Tuesday, 25 November 2025

მსახიობისა და აუდიტორიის კავშირი ეჟი გროტოვსკის კონცეფციით

 



კრიტიკოსის ერთ-ერთი ფუნქცია მაშინ ვლინდება, როცა ირჩევს კონკრეტული დადგმის ავტორს, ვისაც აანალიზებს, ან ლიტერატურულ წყაროს კონტექსტის მიხედვით, ან სულაც ორივეს ერთად - პირადი მიზიდულობის მიზეზით., ასევე, მისი ფუნქცია შესაძლებელია გამოვლინდეს ერთგვარ ლოიალურობაშიც, მაშინ როცა, სახელოვნებო აქტი ლატენტურად მაინც ძალადობს მაყურებელზე ტექსტუალური და არავერბალური ფორმებით.

ამავდროულად დაუშვებელია მაყურებელი ძალადობდეს თეატრალურ დადგმაზე, რომელიც არ უნახავს, ან მსჯელობდეს სპექტაკლზე კონკრეტული ნაკვესის საფუძველზე, მთლიანი სქემის აღქმის გარეშე - ასევე დაუშვებლად ამორალურია.


რასაკვირველია, რომ მაყურებლის ემოციურ ტრანსში ჩაგდება სახელოვნებო აქტს უნდა შეეძლოს, თუმცაღა ფიზიკური შემხებლობის დროს - გნებავთ, ფიზიკური ინტერაქტივი ვუწოდოთ - თანადამსწრე პუბლიკისგან უნდა არსებობდეს რამენაირი თანხმობა(!).
ვინაიდან, თეატრალური ხელოვნება ყველაზე ცოცხალ აქტს მოიაზრებს ყველანაირ კონცეფციაში, განსხვავებით სხვა სახელოვნებო დარგებისგან.

თეატრალურ საშემსრულებლო აქტს ეკისრება ავტომატურად ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაყურებელთან ურთიერთობის ასპექტში, რამეთუ <აქ და ახლა> კონცეპტის მთელი სისავსით მატარებელია., უმთავრესად იმიტომ, რომ საშემსრულებლო აქტი -აქ და ახლა- არ ვარიირდეს ნაძალადევი ნარატივის რესტრუქტურირებულ ფორმად.


ეჟი გროტოვსკი წიგნში (თეატრალური უნივერსიტეტის გამომცემლობა “კენტავრი“) <ღარიბი თეატრისკენ> ერთ-ერთ თავში (მსახიობის წვრთნა) შესანიშნავად აღნიშნავს:
“მიეცით საკუთარ თავს კონკრეტული ამოცანა, როგორიცაა სხეულის ერთი ნაწილის მეორის წინააღმდეგ დაპირისპირება. მარჯვენა გრაციოზული, მოქნილი და მშვენიერია, რაც მიმზიდველი და ჰარმონიული მოძრაობებით გამოიხატება. მარცხენა ეჭვიანობით უყურებს მარჯვენას, მოძრაობებში ბრაზისა და გაკიცხვის განცდებს გამოხატავს. იგი თავს ესხმის მარჯვენას, რომ შური იძიოს მასზე საკუთარი სიმდაბლის გამო და ცდილობს მარჯვენის წაბილწვასა და განადგურებას. მარცხენა იმარჯვებს, მაგრამ, იმავდროულად, მარცხისთვისაა განწირული, რადგან მარჯვენის გარეშე ვერ გადარჩება, ვერ იმოძრავებს.“

აღნიშნული პასაჟი ნიშანდობლივად უტრირებს მსახიობებსა და პარტერთან-თანადამსწრე აუდიტორიასთან ურთიერთობის გარდაუვალ პლასტს.
ვერცერთი მსახიობის ვერბალურ-კინეტიკური სათქმელი ვერ იმოძრავებს მაყურებლის მეთვალყურეობისა და თანადასწრების გარეშე. როგორ კონფრონტაციულადაც არ უნდა სწვავდეს მსახიობს მაყურებლის დამარცხების სურვილი, უბრალოდ ვერ შედგება მსახიობის ქმედება, როგორც აქტი - მაყურებლის გარეშე, მაშასადამე ვერ იარსებებს!..

 

(ღარიბი თეატრისკენ) – “და როცა ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ამ თეატრის არსი არც ამბის თხრობაა, არც აუდიტორიასთან ერთად სხვადასხვა ჰიპოთეზების განხილვა, არც ცხოვრების გარეგნულის წარმოჩენა, არც ხილვა - არამედ მსახიობის სხეულში, დროის კონკრეტულ მონაკვეთში და კონკრეტულ ადგილას - აქ და ახლა - განხორციელებული შემოქმედებაა, რომელსაც მაყურებელი უცქერს...“

მხოლოდ ამ დროს ხდება თეატრის არსის სრულყოფილი დემონსტრირების პოსტულირება, ინტიმური და თან საჯარო, ორმხრივი ურთიერთქმედების მეშვეობით - მაყურებელსა და მსახიობს შორის რომ სინქრონში წარმოიშობა ხოლმე!

(ღარიბი თეატრისკენ) – „მსახიობის ტექნიკის, მისი ხელოვნების მეშვეობით, თეატრი ინტეგრაციის, ნიღბების ჩამოშლის, ჭეშმარიტი არსის, ფიზიკური და მენტალური რეაქციების ერთიანობის - გამოაშკარავების შესაძლებლობას გვაძლევს.
თუმცა საჭიროა მოწესრიგებული, დისციპლინური მიდგომის შემუშავება და ამ შესაძლებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სრულად გააზრება. თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში თეატრს თერაპიული ფუნქცია აკისრია. ცხადია, გამოაშკარავების აქტს თავად მსახიობი აღასრულებს, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ მაყურებელთან შეხვედრის საშუალებით შეუძლია - უშუალოდ, პირისპირ და არა ოპერატორის კამერის, გარდერობის უფროსის, სცენოგრაფისა თუ გრიმიორის უკან დამალულს.
მსახიობმა უნდა შეძლოს მაყურებელთან დაპირისპირება და, როგორღაც, „მის ნაცვლად“ კონფრონტაციაც. მსახიობის მიერ შესრულებული აქტი - ზედაპირულობაზე უარი, შინაგანის წარმოჩენა, სრულად გახსნა, მასში ჩაკეტვის ნაცვლად - მაყურებლისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ამგვარი აქტი შეიძლება მხოლოდ ძალიან დიდ სიყვარულს შევადაროთ.
მხოლოდ ამ ანალოგით შეიძლება „საკუთარი თავიდან აღმოცენების“ პროცესი აღვწეროთ.
ამ პარადოქსულ და რადიკალურ ქმედებას ვუწოდებთ ტოტალურ აქტს.“

ცოცხალი ხელოვნების უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ცოცხალი ადამიანის თანადასწრების გამო და დროს ხდება შინაგანი ან გარეგანი მოქმედების გენერირება, კონფრონტაცია და დინამიკა. მაყურებელი არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ტოტალური აქტის ქმედითობის პროვოცირება მოახდინოს.

