროფესიაში და კინემატოგრაფიაშიც, სხვათა შორის, ხალხი მთელი ცხოვრება წვალობს და რეზულტატში მაინც ვერ აღწევს.
სტუდენტებისა (კესო დვალიშვილი, გუგა ქაცარავა, ანუკა შარია, ლუკა ჩიბუხია, გიგა აბულაძე, ნინი კვირიკაშვილი, ლაშა ქვაცაბაია, თამარ ყალაბეგაშვილი, ლაშა მორჩილაძე, ნიკა ნიკურაძე, გიორგი გელაშვილი, ნიკა თეთრაძე) და ერთი მსახიობისგან (ნოდარ მელაძე) შემდგარი „ირინეს ბედნიერება“ აბსოლუტურად ანსამბლური სპექტაკლია, (მხატვარი: ანი ბერიშვილი) არცერთი დეტალი არ მუშაობს უფუნქციოდ, ყოველი წვრილმანი ჰარმონიულ, შეიძლება ითქვას, პერფექციონისტულ სინერგიას ქმნის ორმოქმედებიანი სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე. (უფრო ზუსტად, 110 წუთის განმავლობაში).
როცა, ხელოვნების ნაწარმოები ბუნებრივად გკარნახობს, რომ მასზე მშრალი სქემატური სტრუქტურით არ იმსჯელო, მხოლოდ ემოციებსა და წარმოქმნილი გრძნობების კასკადს მიენდო(!..), აი, სწორედ ამგვარი ხელოვნების არსებობაა გამართლებული და შედეგიანიც; როცა ხელოვნების ქმნილება სრულიად გათავისუფლებს დაწვრილმანებისგან!..
კაშიამ სულ რომ არაფერი აღარ დადგას (ცხადია, ვუსურვებთ პროდუქტიულ შემოქმედებით ცხოვრებას და ველით მის ახალ დადგმას ილიაუნის თეატრში), „ირინეს ბედნიერება“ მის მიერ ნათქვამი <უნიკალური იდენტობის მქონე> ახალი სიტყვაა ქართულ, კლანური სუბორდინაციით გადატვირთულ სათეატრო სივრცეში!
არა, ავანგარდული ფორმებით, რისი მიღწევაც ამ საუკუნეში, ესე იგი ტექნოკრატიის ზენიტში უკვე მარტივია, არამედ ემოციათა უკიდურესი კონდენსაციით, რისი მიღწევაც კი, ყველანაირი კომფორტისა და მაღალი დაფინანსების პირობებშიც ძალიან რთულია! უმთავრესად, ამ მნიშვნელობითაა აღსანიშნავი კაშიას რეჟისურა; ხელშეუხებელი, აბსტრაქტული და ამავე დროს, ყველაზე ნამდვილი, სისხლსავსე ემოციებისა და შეუკავებელი გრძნობების პროვოცირების მაღალი ხარისხის <შექმნისთვის>.
თამამად შეიძლება ითქვას, მსგავსი შთაბეჭდილებით, ბოლო დროს ნანახი არცერთი სპექტაკლი არ დამიტოვებია, თვალზე „კინაღამ მომდგარი“ ცრემლებით კი არა, ცრემლიანი თვალებით..
მით უფრო, რომ კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (1897) ქართული დრამატურგიის ისტორიაში, საკმაოდ რთული, პრობლემატური, ფუნდამენტური და როგორც ჩანს, დღემდე ავადაქტუალური ტექსტია.
ქალის და მამაკაცის, გნებავთ, ნებისმიერი ინდივიდის ბედნიერების არჩევის გზაზე არავის აქვს ჩარევის უფლება! მათ შორის, ოჯახის წევრებსაც, დედ-მამაც „ვიღაც“ ხდება, როცა შვილის ბედნიერების არჩევანში რამენაირად ხელებს აფათურებს. რომ არაფერი ვთქვათ, ძალადობრივი გამოხატვის ფორმებზე; ნაძალადევ ურთიერთობებზე; დამღუპველ კომპრომისებზე; <შეყვარებულობის უსუსურობის> სევდიან თანაგანცდაზე და გარდაუვალ ფატალიზმზე, რითაც, ყოველთვის მთავრდება მსგავსი სახის/ტიპის პრობლემა!
ამხელა თემის სცენიდან აქტუალიზება კი, მხატვრულ ხარისხთან ერთად, ერთთავად პასუხისმგებლობას მოითხოვს - ჩვენი ქვეყნის „მენტალური მოწყობის“ პირობებში.
„თბილისის საერთაშორისო სტუდენტურმა თეატრალურმა ფესტივალმა“ 2023 წელს პანორამული სურათი შეგვიქმნა იმისა, თუ რამხელა პოტენციალი არსებობს დამწყებ მსახიობებსა და სტუდენტთა სეგმენტში, რომელთა ნიჭსა და შესაძლებლობებს დანახვა და ხელშეწყობა სჭირდება. ყოველი ფესტივალის კონცეფციური ვექტორი, შესაძლებლობების რეალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული. სწორედ, ამიტომაც მნიშვნელოვანია სტუდენტური თეატრალური ფესტივალის, როგორც პრეცედენტის სამომავლო ტრადიციად ქცევა, რათა ახალგაზრდების ენთუზიაზმს ფართო გზა გაეხსნას!..
ფოტო + ანა ბარჯაძის.
No comments:
Post a Comment