დიდი ქართველი კომპოზიტორის,
მსოფლიო რანგის ხელოვანის, ე.წ. „სიჩუმის მაესტროს“
ხსოვნისადმი გია ყანჩელისადმი მიძღვნილი წარმოდგენა უდიდესი გამოცდილებისა და მრავალ
ინტერნაციონალურ-აღიარებებ გამოვლილმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ სემუელ ბეკეტის აბსურდის
ეფემერულ საბურველში გახვია. ბეკეტის „თამაშის დასასრულში“-ოთხი მოქმედი გმირი, ნანა ფაჩუაშვილი,
ჰამი-დავით უფლისაშვილი, კლოვი-გოგა ბარბაქაძე და ლევან ბერიკაშვილი ცარიელ, მონაცრისფრო
სივრცეში ამგვარივე ფლეგმატურ დიალოგებს გაითამაშებენ.
ორი პერსონაჟი: ნელ-ნანა ფაჩუაშვილი, და ნეგ-ლევან ბერიკაშვილი ე.წ. „სანაგვე კონტეინერში“
მსხდარნი, დავით უფლისაშვილი ეტლში მჯდომარე
და ხან კიბეზე მდგარი, ხშირად კი სცენის სიცარიელეში მოძრავი გოგა ბარბაქაძის გმირი. მხატვარ მირონ შველიძის სცენოგრაფიული კონფიგურაცია დომინანტურად ხაზს უსვამს აბსურდის თეატრისთვის
ესოდენ ავთენტურ მინიმალიზმს. სცენის სიღრმეში განთავსებულია მონაცრისფრო კარიბჭე
და კარიბჭის თავზე გამოსახული ანგელოზის სკულპტურული ‘პორტრეტი’ ერთგვარი „საყვირით“
ხელში, რომელიც გადაჰყურებს სცენისა და პარტერის ნაწილს, ჩემი აზრით, სცენოგრაფიაში
ანგელოზის ამგვარი კონფიგურაცია ადამიანის
ეგზისტენციური მდგომარეობის დისონანსურობას უსვამს ხაზს და გროტესკის გამომწვევ ასოციაციას
წარმოშობს, რომელიც თავის მხრივ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ კონცეპტს გვთავაზობს - აბსურდისტული
სცენების პერიპეტიაში!
სემუელ ბეკეტის ტექსტის მიხედვით აგებული ვერბალური
ასპექტი აბსურდის დრამის ‘პარადიგმულობის’(პარადიგმა აქ-არატრადიციული კონოტაციით:)
მიუხედავად ცალსახად მრავალმიშვნელოვან დატვირთვას რომ ატარებს, ანტი-თეატრად წოდებულ-“theatre de
derision”-ს ქმნის, განქიქებისა და ირონიული, გარკვეულწილად დაცინვის პოზიციით, რომელიც,
ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის აბსოლუტურად ზომიერად მისაღები და არაშეურაცხმყოფელი
იყო... რადგან, მე ვფიქრობ, ნამდვილად არასწორი მეთოდოლოგიის, გნებავთ მიდგომის ნაწილია,
როგორი ევოლუციის პერიოდშიც არ უნდა იმყოფებოდეს კაცობრიობა: - სასტიკი ფორმებით დასცინო, პირისპირ ინვერსიის გზით სკაბრეზული გათელვა მოუწყო მაყურებელს, რომელიც სასიცოცხლოდ გჭირდება,
(ყველა შემთხვევაში!) ვინაიდან ყოველი სახელოვნებო
აქტი ყოველთვის, უპირველესად ხალხისთვის და მაყურებლის უმეტესად-დადებითი რეაქციის პროვოცირებისთვის იქმნება(!),
რათა ნებისმიერი სახის „სახელოვნებო აქტის“
დამთავრებისთანავე ხანგრძლივი აპლოდისმენტებისგან
გამოწვეული „თვითკმაყოფილება“ იგრძნოს რიგითმა შემოქმედმა... და აღნიშნული დისბალანსის დაუშვებლობა დიდ ოსტატობასთანაა დაკავშირებული, რაც უილიამ შექსპირის
18 პიესის სცენური ხორცშემსხმელისთვის, მეტნაკლებ და უდიდეს აღიარებებს შეჩვეული ავტორისთვის
რობერტ სტურუასთვის ძალზე მარტივი საქმეა...
ბეკეტის აღნიშნული პიესით, რომელიც აბსურდის დრამის, როგორც ჟანრის განვითარების
ერთ-ერთ კარდინალურ ნაწარმოებად ითვლება, ქართველი 81 წლის რეჟისორი რაფინირებული ხელწერით,
საერთო ჯამში, ეგზალტაციისგან თავისუფალი პათოსით, ონტოლოგიური და ირაციონალური განცდების
ურთიერთგადაფარვას მიმართავს... მაშინ, როცა იუმორი ტრაგედიაში, სიკვდილის მოლოდინისადმი
ინფერნალური შიში კი პაროდიაში ვარირდება!..
ცალსახად არ ვიზიარებ
მოსაზრებას, კონკრეტული შემოქმედისგან-ერთი ან რამდენიმე მაღალი ხარისხის სახელოვნებო ‘პროდუქტის’ შექმნის შემდეგ მკაცრად
რომ მოითხოვენ, ყოველ ჯერზე, მსგავსად მაღალმხატვრული ღირებულების გამართულ ნამუშევარს,
აღნიშნული მიდგომაც, ჩემი სუბიექტური აზრით, თავისთავად მცდარი და არასწორია. ხელოვნების
კრიტიკოსების დიდი ნაწილი, რომლებიც დიდ ხელოვანებს ძნელად პატიობენ ‘წაბორძიკებას’, იმავე ხელოვანების
შემოქმედებითი კრიზისის ფორსირებაზე პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს, როცა ერთი,
მეტნაკლებად ‘ძალიან კარგი’ ნამუშევრის შემდეგ (დღევანდელ დღეს, სხვადასხვა
თაობის ხელოვანების მაგალითებზე:) ყოველი მომდევნო - ნამდვილად სამწუხაროდ თანდათანობით
სტაგნაციაზე მეტყველებს! შედეგად გვაქვს სხვადასხვა „სათეატრო ენების“, თუ „ფორმების“
მიმბაძველობის წარუმატებელი მცდელობები, როდესაც მთლიანად ბილწსიტყვაობაზე ორიენტირებული
ტექსტები, (სხვათა შორის, არა მარტო თეატრში!)