„შეუძლია კი თეატრს არსებობდეს მაყურებლის გარეშე?
დადგმისთვის სულ მცირე ერთი მაყურებელი მაინც არის საჭირო. გვრჩება მსახიობი და მაყურებელი. მაშასადამე, თეატრი შეიძლება განვმარტოთ, როგორც: „ის, რაც ხდება მაყურებელსა და მსახიობს შორის.“ ყველა დანარჩენი მხოლოდ დამხმარე ელემენტია - შეიძლება საჭირო, მაგრამ მაინც დამხმარე და არაარსებითი.
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი თეატრალური ლაბორატორია აღმოცენდა რესურსებით მდიდარი თეატრისგან და ასკეტურ თეატრად იქცა: ასკეტურ თეატრში მხოლოდ მსახიობები და მაყურებელი რჩება. ყველა სხვა ვიზუალური ელემენტი - მაგ., სივრცითი და ა.შ. აიგება მსახიობის სხეულის საშუალებით, აკუსტიკური და მუსიკალური გაფორმება კი - მისი ხმის გამოყენებით. რადგან ჩვენი თეატრი შედგება მხოლოდ მსახიობისა და აუდიტორიისგან, ორივე მხარეს განსაკუთრებულ მოთხოვნებს ვუწესებთ.“

ვფიქრობ, როგორი ასკეტურ-ლაბორატორიული სტილის კონფიგურაცია ან ბურჟუაზიული გემოვნების დადგმაც არ უნდა იყოს ჩვენს თვალ წინ - მუდამ იარსებებს მაპროვოცირებელ-მაგენერირებელი მარცვალი <მსახიობსა და მაყურებელს> შორის ენიგმატური, უხილავი და ამავე დროს, ხელშესახები - უწონადო ინტერაქციის წარმოქმნისა.,
აღნიშნული ცენტრალური ფოკუსის გამო თეატრი არის უნიკალური და ესოდენ მიმზიდველად თვითმყოფადი ყველა დროში(!).


 


*ტექსტში მოხმობილია ციტატები პოლონელი თეატრის რეჟისორის, თეორეტიკოსისა და პედაგოგის ეჟი გროტოვსკის წიგნიდან „ღარიბი თეატრისკენ“., პირველი ქართული გამოცემა., გამომცემლობა „კენტავრი“., 2022. მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე; რედაქტორები: მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, ანა კვინიკაძე.

„ნუღარ გამოხვალ ოთახიდან“ - პოლიტიკური ფარსი 5 ეპიზოდად

 





 “ნუღარ გამოხვალ ოთახიდან, ოთახი ხომ ახლობელი პენსეაა,                                               
და ეს ნაგავიც სრულიად დაგაკმაყოფილებს, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენს იქით, არც ევროპაა, არც აზია - ჩვენს იქით უიმედობაა და სანამ ჩვენ ვეღარ ვიყიდით პურს და ვეღარ გავაკეთებთ ტყუილ სუპს, ევროპული ოჯახი უარგვყოფს და დავიღუპებით? ახალგაზრდა პოტენციალებს ნეოფეოდალი კაპიტალისტი მონობაში ჩაახრჩობს და აეროპორტის კარებს აატალახებს.

აღარ გამოხვიდე ოთახიდან, ისტერიკას ებრძოლე და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რათა გეოგრაფიული ენა გქონდეს და როგორც დილის ხუთზე ნანახი ტუტორიალი თუ როგორ მისცე ჭიკარტს მეტი ფუნქცია, ისეთივე ფუნქციური გახდები და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რომ აქ ცხოვრება კიდევ მოგინდეს, როცა ერთადერთი გამოსავალი თვითდასაქმებაა ისიც საკუთარი ქვეყნის გარეთ, როცა ხელფასად ოც ლარზე მეტს ვეღარ აიღებ, როცა შიმშილის საფრთხე რეალურია, როცა განათლება პრივილეგიაა და არა უფლება, როცა თვითგამოხატვა პროპაგანდაა თან მაშინ, როცა ნამდვილი პროპაგანდა რეალობას გვიყალბებს, როცა არტისტები კულტურული შიმშილით კი არა პურის შიმშილით იღუპებიან,

ჰოდა,

ნუღარ გამოხვალ ოთახიდან,

სანამ არ იმოქმედებ!“
 

ეს მწვავედ რეფლექსიური და კრიტიკული ტექსტი დრამატურგის და რეჟისორის ქეთევან სამხარაძის სპექტაკლის მცირე პასაჟია, რომელიც თეატრის მაყურებელმა ქალაქის თეატრში 6 და 7 ივნისს იხილა.


აღნიშნული დადგმა 2021 წლის ოქტომბერში მზიურის ამფითეატრშიც გათამაშდა, თუმცა იმ დროის კონტექსტიდან გამომდინარე, ხოლო 2025 წლის ივნისში, კონტექსტმა ერთგვარი გრადაცია განიცადა მიმდინარე სოციო-პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის პარალელურად. გაცილებით მწვავე, ბუკვალური და თამამი გახდა სათქმელი, რომელზეც 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება.


მსახიობები მაყურებელთან პირდაპირი კომუნიკაციით იწყებენ სპექტაკლს ძალიან ცოცხალ ტემპო-რიტმში და მიუხედავად ნეგატიური ხმოვანი ტექსტისა (ხმა: ზუკა ცუხიშვილი) რაც მოქმედების დაწყებას წინ უძღვის, მთელი წარმოდგენის კონსტრუქციას ფარული იმედის კვალი ამჩნევია; ცალსახად ნეგატიური კონტექსტის, სარდონიკული სიცილებისა და ნიჰილიზმის ფონზე - სპექტაკლის კონცეფცია ახალგაზრდული, ცოცხალი ენერგიის საპირწონე სიცოცხლისუნარიანობის, მოქმედებისა და სიხარულის ძალის შეგრძნებას ტოვებს., თითქოს ლატენტურად, ნატიფად და მიზანმიმართულად!..

 

(ქორეოგრაფი: Archprincess/ ვიდეოგრაფი: მარიამ გილაშვილი/ ციფრული დიზაინერი: თამარ სამხარაძე/ გრიმიორი: გიორგი კლაინი/ გამოყენებულია ბაჯო ჯიქიძის & თორნიკე ჯაფიაშვილის, „ცისფერი ტრიოს“ და მადონას მუსიკა.)

