Sunday, 26 June 2022

ნაპრალებში მოქცეული ოჯახური ცხოვრების ფიქცია

 

საკითხი - კარდინალურად მუდმივ აქტუალურია, როგორც ყველა დროის უნივერსალური და ეგზისტენციური კრიზისის არქეტიპული შრე...


ორი ადამიანის შეთანხმების საფუძველზე შექმნილი <ოჯახური სივრცე>... მაშასადამე, უკიდურესად ინტიმური/პირადი გარემო.


ოჯახის დეფინიციის არსობრივი ინდიკატორია, იმ სივრცის გაინტიმურება და უკიდურესად პირადული იდენტობების გაერთიანება, რაც ადამიანებს ბუნებრივად ერგოთ, მათ შორის დეტერმინირებულად...

ფაქტობრივად, როცა ადამიანები ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, ისინი ნებაყოფლობით ერთმანეთის პირად სივრცეებს აერთებენ, ანუ ერთ-მთლიან <პირად სივრცეს> წარმოქმნიან და სამყაროს სუბსტანციურად - პერფექციონისტულ რაკურსში ერთად აღიქვამენ... (ერთი სივრცის პერსპექტივიდან..).

მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ქმარი, თურმე ხვდება რომ „ცოლი აღარ უყვარს“?!


30 წლიანი, გნებავთ, 5 წლიანი, ან, თუნდაც 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როცა „აღმოაჩენ“, რომ სხვა გიყვარს და არა ის, ვისთანაც წლები ილუზიური ცხოვრება გაკავშირებდა.


ან საერთოდ, რა ფენომენია, ჩვენს გარშემო და ისტორიული ასპექტით, აბსოლუტურად ყველა ეპოქაში - ფარისევლურად - მრავლად შექმნილი ოჯახები, რომლებიც ისტერიულ ტემპო-რიტმში (კიდევ კარგი!) ინგრეოდა და ინგრევა დღესაც. ან კიდევ, ყველაზე კოშმარულ შემთხვევაში კი არც ინგრევა!

ეფემერული იმპულსური სიმპატიებით შექმნილი ოჯახები, დროთა განმავლობაში იწვევს ტოტალური უსიყვარულობის კრიზისს... და როგორც წესი, მსგავს ატმოსფეროში აღზრდილი ბავშვებიც უსიყვარულობის მსხვერპლნი არიან ხოლმე, რომლებიც სხვადასხვა სახის აგრესიას ავლენენ ცხოვრების ეტაპებზე, ამავდროულად უყალიბდებათ კომპლექსების მთელი წყება, რის შედეგადაც ვიღებთ ტიპიურ, მაგალითად, მომავალში მოძალადე ქმარს.



აი, ამგვარ ეგზისტენციურ კრიზისს ეხება რუსთაველის თეატრის (ექსპერიმენტულ) მცირე სცენაზე დადგმული სპექტაკლი.


თანამედროვე ბრიტანელი რომანისტისა და დრამატურგის უილიამ ნიკოლსონის კინოსცენარის „ნაპრალების“ მიხედვით, რომლის ინსცენირების ავტორები არიან თავად სპექტაკლის რეჟისორი დავით თურქიაშვილი და დრამატურგი თამარ შუკაკიძე.
მხატვარი: ანა ნინუა; მუსიკალური გაფორმება: ლევან სარალიძის.
მონაწილეობენ - თათული დოლიძე, ლევან ბერიკაშვილი, ლევან სარალიძე, სოსო აბრამაშვილი.

 

30 წლიან თანაცხოვრებაში გაჩენილი „ნაპრალი“-ს ხმამაღალი გამხმოვანებელი ქმარი (ლევან ბერიკაშვილი) აღმოჩნდება, რომელიც ცოლს ეტყვის, რომ „მოსწავლის მშობელი უყვარს“ და უნდა დაშორდეს.

ოჯახური ცხოვრებისა და წყვილთა <თანაცხოვრების სურვილის> მრავალშრიან პერიპეტიებს იკვლევდა - უახლესი წარსულის ხელოვნების ისტორიაში - ფრანგული „ახალი ტალღის“ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, უდიდესი რეჟისორი ერიკ რომერი (1920-2010).

