Wednesday, 11 August 2021

(„პოსტ“) პანდემიაში მყოფი პრეპანდემიური თეატრი


 ჩემი დაკვირვებით არსებობენ სამი კატეგორიის შემოქმედები (გნებავთ, ხელოვანები);

ერთნი, რომლებიც იოლად და ყველასთვის გასაგებად არტიკულირებენ - რის გაკეთება სურთ და ჩანაფიქრს, მაინცდამაინც ვერ ახორციელებენ.


მეორენი, რომლებიც ძნელად ახერხებენ ეფექტურ ‘სქოლიოს’, ე.ი. საკუთარი  ხედვების არტიკულირებული გზით გაშიფვრას, და მათ მიერ გახორციელებული პრაქტიკული რეზულტატი გაცილებით შთამბეჭდავია.


მესამენი კი, ისინი, ვინც თვლიან, რომ ორივე კომპონენტს-ვერბალურ-პრაქტიკულს თანაბრად შესანიშნავად ფლობენ, ხოლო რეალურად, ვერც ერთს ახერხებენ...

სამივე კატეგორიის (ჩემეული) უხერხული სეგრეგაციის საპირწონედ, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს სივრცე (ალბათ, ცოტა წარმოსახვითი) - ნონკონფორმიზმისთვის, მარად ახლობლური კომპრომისებისგან გათავისუფლებული, ანუ გულწრფელი ‘შემოქმედებითი ქმნადობის პროცესისთვის’(!), სადაც პოზიციონირება ყველას უფლებაა, თუკი ძალა შესწევთ-ძველგაზრდებს, ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს.
 

ჯერ კიდევ, გლობალური პანდემიის მიმდინარეობის პირობებში, დაუცველობისა და არასტაბილურობის მძაფრი შეგრძნების პარალელურად, თეატრალურმა სფერომ, ერთწლიანი ბუკვალური სტაგნაციის შემდეგ, რა დინამიკა, რა რელევანტური სათქმელი, როგორი თვით-რეფლექსია შესთავაზა, თითქოს და, ესოდენ „თეატრს მოწყურებულ“ მაყურებელს?!..


რა გაფილტრა?! რით გასუფთავდა?! ან რა დაიტოვა, ასე სანუკვარი კვლავინდებურად?!
გლობალური მასშტაბის დეპრესიისა და პოლიფონიური ფსიქოზის ფონზე - ტრანსფორმირდა თეატრი, როგორც მაყურებლისთვის ახლობელ და თერაპიული ენერგეტიკის გამცემ წყაროდ?! აქვს პრეტენზია, რომ მსოფლიო კრიზისების დროსაც, ხალხი გრძნობდეს მას, როგორც სიცოცხლისთვის გარდაუვალ აუცილებლობას?!


დიახ, ჩემი ღრმად ვოლუნტარისტული, ამავე დროს, მოკრძალებული ხედვით, როგორც ერთი მაყურებლის გულწრფელი შთაბეჭდილებით, რასაც პანდემიის საწყის დეკადაში ვგრძნობდი რომ: (ჩემივე ფრაზის ციტირება)“მკვდარი პროცესის ინერცია-პანდემიის შემდეგ ღრმად გაიდგამს ფესვებს, ერთგვარი რეგენერაციით“-მეთქი, არ გაგიკვირდებათ და იდენტური სურათია, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელო, არც დიდად პრევალირებულ და მეინსტრიმულ პროცესზე - სუსტი გავლენის მქონე, რამდენიმე მაგალითის არ ჩათვლით.


დიახ, ცხადია! დომინაციური მაგისტრალი ურყევად ტრადიციულია! ესთეტიკურად, ეტიმოლოგიურად, ლაბილურობის მაღალი მაჩვენებლით, ძირითადი პრობლემატიკით, პოზიციით, მომაბეზრებელი მანერულობით, დაფინანსების სტრუქტურითაც კი!