პოლიტიკური ფარსი ხუთ ეპიზოდად ექსპოზიციურ ნაწილში მაყურებელთან დიალოგის შემდეგ, ოსტატური სიეშმაკით თვალსა და ხელს შუა პირველივე ეპიზოდს ხსნის. მსახიობებ-შემსრულებლები საკმაოდ სტერეოტიპული და ჩემთვის ერთთავად ირონიული შეკითხვით გადადიან დამსწრე პუბლიკასთან: - „რა პროფესიის ხართ?“ - მაშინ, როცა ქვეყანაში დიდად ვერცერთი „პროფესია“, როგორც ასეთი, ვერ რეალიზდება სათანადოდ და როცა ადამიანს შეიძლება ე.წ. „პროფესიული როლების“ გარეშე უნდოდეს ცხოვრება და არ ჰქონდეს პროფესია, აღნიშნული შეკითხვა ცალსახა სტერეოტიპულობის მიღმა, მწვავე ირონიულ ელფერსაც მოიცავს.

 

მაყურებელთან რამდენიმე კითხვა-პასუხის შემდეგ - სცენის მეპატრონე მსახიობ-შემსრულებლები პარტერში მიმართავენ ახალგაზრდა გოგოს იდენტური შეკითხვით და ის იწყებს ვრცელი პასუხის გაცემას, საკმაოდ ეგზალტირებულ ტონში და თანდათან ხვდები, რომ ეს არასპონტანური ინტერაქციაა და კარგად განსაზღვრულია რეჟისორისგან. სცენაზე თითქოს ძალით გამოჰყავთ ეს გოგო და სანამ იტყვიან, ეს მსახიობია და ამ როლს ითამაშებსო, მანამდე ვცნობ ანკა დიდმანიძეს, რომელიც შესანიშნავი ოსტატობით გაითამაშებს თავის ფუნქციებს, ისევე, როგორც უკლებლივ ყველა დანარჩენი სცენაზე მდგარი.

ანკა დიდმანიძე სამედიცინო სფეროს კრიზისს არტიკულირებს - ექთანი ნონას პროტოტიპით, სადაც კარგად ჩანს პოტენციალების ექსპლუატირების ხარისხი, სოციალური გამართულობის საწინააღმდეგოდ დაკანონებული ხელფასები, უპერსპექტივობაში ჩაკარგული იმედები!


ლუკა ჩიბუხაიას - ბანკირი ნოდარი, ჩვენ ქვეყანაში მიღებული პარადიგმისა და მენტალურობის ეგზისტენციალურ კრიზისს იმით ამყარებს, რომ მსუბუქი სარკაზმით გვიყვება, საშუალო ფენაში როგორ მუსირებს მცდარი აზრი „ბანკში მუშაობის პრესტიჟულობასთან“ დაკავშირებით; სადაც ისეთივე ფრუსტრაცია და უიმედობაა, როგორც სამედიცინო სეგმენტში, რომ არაფერი ვთქვათ საბანკო დაკრედიტების სისტემის კოლაფსსა და რეცესიულ პროცესზე!

 სალომე ესაძის - სტუდენტი ნია, სახელოვნებო უნივერსიტეტის კრიზისის დემონსტრირებაა: ადმინისტრაციულ-აკადემიური სტრუქტურის ღია კრიტიკის ძალიან შიშველი მაგალითით.
უთანასწორობის, პროტექციის განცდით. ამ სფეროშიც სევდიანი უიმედობის და ფრუსტრირების მაღალი შეგრძნებით.

ანიკო შურღაიას - მასწავლებელი ნანი, მასწავლებლების ხმაა, დაუფარავი მანიფესტირება, იმისა, თუ როგორ წნეხსა და ცენზურაში შეიძლება იყოს სუბორდინაციულ სქემას დაქვემდებარებული პედაგოგი, რომელიც ვერაფრით ვერ იქნება სამართლიანი და ორგანულად პედაგოგი-აღმზრდელი თაობებისთვის, თუ თავად არის დამორჩილებულ-დამონებული, ისიც მცირე გასამრჯელოს დაკარგვის შიშით, ოჯახი რომ არ დაურჩეს მშიერი. აქაც სევდაა, უიმედობა და კვლავ ფრუსტრაცია.

პოლიტიკური ფარსის მეხუთე ეპიზოდში უმუშევრის პროტოტიპს, თავად მსახიობი ნიკა ჯაფარიძე, როგორც ნიკა გაითამაშებს. „შეუმდგარობის“, ვერსად მუშაობის დაწყების სინანულით, სტატუსშეჩერებული სტუდენტის დამღით და ყველაფერ იმით, რაც მას ამ წამს აწუხებს და ჰგონია, რომ სწორედ ესაა ადამიანის ფუნდამენტური ეგზისტენციალური პრობლემა აქ და ახლა. და არც იმაშია დიდად მომაბეზრებელი პათეტიკა, რომ ამ ყველაფერს ვერ ისმენს ის ადრესატი, ვისკენაც არის მიმართული სათქმელი, რადგან მსგავს ადგილებში ძირითადად ერთი და იგივე სახეები, მოკლედ, რომ ვთქვათ, ერთი და იგივე აუდიტორია იკრიბება ხოლმე. აქაც სევდაა და კვლავ ფრუსტრაცია(!).

 

და მაინც, „ნუღარ გამოხვალ ოთახიდან, სანამ არ იმოქმედებ“, რომ სიცოცხლისუნარიანი გახდე(!).
 

*მშვენივრად კონსტრუირდა თამამი გადაძახილები მსახიობებისგან რეჟისორთან და რეჟისორისგან მსახიობებთან, რომელმაც სპექტაკლის დინამიკურ მუხტს პოლიტონური ელფერი მისცა.


ანიკო შურღაიასა და ლუკა ჩიბუხაიას ერთობლივი ეპიზოდი ცალკე <მინი სპექტაკლის> ტოლფასი აქტია - აროგანტული მანიპულაციებით, მიმიკებითა და ხმით ორგაზმის იმიტაცია იმდენად ეფექტური იყო, რომ შეკრებილმა აუდიტორიამ ამ მონაკვეთს ხმამაღალი ტაშიც შეაგება ხმამაღალ სიცილთან ერთად.

სოციალური სატირა - მარჯანიშვილის თეატრში

 


კონსუმერულ ეპოქაში, კლიმატური ცვლილებების, წარმოებული ომებისა და სხვადასხვანაირი ფსიქო-სომატური სიმპტომატიკის მიმდინარეობის პარალელურად, რა სახის დისკომფორტი აქვს თანამედროვე ადამიანს?!


მაგალითად, ერთ-ერთია:


კომუნალური პირობების შეზღუდვა; დენის, წყლის, გაზის და სხვა ფუნდამენტურად გარდაუვალი საჭიროებების ხელმიუწვდომლობა, ან როცა პროდუქტებზე ფასები იმატებს, ან ბანკების საპროცენტო განაკვეთები იზრდება; ამ მოცემულობების შემთხვევაში, ნებისმიერი მოქალაქე, რბილად რომ ვთქვათ, დისკომფორტს განიცდის, ხოლო ობიექტურად თუ ვიტყვით, მაშინ ადამიანი მწვავე სტრესში ვარდება! არა პროდუქტიული და არაპრაგმატულიც ხდება, შესაძლოა მარტივად მართვადიც გახდეს, დანებებული და შეშინებული <ზემდგომი კონიუნქტურული სისტემების> მხრიდან, ვის ხელშიც არის, სწორედ ადამიანის ბაზისური კომუნიკაციების მართვის ორიენტირი! ან შესაძლოა კრიზისში მყოფი მოქალაქე დისციპლინურად პრაგმატული, მეამბოხე და რეზისტენტული გახდეს!