რუსთაველის თეატრის სცენაზე 2022 წლის ივნისში (14-15.06) განხორციელებულ პრემიერას, ცხადია ესთეტიკური თვალსაზრისით რომერის ხელოვნებასთან კავშირი არ აქვს, თუმცა, ჩემი აზრით იდეური კონცეპტის ერთგვარი ანარეკლი შესაძლებელია განსაკუთრებით გამოიკვეთოს სპექტაკლსა და რომერის წელიწადის ოთხი დროის მიხედვით შექმნილ ტეტრალოგიას შორის, რომელსაც ასე უწოდებენ - „Tales of the four seasons”: (Conte de printemps/A tale of springtime-1990); (Conte d’hiver/A tale of winter-1992); (Conte d’ete/A summer’s tale-1996); (Conte d’automne/Autumn tale-1998), სადაც სინატიფითა და უზუსტესი ქარაგმული სვლებით ნაჩვენებია ადამიანებს შორის მიზიდულობის ხარისხის შესაძლო ვარიაციები...

ნიშანდობლივია სპექტაკლში მონაწილე შვილის (ლევან სარალიძე) ფიგურა, რომელიც ლოგიკური შედეგია უსიყვარულო დედ-მამის მიერ უდიდეს ფიქციამდე მიყვანილი <ოჯახური იდილიისა>, სადაც სინამდვილეში ყველა პერსონაჟი უბედურია.

ლევან სარალიძის გმირი, სწორედ, რომ მამის მსგავსად ეძებს და ვერ პოულობს მეორე ნახევარს... ბოლოს კი, საქციელით მიდის დასკვნამდე, რომ მას არ შეუძლია ამ გრძნობის გაგება...

და მართლაც, ის აბსურდულ გარემოში აღზრდილი შვილია, რომელიც ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობს ზრდასრულობაში და ვერ და არ შეუძლია „ვინმე შეიყვაროს“, იმიტომ, რომ თავად არის უსიყვარულობის მორევში გაზრდილი და ჩამოყალიბებული, ესე იგი, თავისი ოჯახის წევრების მსგავსად „მარტოა“, როგორც სულიერად, ისე განცდებით.


მას შეიძლება ვერც ვერასდროს დაემართოს ის, რაც რომერის ფილმში „ჩემი ღამე მოდთან“ (“Ma nuit chez Maud”- also known as “My night at Maud’s” or “My night with Maud”-1969) - ჟან-ლუი ტრენტინიანის გმირს ემართება მარი-კრისტინ ბაროს გმირის პირველივე დანახვისას!..
 

მიმაჩნია, რომ სპექტაკლში კიდევ ერთი კარდინალური მიმართულებაა აღსანიშნავი, როგორც მორიგი სტერეოტიპული საკითხი…(!)

თათული დოლიძის (ცოლის) პერსონაჟი ამბის ბოლო წამამდე ვერაფრით ეგუება ქმრის გაშორებას - თითქოს, გულწასულივით ‘ხავსს ეჭიდებოდეს’... უჭირს აღიარება და რეალობას უგულებელყოფს!

რატომ ჰგონიათ ქალებს რომ, როცა ქმარი მათგან მიდის - მაინც სამუდამოდ მათ ეკუთვნით(?!);


და პირუკუ, რატომ გონიათ კაცებს, როცა ცოლები სცილდებიან - მათზე სიცოცხლის ბოლომდე ფლობენ „მესაკუთრის“ ფუნქციას...(?!)


საკითხი, რომელსაც ზოგად დისკურსში <მესაკუთრეობის ფენომენი> კომპლექსურად მოიცავს აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებში - ერთბაშად რთული, მარგინალური სახის შეუქცევადი პრობლემაა, რომელიც გაცილებით ჩაღრმავებულ, ინტერდისციპლინარულ კვლევას ითვალისწინებს; მე კი ამჯერად აქ შევჩერდები...

No comments:

Post a Comment