მხოლოდ, ერთი ნიუანსის გარდა: რანგით ნომერ პირველმა პროფესიულმა-შოთა რუსთაველის სახელობის თეატრმა, პანდემიის აქტიური მძვინვარების შუა ხანებში სტატუსი შეიცვალა და მიენიჭა „ეროვნულის“ კონოტაცია, მაშასადამე, იწოდება, როგორც „შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრი“. მართალი გითხრათ, ამ მომენტამდე ფიქრისა და ანალიტიკური დაძაბვის საგანია, თუ რა ნიშანდობლივი, აქამდე არსობრივად განსხვავებული ფუნქცია და ტვირთი შეიძინა საქართველოში, მთლიან სათეატრო პროცესზე დომინანტურად პასუხისმგებელმა თეატრმა(?!).
ვგონებ, საკითხი, ჯერ კიდევ მთლად ბუნდოვანია, გაურკვეველი.

მას მერე, რაც გაურკვეველი დროით დაპაუზდა სახელოვნებო სფეროს საქმიანობა, საშემსრულებლო ხელოვნების, სახელდობრ, პროფესიული თეატრების სრული უმრავლესობაც ჩრდილში მოექცა და კაპიტულანტურად, ჩუმად განაგრძობდა თავისთვის, ესე იგი, თავისთავში არსებობას... სამაგიეროდ, ფაქტობრივად ყველას მაგივრად, ვირტუალურად იაქტიურა სამეფო უბნის თეატრმა, რომელმაც მიჯრით რამდენიმე „ონლაინ პრემიერა“ გამართა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ აქტიურობა, თუნდაც, უკვე ძალიან აპრობირებული - სულაც არაა პანაცეა, როცა არსებითად ზუსტად „იქ“ რჩები, სადაც მეგობარი, ასევე პროფესიული თეატრები რჩებიან, ანუ პრეპანდემიამდელ-ცოცხალმკვდარ, ლეთარგიულ რეალობაში.


თუმცაღა, ჩემი მხრივ, მაინც დადებითად აღნიშვნის ღირსია, უილიამ შექსპირის 6 ტრაგედიის, გარკვეულად, ატიპიური არქიტექტონიკით გადმოცემის მცდელობა. (მსახიობ გაგა შიშინაშვილთან ერთად.)


მთლიანად შექსპირის იმ კონკრეტული პიესების რემარკების ქრონოლოგია, დეკლამაციური მანერით წაკითხული, სულაც არ იწვევს - უდიდესთა შორის უდიდესი დრამატურგის ტრაგედიების უხეშ პროფანაციას!.. გარდა ამისა, ირონიულ-სარკასტულ ტონალობაში მოთხრობილი ტრაგიკული ისტორიების „მშრალი, რიტმულად თანაბარზომიერი ჩონჩხი“, ყოველდღიურად „ნონ-სტოპ“ რეჟიმში მოყოლილი - ქართული(და, არა მარტო) რეალობის საინფორმაციო გადაცემების ერთგვარ ალუზიას ქმნის. ფაქტობრივად, შიშველ სცენაზე მყოფი ერთი მსახიობი - ნაცნობი სატელევიზიო მიზანსცენისადმი კავშირს - ზედმიწევნით იმეორებს ფაქიზად და თან ირონიული პოზიციიდან „შექსპირის ენით“.

დრამატული ხელოვნების ალტერნატიული პროცესის ხელშეწყობისთვის ჩამოყალიბებულმა ფესტივალმაც „New drama festival-ახალი დრამის ფესტივალი“, აპრობირებული გამოსავალი აირჩია 2020 წლის მიწურულს, როცა მთლიანად ციფრული ფორმატით - გადაღებული ვიდეო-პერფორმანსებით წარსდგა ონლაინ მაყურებლის წინაშე, მაგრამ ავტორების ჩამონათვალი ძირითადად, უკვე ფესტივალის მესამე წელს გვაუწყებდა, რომ ეს დიდად „ახალი დრამა“ ვერ იყო, მიუხედავად, გამოკვეთილი ცალკეული გამართლებული და ნაკლებად გამართლებული ფრაგმენტული მიგნებებისა.