ქეთი ცხაკაიას გმირი-ანტონია, ლაშა შეროზიას სპექტაკლში (დარიო ფოს პიესის ინსცენირება) - „არ გვიხდით?! არ გადავიხდით!“ – შემოთავაზებული პარტიტურის ერთგვარი მოდულაციური ღერძია, რომელიც მთელი წარმოდგენის მანძილზე სცენაზე დგას და არცერთი წამით არ აგდებს ვერბალურ და ფიზიკურ რიტმს, ინდივიდუალური ხელწერით ჰაეროვნად ჟონგლიორობს თავისი გმირის მანიპულაციურ ლაბირინთში. მაყურებელს არ აძლევს მოდუნების, ან ზოგიერთ მაყურებელს ჩაძინების საშუალებას (ჩაძინების პირდაპირი მნიშვნელობით).


ცხაკაიას ანტონია მთლიანი დრამატურგიული სქემის მაორგანიზებელიცაა და პერსონალური ენერგეტიკული მუხტით ზემოქმედებს თანადამსწრე დამკვირვებელზე - აღნიშნული ნიუანსები პარტერში კონცენტრაციას წარმოშობს ხოლმე. მისი პერსონა არც ნებდება, არც უშინდება უშიშროების უწყების გამომძიებლებს და არც ფარ-ხმალს ყრის., ის იბრძვის, ეშმაკურად ჟონგლიორობს, ზემოქმედებს და გადარჩება კიდეც. ზუსტად ისე წარმართავს მიზანსცენურ კომპოზიციას, რომ საბოლოოდ რენტაბელური მდგომარეობა მიიღოს.

სპექტაკლის ანოტაციიდან ამონარიდი ასეთია: „ანტონია სხვა მუშათა კლასის ქალებთან ერთად, რომლებიც უარს ამბობენ გაბერილი ფასების გადახდაზე, მაღაზიიდან პროდუქტებს ისე დაიტაცებენ არაფერს არ გადაიხდიან“.

ცხაკაიას ანტონია, ანა სანაიას შესანიშნავ-მარგარიტასთან უნისონში თავბრუდამხვევი ხრიკების კორიანტელს მოიფიქრებს, რათა ქვეყანაში ფასების უკანონო მატებას კონტროვერსიული ნაბიჯით უპასუხოს. ის თანდათანობით იმორჩილებს თავის კანონმორჩილ, გაუბედავ ქმარს-ჯოვანის (ბესო ბარათაშვილი), გავლენას ახდენს ძალიან ფლეგმატურ პერსონაჟ ლუიჯიზეც (დიმიტრი ტატიშვილი),


ხოლო, თუ და რა სახის <სასპენსს> შექმნის მანიპულაციების შედეგად პოლიციელსა (გვანცა კორშია) და უშიშროების თანამშრომელთან (ვალერი კორშია), ეს სიტყვიერი აღწერის გარეშე თავად უკეთ ნახეთ...





სცენოგრაფიული ნარატივი (სცენოგრაფია და კოსტიუმები - შოთიკო ბაგალიშვილი) ამ დადგმის შემთხვევაში თვალსაჩინოდ მივიჩნიე, რამდენადაც სათქმელის ამეტყველების თვალსაზრისით რეჟისორის კარგი დამხმარე აღმოჩნდა. დაბალჭერიანი, ვიწრო, მონოქრომული, პასტელის ფერში ვარდისფერი სამოქმედო სივრცე - მშვენივრად უტრირებს <სოციალური გაუმართაობის> საკითხის სიმწვავეს, როგორც ყოველი ადამიანის ბაზისურ ფუნდამენტურ პრობლემას.


სცენის ამ დაკონკრეტებულ სივრცულ არეალში წელში გაუმართავი გმირები მოქმედებენ, ხშირად კომიკური მოძრაობებით, (ქორეოგრაფია - გია მარღანია) სოციალური ფარსის, ან სატირის კონტექსტში.

დასაფიქრებელია, რიგი რეპრესიების შედეგად აქტიური პროტესტების ფონზე, ძირითადად რატომ არასდროს ანონსდება, მაგალითად, კომუნალური გადასახადების მატებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია?! ან თუნდაც, ზედმეტად მცირე გასამრჯელოების (ხელფასებისა და პენსიების) პარალელურად, რამდენად ეკვივალენტურია არსებული საბანკო კრედიტების ნიშნულები?!.. რატომღაც ამგვარ სოციალურ საკითხებზე მსჯელობა არც ისე <კარდინალურად გვეჩვენება> და ცოტა გვეუხერხულება კიდეც - ყოველი მოქალაქისთვის ელემენტარულ საბაზისო პრობლემებზე სკანდირება.

ის კი გვახსოვდეს, რომ სანამ <ხელოვნების სფეროებამდე>; <გამოხატვის თავისუფლების ხარისხამდე>; და სხვა <სუბკულტურულად, გვინდა არ გვინდა, ვიწრო საკითხებამდე> მივალთ, მანამდე არსებობს სოციალურ პრობლემათა ჯაჭვი,. და არც ისაა დიდად საკვირველი სუბკულტურულ წრეებში ჩაკეტილი პროტესტი, რომ ვერ გახდეს მასობრივი - მუდმივად საბაზისო საჭიროებებით შეწუხებული მოქალაქეებისთვის!..

დარიო ფოს დრამატურგია კი, არა მხოლოდ იტალიური კულტურის თანამედროვე მონაპოვარია, არამედ გლობალურ მასშტაბს მოიაზრებს.


მაშასადამე, რამდენადაც სახალხო, უკომპრომისო, თავისუფალი და სუბლიმაციურია, იმდენად საპასუხისმგებლოა, როგორც უნივერსალური ავტორი-შემქმნელის (დრამატურგი-რეჟისორი-მსახიობი) მასალასთან ფრთხილი ფლირტი და სცენაზე არტიკულირება - მიმდინარე დროის კონტექსტში თუ მიმდინარე დროსთან უკონტექსტობაში.


**<არ გვიხდით?! არ გადავიხდით!> ლაშა შეროზიას მეორე ნამუშევარია მარჯანიშვილის თეატრში; მაყურებელს გვახსოვს 2016 წელს, თეატრის სხვენში - არისტოფანეს კომედიის მიხედვით დადგმული ეპატაჟური სპექტაკლი „ლისისტრატე“.

*ფოტო: ცოტნე წერეთელი

 

სოციუმისგან სტიგმატიზებული ქალები

 


2025 წლის 1 ივლისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა _ მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლის პრემიერით „ჰაიდე“ ანშლაგით გაავსო მაყურებელთა დარბაზი.