მე ვიტყოდი გაუგებრად არააქტუალური
დიალოგები მეტწილად გაურკვეველი მონოლოგის რესტრუქტურირებულ ფორმად ყალიბდება...
მაყურებელი კი ინერტულობით სავსე ყოველგვარი რეფლექსიის გარეშე ტოვებს „წარმოდგენებს“,
რადგან მსგავსი „ლინგვისტური“ „გადათამაშება“,
ხომ მისი ყოველდღიურობის ნაწილი და ასე „მშობლიურად“ მჟღერია?! მომაბეზრებელია
მუდმივად ბასრი და მომთხოვნი ტონი შემოქმედისადმი, რომელიც კარგს თუ ცუდს, მაგრამ მაინც
„ქმნის“, არ უნდა მოვახდინოთ უკვე აღიარებულის ნიველირება და მარგინალიზაცია. მაგალითად,
გვიანდელი სტურუას სპექტაკლების პარალელურად არ უნდა ვაქარწყლებდეთ (და იმავე კლასის ნამუშევრებს აღარ უნდა ვთხოვდეთ დღესაც:)
რამდენიმე ათწლეულის წინ შექმნილ, თუნდაც იმავე „კავკასიური ცარცის წრეს“, „რიჩარდ
მესამეს“, „მეფე ლირს“ და სხვ. რომელთა უმრავლესობა ჩემს თაობას, მხოლოდ ფირზე თუ გვინახავს,
თუმცა არ დავუბრკოლებივართ „ჩაწერილ ვერსიას“, ხელი არ შეუშლია აღქმისა და რეფლექსიისთვის. უდავოა, რომ მეოცე საუკუნის
ქართული ხელოვნების, სახელდობრ, ქართული თეატრის რეაქციული, ინტერნაციონალურად რეზონანსული და საბჭოთა პერიოდში ნონკონფორმისტულად მეტყველი „ენის“
ჩამოყალიბებაში რობერტ სტურუას, როგორც რეჟისორის
წვლილი უდიდესია.
კვლავინდებურად მივუბრუნდეთ
ცხოვრებისეული(მიწიერი) ამაოების აპოთეიზმის მომხრე ბეკეტის „თამაშის დასასრულის“ სტურუასეული სცენური გადაწყვეტის ბოლო აკორდს, როცა
მოქმედი პერსონაჟების აზრთა ჭიდილს, მოსაზრებათა
ურთიერთმონაცვლეობას დრო ეწურება, ცხოვრების ‘აბსურდისტულ თამაშში’ ჩართული მონაწილეების არსებობა მთავრდება! ზუსტად ისე, როგორც მთავრდება
თითქმის ყველაფერი მიწიერ ცხოვრებაში!!! დაახლოებით 9-10 წლის თეთრ სამოსში ჩაცმული ბიჭი, ჩემთვის ანგელოზის პროტოტიპი,
სრულად აბნელებს სცენას და ავანსცენაზე მდგარი აღმართავს გამჭვირვალე, „წყლისფერ“ ერთგვარ კედელს, რომლისგან გამოსტყორცნილი სინათლე აირეკლავს პარტერში მსხდომ ხალხს/მაყურებელს...
რაციონალურად იბადება განცდა, რომ ფაქტობრივად, ყოველი დამსწრე მაყურებელი, რეალური
ცხოვრების აბსურდულ „თამაშში“ მოქმედი ადამიანები სარკეში ხედავენ „საკუთარ სახეს“. რობერტ სტურუამ სხვადასხვა თაობის მოქმედ თუ მომავალ ხელოვანებს აჩვენა იმ მოცემულობაშიც
კი, როდესაც რუსთაველის თეატრს აღარ აქვს საუკეთესო ‘მსახიობთა კონსტელაცია’, ძალზე
მშვიდად და აუღელვებლად, როგორ შეიძლება დღევანდელ დღესაც - ყველანაირი ვნებების სრული
გაშიშვლების ‘ხანაში’(რაც აღარავის უკვირს დიდი ხანია!), სკაბრეზისა და პირდაპირი გაგებით-მაყურებლის
„სახეში შეფურთხების“ გარეშე დაანახოს დისტანციური
პოზიციიდან იმავე მაყურებელს, მაშასადამე ხალხს საკუთარი ღირსება(თუკი მსგავსი მრავალი
გააჩნიათ!) და გარდაუვლად არსებული მანკიერებანი,
შედეგად კი ეგზისტენციური პრობლემის ამაოებასა
და ონტოლოგიური ‘კანონზომიერების’ წარმავლობაზე დააფიქროს! ...მაშინ, როდესაც „უსინათლო“ პერსონაჟის კითხვაზე „თვალხილული“ პერსონაჟის პასუხიც უიმედოა და აპათიური: ...
ჰამი: კლოვ, რას ხედავ?..
კლოვი: არაფერი ჩანს…
კლოვი: არაფერი ჩანს…
*ფოტო ამოღებულია რეჟისორის სოციალური ქსელიდან.
No comments:
Post a Comment