სამაგიეროდ, ერთთავად პოზიტიური ნიშნით აღსანიშნავია „ახალი დრამა 2021-ფორუმი“, რომელიც, ჩემი აზრით, სწორედ ახლა დაუახლოვდა ახალი დრამის შინაარსს მორფოლოგიურადაც და გამოხატვის თვალსაზრისით. ამჯერად, დაახლოებით 80 უცნობი არტისტი საინტერესო ნაივური ხელწერით, მათ შორის, ახალი დრამატული ტექსტებით, ქორეოგრაფიითა და რეჟისურით დემონსტრირდა მაყურებლის წინაშე, სრულიად თავისუფალი ფორმატით, არაპროტოკოლური დასწრების წესით - ღია ცის ქვეშ გაითამაშეს არტისტებმა სხვადასხვა სახის ექსპერიმენტი(მზიურსა და დედაენის ბაღში, 20-21 ივლისს.), რომელზე დაკვირვება ნებისმიერ მსურველს შეეძლო...

პანდემიური მოცემულობით გამოწვეულმა კრიზისმა მთელ მსოფლიოში - ავტომატურად გამოიწვია ღია სივრცეებში საშემსრულებლო ხელოვნების ინტენსიურად გადატანა, პრაქტიკულად, ხშირად ჩვენს რეალობაშიც, თეატრის შენობიდან გასვლა - ე.წ. „კრეატიული მიგნების“ საბაბადაც მიიჩნევა, რაც ერთი დიდი ნონსენსია, როცა თვალში საცემად დაბალი მხატვრული ხარისხის მასალაა, არაპროფესიონალი მსახიობია, (და აქ სულაც არ ვგულისხმობ დამწყებ მსახიობს მაინცდამაინც!) რეჟისურაც მეტისმეტად დილეტანტურია, სადაც გინდა იქ წაიღე ლოკაციურად, ტერიტორიის რადიკალური ცვლილება ვერანაირად ვერ „აპრავებს“ (აბათილებს)-უკიდურესად უხარისხო - ხელოვნების სახელით შეფუთულ ნებისმიერ ნაწარმს!..

პანდემიის დროს, უდავოდ სასიხარულო ნიშნისა, თბილისსა და რეგიონებში ერთმანეთის მიყოლებით გახსნილი რეაბილიტირებული მონუმენტური თეატრების შენობებისა, ანუ ვიზუალურ-ინკრუსტრირებული უპირატესობის ჩვენების გარდა, რა არსებითი სათქმელი უთხრა თავის ერთგულ, თუ არა ერთგულ მაყურებელს თითოეულმა თეატრმა? (რეგიონულ თეატრებში გამართული პრემიერების შესახებ რეცენზიები იხილეთ საიტზე: https://www.theatrelife.ge)
ის რეპერტუარები, რაც პრეპანდემიურ რეპერტუარებთან ინტეგრირდა, არის თუ არა რეზისტენტული წარსულისადმი?!
არის პლურალისტური ტონალობის შემცველი?!
ესთეტიკური განვითარების, მხატვრული ხარისხის ხელახალი რეგენერაციის ნიმუშებია?!..
თუ, ძალიან „ლოგიკურად“ ყველაფერი, მხოლოდ ფარსია და ისევ „იქ-იმ“ კონდიციაშია?!

ამ კითხვებს დრო უპასუხებს და უპასუხებს საკმაოდ მკაცრად, წარბშეუხრელად, სამართლიანად...
თუმც, სანამ აწმყოს გულისმომკვლელ ‘ოვერდოზებს’ მომავალი უცილობლად გაფილტრავს, მანამდე, მაინც შეგვიძლია - ლაფსუსების მთელი არსენალის მონოქრომული, ასევე პოლიქრონული კონტურების დანახვა, თუკი მოვინდომებთ, ცხადია.

პანდემიის დასაწყისსა და შემდგომ პერიოდში არსებული ნევროტული განწყობა, ფსიქოზი - „კულტურა გვინდა“ – „მის გარეშე რანი ვართ“ პათოსი, ერთთავად ბუნებრივი პროტესტის კანონზომიერი რეფლექსი იყო, რაც არა მხოლოდ იმ ხალხს ჰქონდა, ვინც ე.წ. „ხელოვნებას აკეთებს“, არამედ, იმ ხალხსაც (ანუ თეორეტიკოს-კრიტიკოსებს), ვინც ხელოვნებას ანალიტიკური რაკურსით აწვდის მკითხველ-მაყურებელს.