დღევანდელი სამყაროს პულსაციაში, ტექნოკრატიული აღზევების პირობებში, როცა ერთგვარი ჰიპერაქტიური თვითშემეცნებისა და მენტალური ცნობიერების განვითარების გზებზეც - ადამიანი თანდათან თვითდაკვირვებასა და სხვადასხვა ტიპის კვლევითი პრაქტიკების რეალიზაციას უწყობს ფეხს., თანამედროვე საქართველოს ზოგიერთი რეგიონის (და არა მარტო რეგიონის) ეთნიკურ ჯგუფებში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონები და სრულწლოვნები - ჯერ კიდევ დისკრიმინაციულად დაუსრულებელ დაღდასმულ წნეხში არსებობენ!

ფემინური სქესის, როგორც უუფლებო მარიონეტის, სხეულის საკუთრების შეგრძნების გარეშე მყოფის, იდენტობის არმქონე <სუბიექტის> სტიგმატიზაცია, ერთი შეხედვით უხერხულობას უნდა იწვევდეს დღევანდელ დღეს(!), თუმცაღა ერთ-ერთ მოწინავე პრობლემად რჩება არსებულ სოციუმში ქალთა უფლებების, თავისუფალი მოქმედებების, ინდივიდუალური ცხოვრების გზის დისკრედიტაციულ რაკურსში განხილვა.

„ჰაიდე“ (ტექსტის ავტორი: ქეთევან სამხარაძე) უტრირებულად ხაზს უსვამს - მდედრობითი სქესის სხვადასხვა კუთხით კოლექტიურ სტიგმატიზაციას.
დიდი ხნის ხავსმოკიდებულ პარადიგმებად ქცეული <სტერეოტიპები> ქალის ინდივიდუმს ავტომატურად სამსხვერპლო ჩარჩოში აქცევს. ქალის ვიტალურ და მენტალურ ყოფას უკიდურესად სევდიანს, უსიხარულოს, ლოკალიზებულს, მყარად ჩაკეტილს, კონვულსიურსა და დესტრუქციულს ხდის!..

პერმანენტულ რეჟიმში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები და გოგონები, მარგინალური სტერეოტიპების კორიანტელში ეხვევიან, როგორც ოჯახის, ისე სხვადასხვა მიკრო სოციალური სეგმენტის მხრიდან. ამ დროს ქალის შინაგანი სურვილები, მისწრაფებები, იდენტობა, არჩევანი და კიდევ ბევრი რამ _ აბსოლუტურად უგულებელყოფილია, მკაცრად ნიველირებული.

ქალი ზუსტად იმავე ხარისხით იმსახურებს თავისუფალ არჩევანს - შვილის ყოლის, დაოჯახების, განათლების მიღების, დასაქმების თვალსაზრისით ნებისმიერ ასაკში, როგორც კაცი; და ამ რუდიმენტულ საკითხზე არ უნდა უხდებოდეთ ქალებს თავის დაცვა და მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნა.

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის თემა უშუალოდ მხოლოდ ქალთა საკითხს განიხილავს, აქვე მსურს აღვნიშნო იმ კატეგორიის კაცების შესახებ, რომლებიც მოსახლეობის საკმაოდ დიდ პროცენტს წარმოადგენს და თავის მხრივ სამწუხარო ‘მსხვერპლები’ არიან ოდესღაც დაკანონებული კოლექტიური ცნობიერებისა, რის მიხედვითაც ქალს მოიაზრებენ, როგორც <საკუთრებასა და მორჩილ არსებას>! სამწუხაროდ ამ პერვერსიულ ასპექტს ნაკლებად უსვამენ ხაზს, როცა უფლებების შესახებ დისკურსს აწარმოებენ.

თათა თავდიშვილისა და ტატო გელიაშვილის, როგორც მხატვარ-ქორეოგრაფ-რეჟისორების ერთობლივი კოლაბორაციული ნამუშევრები (თეატრალური კომპანია „ჰოი“) უახლეს ქართულ თეატრს უნახავს; ამჯერად <ჰაიდე> ვერბალურ-ფიზიკური თეატრის სინთეზის ერთგვარი ნიმუშია, სადაც წამოჭრილ პრობლემურ თემატიკას ზედმიწევნით ავთენტურად ერწყმის თათა თავდიშვილის ქორეოგრაფიული, ექსპრესიული ფრაგმენტები, ტატო გელიაშვილის მხატვრულ-ესთეტურ არჩევანსა და რეჟისურასთან.

ტრაგიკულ ექსპრესიას ცალსახა პროფესიონალიზმით აღწევს დადგმაში მარინა ჯოხაძე; და მასთან ერთად სცენაზე მდგარი თითოეული ერთი ამბის მთხრობელი, როგორც <ჰისტრიონი>: თათია თათარაშვილი; ზურა ხაფთანი; ლიზა ნიკვაშვილი; ნინი ნოზაძე; პაპუნა ირემაძე; ალექსანდრე შარაბიძე; მაკა სტეფანია; მარიამ ჭოხონელიძე; ნიკა გუგუნავა. მუსიკა - მიხეილ ზაქაიძის.

„ჰაიდე“ ავადაქტუალურ პრობლემას - ქალთა უუფლებობას, ჩაგვრას, მათ მიმართ ძალადობას, დისკრიმინაციას დემონსტრირებს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე;
აღნიშნული დემონსტრირება უტყვი მანიფესტაციაც არის და ამავე დროს, ხმამაღალი, ბუკვალურად სკარიფიკაციული, <ფერწერული კონვულსიური> რიტმი.

Wednesday, 23 April 2025

ხელოვნების ინტელექტუალიზაცია



მუდმივად რეგენერაციული ბუნების მქონე საშემსრულებლო ხელოვნებას სჭირდება ე.წ. ინტელექტუალიზაცია. თუნდაც იმიტომ, რომ არ იქცეს მასკულტურის შეუმჩნეველ ‘პატერნად’.

“ძალიან ძნელი არის შემოქმედების ინტელექტუალიზაცია შემოქმედი ადამიანისთვის…“ - თქვა საფრანგეთში მოღვაწე მშვენიერმა ქალმა კინორეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში; ის, რისი აღიარებაც შიდა ბაზარზე <მოღვაწე ხელოვანებს> ესოდენ უძნელდებათ, თავისუფლად წარმოთქმა არ გაუჭირდა ნინო კირთაძეს.


ჩემი დაკვირვებით, <ინტელექტუალიზაცია> არ იდენტიფიცირდება მშრალი, გნებავთ, მსუყე კონოტაციით. ნებისმიერი ტიპის ცენზურას დაუქვემდებარებელი, დისტანცირებული პოზიციიდან რეფლექტორული გაანალიზება არის ინტელექტუალიზაცია. ან იქნებ, ყველაზე მარტივი დეფინიციით გულისხმობს, ხელოვნების ნიმუშის სხვის მიერ ინდივიდუალურ ინტერპრეტაციულ ვარიაციებს; თუმცა, იმ ქართულ ‘პოსტ-პოსტმოდერნულ’ რეალობაში, სადაც ჯერ კიდევ ვერ გავცდით საკუთარი სახელი და გვარის შექების კონტექსტში ამოკითხვას/გაჟღერებას, რთულია მოსთხოვო <ღვაწლმოსილ თუ ჯერ არც იმდენად დიდზე ღვაწლმოსილ ხელოვანებს> სერიოზულად მსგავს საკითხზე დაინტერესება. (საერთოდ დიდად მეეჭვება, ამ ნარცისული კომპლექსისგან / საკუთარი თავის ქებას რომ მოიცავს ოდესმე გათავისუფლდნენ!).


ხშირად მოსწრებულად აღნიშნავენ ხოლმე, რომ ‘კრიტიკა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგივე ინტელექტუალიზაცია მეორეხარისხოვანია, შესაბამისად ხელოვნების დანამატი და ზედმეტიაო...’


ამგვარი ფორმულირებები ჩანასახშივე მცდარი ხდომილობაა, ვინაიდან, ხელოვნება, მით უმეტეს, ცოცხალი ხელოვნება, რომლის უნიკალური გამოვლინებაა ყველანაირი სტილის თეატრი - მომენტალურად მკვდარი სიცოცხლისთვის (ე.ი. უსიცოცხლობისთვის) არის განწირული, თუკი ცოცხალივე რეაქციას არ დაიმსახურებს ინტელექტუალიზაციის თვალსაზრისით(!).


ნებისმიერი შემოქმედებითი სტრუქტურა თვით-დეტერმინაციულად ყოველთვის ითხოვს რამენაირ რაციონალიზაციას. და იმისთვის, რომ ამ ტექსტმა არ მიიღოს სხვადასხვა ავტორების თეზების კალკირებული სტრუქტურა, მხოლოდ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შემოქმედის მაგალითს მოვიყვან პოსტულატად: მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ნიშანდობლივი ფილოსოფიური მიმდინარეობის „სიცოცხლის ფილოსოფიის“ ერთგვარი დემიურგის, ფრიდრიხ ნიცშეს მოსაზრებათა უმოკლესი სინთეზით; ადამიანის სიცოცხლეს კარდინალურად განსაზღვრავს ამბივალენტური ბუნება, მაშასადამე, თავად შემოქმედება, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილია, დიონისური და აპოლონური საწყისის ერთობლიობას მოიაზრებს; დიონისური საწყისი არის ადამიანის კავშირი ბუნებასთან, რომელიც შიშზე და თრობაზე დაფუძნებული, შეიძლება ითქვას, მერყევი ცნობიერებაა, ხოლო აპოლონური საწყისი კი, მწყობრი, ჰარმონიული, ძალასა და მშვენიერებაზე კონცენტრირებული ცნობიერება. არცერთი არ არსებობს უერთმანეთოდ, ორივე კორელაციაში თანაარსებობს. მაშასადამე, დიონისურ (ჩემი სიტყვებით) ვულგარულ სიმძიმეს ამსუბუქებს აპოლონური ესთეტიზაციისა და რაციონალიზაციის უნარი...

იტალიური ნეორეალისტური კინოს უბადლო ნიმუში, მიქელანჯელო ანტონიონის “წითელი უდაბნო“ (1964) _ მონიკა ვიტის ჯულიანას დაუვიწყარი კინოროლით, შესანიშნავად არტიკულირებს ინდივიდის ეგზისტენციალური კრიზისის დუალურ გამოვლინებას; მასკულინური და ფემინური ფსიქოტიპების ჰიპერბოლიზაციას რეალობისა და ირეალურობის მიჯნაზე, ან სულაც ტექნოკრატიული ინდუსტრიალიზაციის მომშხამავ გავლენას ცოცხალი ბუნების წინაშე... ფაქტობრივად, გვაჩვენებს ადამიანის სიცოცხლის უწყვეტ ანტინომიას.

ამდენად, ყოველი თეატრალური თუ არათეატრალური სახელოვნებო აქტი, როგორი <ორთოდოქსული კონვენცია, ან იატაკქვეშა სიგიჟეც> არ უნდა ჩანდეს სტილურად, მექანიკურად ითხოვს ინტელექტუალიზაციას, უმთავრესად იმიტომ, რომ იდენტიფიცირდეს რელევანტურად!..


ცოცხალი ხელოვნების პერცეფციული სული, (დამეთანხმებით) ავტომატურ თანამეგობრობაშია კოგნიტიურ ცნობიერებასთან.


ხოლო, ხელოვნებაა დიონისური, მისი ინტელექტუალიზაცია კი აპოლონური, თუ პირიქით - აი, ეს ყველამ თავად გადაწყვიტოს.

P.s. ობიექტური სამართლიანობისთვის, აქვე ისიც ვთქვათ, რომ ძალიან ძნელია ქართულ რეალობაში ყველაფერს, რასაც ხელოვნებად ასაღებენ ავტორები და ავტორების გულშემატკივრები - გაიმეტო ჩვენს მიერ არაერთგზის ნახსენებ ინტელექტუალიზაციისთვის, როგორც ასეთი.

ბერსერკების რიტუალებისგან დისტანცირებული „შინ“



არლეკინი: <მე კი სულ იმას ვფიქრობ, თუ რატომ დავიდა სიყვარულის გულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკა ნულამდე? რატომ აღარავინ იკლავს თავს სიყვარულის გულისთვის? ხომ იყო დრო, როდესაც ხალხი სიყვარულის გულისთვის თავს იკლავდა? ხომ იყო დრო, როდესაც ეს ჯერ კიდევ რაღაცას ნიშნავდა, ეს, სიყვარული.>

„ბერსერკების“ მესამე ნაწილის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია, სწორედ ეს თვითირონიული, ესოდენ სარკასტული ფრაზა _ სიყვარულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკის გაქრობას რომ შეგვახსენებს. იმპროვიზაციულ-სპონტანური ნაზავით შექმნილი უწყვეტი აზრთა ნაკადის ერთგვარი რეფრენია, რომელიც ირონიულ კონტექსტთან ერთად, კრიტიკული ინტონაციით ჟღერდება; სიყვარულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკა თუ ნულამდეა დასული, ესე იგი _ დიდად არც არავის უყვარს ერთმანეთი _ აი, ამ პათოსით!

„ბერსერკების“ ეტიმოლოგია მომდინარეობს ძველგერმანული სიტყვისგან „berserkr” - მოიაზრებიან მეომრებს, რომლებიც ბრძოლაში შესაშური ამტანობით და ტკივილისადმი უგრძნობლობით გამოირჩევიან. ბერსერკები ფონეტიკურად ჰგავს ქართულ ნიღბების იმპროვიზაციულ თეატრ “ბერიკაობას“, ხოლო ფიზიკური მოქმედების პარტიტურით კი მეტად უახლოვდება იტალიურ ნიღბოსანთა იმპროვიზაციულ სახალხო თეატრ „კომედია დელ’არტეს“.