თავდაპირველად გაჩენილი ლეგიტიმური ანტაგონიზმი, პირადად ჩემ მაგალითზე, დროთა განმავლობაში განელდა, ბოლოს იმდენად გაქარწყლდა, რომ თავადაც მიკვირს პირისპირ, როგორც იტყვიან face to face - შეჯახება აპათიასთან, ან გნებავთ ინერტულობაც ვუწოდოთ.
2020 წლის თებერვლის ბოლოდან, თუ დისკომფორტს განვიცდიდი თეატრში წაუსვლელობით, რათა, თითქმის რუტინად ქცეული მქონდა ყოველ კვირეული ვიზიტი რომელიმე თეატრში, ახლა „Lockdown“-ის დროს, ხსენებული დისკომფორტი გამოწვეული იყო, ერთგვარ გართობაზე, მსუბუქ სიამოვნებაზე უარის თქმით, ვინაიდან მაყურებელი ყველა შემთხვევაში პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, როცა, თუნდაც ძალიან ტრივიალური კონფიგურაციული სტრუქტურის მქონე დრამატულ წარმოდგენას ესწრება; ის არის დამკვირვებელი პროცესზე, რომლისგან, ხშირად უმნიშვნელოს, მაგრამ, მაინც  სიამოვნებას იღებს ამ დაკვირვებით - კომფორტული პოზიციიდან.

მცირე რეზიუმირებისთვის, რამდენიმე ნიშანს ხაზს გავუსვამ:
„პოსტ“-პანდემიური და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პანდემიური თეატრი არის თეატრალური პოსტ-რეალობის შემქმნელი? თუ, კვლავ პრე-პანდემიურ სინამდვილესთან აბსტრაგირებს?
როცა მაყურებელი „დაკმაყოფილდება“, ანუ შიმშილს ვეღარ იგრძნობს „უთეატრობით“ - დარჩება თეატრი ადამიანის ონტოლოგიური რუტინის განუყოფელ ნაწილად?!..
ის ურყევი მოცემულობა, რომ კრიტიკა და საშემსრულებლო/პრაქტიკოსთა სეგმენტი აბსოლუტურ დისონანსშია ერთმანეთთან - ფაქტია. რომ მათ შორის არ არის ბუნებრივად კონვენციურ-კონსტრუქციული ბმა/კავშირი - ესეც ფაქტია. დღემდე ვერ აღქმული და გაუაზრებელია, რისთვისაა აუცილებელი პროფესიული კრიტიკისა და პრაქტიკული საქმიანობის კორელაცია. შესაბამისად, კრიტიკაც ვერ არის მთლად დამოუკიდებელი, უკომპრომისო და დევალვაციისგან თავისუფალი... ვერც საშემსრულებლო მხარე განიცდის ევოლუციურ ძვრებს, ვინაიდან არ აქვს გათავისებული, არც რაციონალურად გადააზრებული - კრიტიციზმის მნიშვნელობის აუცილებლობა - საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის გადასარჩენად... კრიტიკისგან დისტანცირებული, მხოლოდ თავისთვის არსებული ხელოვნება კი, მხოლოდ მაშინ მისტირის, ან კიდევ ნატრულობს კრიტიკას, როცა ხელთ არ უჭირავს აპრიორულად დადებითი ე.წ. feedback-ი, რაიმე სახის “პროდუქტზე“.

...მიუხედავად ყველაფრისა, ისევ დადგამენ მოლიერს, ჩეხოვს, მიულერს, იბსენს, რასინს, ხან მროჟეკს, ბეკეტთან ერთად. ისევ დადგამენ სოფოკლეს, ესქილესთან და ევრიპიდესთან, სტრინდბერგსაც, აქა-იქ კაკაბაძეს და კლდიაშვილსაც, ხან კიდევ თანამედროვე ავტორებს და კვლავ დადგამენ ბევრჯერ - შექსპირსაც...


...და სათქმელი, პოზიცია, აქტუალობა, წარმოსახვითი ნაწილი - იქნება მაყურებლისთვის ორგანული? თუ სიხარულის მომგვრელი? თუ კათარზისის გამომწვევი? თუ ყველაფერი ეს ერთად?..


*ილუსტრაცია: August Friedrich Siegert - (1863)

No comments:

Post a Comment