რაფინირებული კონდენსირებით მოწოდებული სოციალურ-ფილოსოფიური კონოტაციის მქონე ტექსტები, გალექსილი მონაკვეთები თუ არსებული სოციო-პოლიტიკური მანკიერებანის ირონიზირებული მხილება არის, რეჟისორისა და მსახიობების, როგორც ინტელექტუალურ/შემოქმედებითი, იმდენად, იმპროვიზაციული ქმედითობის - რეტროგრადული შტამპებისგან თავისუფალი რეფლექსია!.. საიდანაც, კომედია დელ’არტეს არლეკინიც გვეკონტაქტება და უშუალოდ ჩვენი დროის გაშარჟებული ხატების აჩრდილებსაც მსუყედ შეიგრძნობთ.

ბერსერკული, მე ვიტყოდი, თვითნაბადი ვერბალიზაცია, ინტონირება, ხმის მოდულაციები, უმშვენიერეს სპონტანურობის საბურველში რომ ლივლივებს საათნახევრის მანძილზე, აკუსტიკურად უწყვეტ ‘მელოდიურ ანტურაჟად’ აღიქმება _ პოლიტონური მუსიკალური არანჟირების კვალდაკვალ. აბსოლუტურად რიტმულია, თითოეული ბერსერკის, ხან ზლაზვნითი, ხან კიდევ აჩქარებული სხეულებრივი ქმედება.
 

ბერსერკული კონცეპტის ავტორები, რეჟისორი და მსახიობები „ბერსერკები: შინ“-ის ფარგლებში დისტანცირდებიან თავიანთ კონცეფციასთან, შესაბამისად, ამგვარი ფორმით, ისინი ახდენენ საკუთარი თავის თვითირონირებასა და კომენტირებას ერთდროულად.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი: გიორგი ჯამბურია. მუსიკალური ხელმძღვანელი: ზურაბ ბაბუნაშვილი. კოსტიუმების მხატვარი: მათე ხიდეშელი. განათება: აჩი არგანაშვილი./ მონაწილეობენ: ნინი იაშვილი, მათე ხიდეშელი, სოფიკო გვიმრაძე, შალვა დევდარიანი.

უპირობო გულწრფელობა, სილაღე, ირონიზირებული კრიტიციზმი, მსუბუქ რომანტიზმთან კორელაციაში მყოფი მელანქოლიურობა - ბერსერკების ტექსტების ხმოვანებას კიდევ მეტ მიმზიდველობას სძენს!..


ბერსერკების მშვენიერი <პროსოდიები> აკუსტიკური თვალსაზრისით, წარმოდგენა-პერფორმანსის ბგერათა განყენებულ სპექტრს ქმნის; რომლის უწყვეტი მელოდიურობა ენერგეტიკულ მუხტს ინარჩუნებს პირველი წამიდან დასკვნით წამამდე.
მათე ხიდეშელის არტიკულაციური ლაფსუსით არაერთხელ განმეორებული: „რა გამოვტოვე?! აი, რა გამოვტოვე?!“ ნიშნავს იმას, რომ ეს თუ გამოტოვეთ და არ ნახეთ მომავალ სეზონზე, ესე იგი, თქვენ ძალიან ბევრს გამოტოვებთ(!). მით უმეტეს, როგორც გიორგიმ მითხრა: „ბერსერკები გრძელდება, კიდევ რამდენიმე სპექტაკლის იდეა უკვე არსებობს, პროექტის ხასიათიდან გამომდინარე დასასრული როდის და როგორი იქნება არ არის განსაზღვრული.“

სრულიად გასაგები ანოტაცია აქვს სპექტაკლს, მაშასადამე, ყოველი განმარტება სრულ სინქრონშია წარმოდგენის პრაქტიკული განხორციელების ასპექტთან:


<„შინ“ თეატრალურ პროექტ „ბერსერკების“ ახალი, ექსპერიმენტული ნაწარმოებია, რომელიც არ არის „ბერსერკული რიტუალების“ ციკლის ნაწილი (მაგალითად, ბერსერკები I-მისია და ბერსერკები II-მზიანი მხარე). „ბერსერკები: შინ” პროექტის პირველ ორ ნაწილში გამოჩენილ ბერსერკებს სხვა კუთხიდან წარმოგვიჩენს. ამ შემთხვევაში მაყურებელს საშუალება ეძლევათ ბერსერკების „შიდა სამზარეულოში“ შეაბიჯონ და ნახონ როგორები არიან ბერსერკები „შინ“, ანუ მაშინ, როდესაც ისინი ბერსერკულ რიტუალებს არ აწყობენ. „ბერსერკები: შინ“ არის ერთგვარი სპექტაკლი-ლაბორატორია, რომლის ტექსტი რეჟისორმა და მსახიობებმა ერთობლივად შეიმუშავეს. სპექტაკლი ჩვენს რეალობასთან ერთგვარ დაუსრულებელ დიალოგში იმყოფება და ამრიგად ყოველი წარმოდგენა განახლებული და განსხვავებული სახით გათამაშდება ხოლმე.>

 

...და მაინც, მე ჩემი მხრივ მსურს ვკითხო კომედია დელ’არტეს ე.წ. ვენეციის კვარტეტიდან უსაყვარლეს არლეკინს:

<რატომ აღარავინ იკლავს თავს სიყვარულის გულისთვის> არლეკინ?!..

Monday, 7 April 2025

"მსხვერპლნი" - რუსთაველის თეატრში

 


თეატრალური ხელოვნების ნებისმიერი პროდუქტი, ჩემი მოკრძალებული აზრით, უმთავრესად კი დაკვირვებით - ზედმიწევნით სპეციფიკურთან ერთად, ერთგვარად ბინარული კონსტრუქციის შემცველია... შეიძლება ითქვას, რომ ორგვარად აღქმადია სუბიექტებისთვის.,

<ცენტრალიზებულად> და <პერიფერიულად> აღქმადი. ცენტრალიზებულში მოვიაზრებ: ემოციების მაპროვოცირებელ საშემსრულებლო აქტს; სახელდობრ პერიფერიულად აღვიქვამ: ინერტულობის მაღალი დოზის გამომწვევ, მაშასადამე, ემოციებისგან სრულად დამშრალ საშემსრულებლო აქტს.


ზოგჯერ რეჟისორებს ესოდენ უმართლებთ ხოლმე, როცა მასალა, ანუ დრამატურგიული და სამსახიობო არსენალი საინტერესო და მაღალპროფესიულია; ამ დროს მაყურებლისთვის არამომაბეზრებლად ასატანი შედეგი დგება, შესაბამისად ავტორი-რეჟისორისთვის მომგებიანი რეზონირების ხარისხი(!).

ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დროს არსებული საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებისა და ცალსახა დიქოტომიის შედეგად, ნორმირებულ დოგმად ჩამოყალიბდა, როგორც ვირტუალურ სამყაროში, ისე სოციალურ ცხოვრებაში - ‘ბულინგის ახალი სახეობა’ შემდეგი ფრაზირებითა და კონოტაციით: “ამ მძიმე დროში კარგად ყოფნა და მხიარულება არაფრით შეიძლება! ჩვენ ყველა ქვესკნელში მივექანებით და ვერაფერი გვიშველის! რა დროს „ამის“ დროა, ნუ, სცოდავთ!“.


არა და, ფილოსოფიის უმთავრესი დისციპლინები, გნოსეოლოგია, ონტოლოგია და აქსიოლოგია, ზუსტად რომ ადამიანის <სამყაროში კარგად ყოფნას> მოიაზრებს. ამავდროულად, სხვადასხვა პლურალისტური იდეოლოგიაც სწორედ ანთროპოცენტრულ ფუნდამენტს დეკლარირებს საერთო ჯამში(!).


როგორც ფრივოლური, ისე პიეტეტური, ან რამენაირი, შუა, გარდამავალი ხელოვნების დრო ყოველთვის არის და ამას ვერავინ, ვერავის, ვერასდროს აუკრძალავს. ვერც კანონის დონეზე, მათ შორის. და ვერც ირაციონალური ზებუნებრიობით-(ოდნავი ირონიით).


რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ჩანიშნული პრემიერა, დეკემბრის შუა რიცხვებიდან 2025 წლის იანვრის მეორე ნახევრისთვის გადაიდო. რეჟისორი გიორგი კაშია, დავით კლდიაშვილის მოთხრობის “მსხვერპლის“ ინსცენირების მოტივებზე ერთმოქმედებიან სპექტაკლს დგამს. მონაწილეობენ: მანანა აბრამიშვილი; ბუკა თოლორდავა; ნინო არსენიშვილი; მიხეილ არჩვაძე; მანანა გამცემლიძე; დავით კვირცხალია; ნანა ლორთქიფანიძე; რუსკა მაყაშვილი; ირაკლი მაჭარაშვილი; მარიტა მესხორაძე; ედმონდ მინაშვილი. მხატვარი: ანა ბერიშვილი.


ინსცენირების ავტორი და მუსიკალური გაფორმება: გიორგი კაშია. სპექტაკლში შესანიშნავად ისმის რობი კუხიანიძის“ტაია“. აი, ზუსტად ისეთივე ორგანული ეფექტურობით, როგორც მის სხვა სპექტაკლში „ირინეს ბედნიერება“ ქართული სიმღერა „ტიკები“.


 „მსხვერპლნში“ ასევე ჟღერს კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კომპოზიცია. (ნიკა ნიკვაშვილის შესრულებით)

კაშია სათეატრო ბაზარზე გამოჩნდა, როგორც ეროვნული დრამატურგიისადმი ტოლერანტული, ანუ დისკომფორტს არ უქმნის წინა საუკუნეში მოღვაწე ქართველი მწერლის მასალაზე მუშაობა. უფრო ზუსტად კი, დიდად „არ ტეხავს“ ძველ ქართულ მასალაზე მუშაობა და ეს ნიშანდობლივია, როდესაც „მეინსტრიმული” (ან „მეინსტრიმულთან“ ოდნავ მიახლოებული) ფერხულის მორჩილი მიმდევარი არ ხდები და ძველი ტექსტების ამეტყველებაც არ გესირცხვილება ამ დროის კონტექსტთან მიმართებაში.

დადგმის ავტორმა მკაფიოდ განმიმარტა; „ჩემი კლდიაშვილის მიმართ ინტერესი და სიყვარული, რეალურად ძალიან დიდი სევდის დემონსტრირების შესაძლებლობაა. მე მინახავს ყველა პერსონაჟი რეალურ ცხოვრებაში, შესაბამისად ყველა პერსონაჟის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს კონცეფციაშია რეალურია. როგორც კლდიაშვილი არ იგონებდა მათ. სადამდე მიჰყავს სოციალურ მდგომარეობას ადამიანი?! და როგორი ღირსებით ჩადის დიდ უღირსობას... ეს ყველაფერი იმერეთში ვნახე. როგორც კლდიაშვილს, მეც მებრალებიან ისინი და არასოდეს დამიცინია.
უშუალოდ ამ სპექტაკლში კი ერთ კონკრეტულ მსხვერპლზე არ მილაპარაკია. ბატონ რობერტ სტურუასთან დიალოგის დროს, მან მითხრა, რომ აქ არ არის ერთი ადამიანი „მსხვერპლი“, არამედ ყველა „მსხვერპლია“. აქედან მოდის სპექტაკლის სახელწოდების ინსპირაცია და დავარქვი „მსხვერპლის“ ნაცვლად <მსხვერპლნი>“.



აქვე ისიც ვთქვათ, რომ მაინცდამაინც პანაცეა ვერ არის თანამედროვე სათეატრო ტექსტი, როცა ვერც ავტორი იაზრებს ბოლომდე რას წერს, ან რას უკვეთავენ - „რეალობასთან ზედმიწევნით რო ახლო იყოს აქტუალური“ და ვერც ამ ტექსტის დამდგმელი იაზრებს მაინცდამაინც <პერფექციონისტულად> როგორი ფორმით დადგას, „რო აქტუალურში ჩაჯდეს“ ზედმიწევნით.
მოკლედ, ახალგაზრდა რეჟისორებში გიორგი კაშია ერთ-ერთია, ვინც ეროვნული დრამატურგიის აპოლოგიას ცდილობს თავისი საქმიანობით თავსმოხვეული „სნობიზმის“ გარეშე.

თეატრალურის სასწავლო თეატრში განხორციელებულ სპექტაკლში „ბერნარდა ალბას სახლი“ - კაშიას რეჟისურაში ვრცლად გავამახვილე ყურადღება - ქალთა ემანსიპაციის შეუძლებლობაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალის ბედის, ქალთა უფლებების კონტექსტში განხილვა ნაკლებად მაინტერესებს. გაცილებით საინტერესოა, მანანა აბრამიშვილისა და ბუკა თოლორდავას, დედა-შვილს (ფეფენასა და ნიკას) შორის არსებული ტანდემური კოლიზია. დადგმაში დემონსტრირებულ დედა-შვილს შორის მსგავსი ავადმყოფური <დამოკიდებულების> რეციდივები არც ისე იშვიათობაა, როცა დედა აბსოლუტურად მბრძანებლობს შვილზე. შვილიც დამყოლი და შეშინებულია. მუდამ დედის კალთას ამოფარებული არაინფანტილურ ასაკში, კვლავ ინფანტილურად და უსუსურად, უმწეოდ დარჩენილი, შებორკილი(!). ამ დროს, ფსიქოთერაპიული თვალსაზრისით ძალზე საინტერესო დამოკიდებულებითი/ადიქციური მოცემულობა იქმნება., ორივე „მსხვერპლი“ - დედა-შვილის - ერთმანეთთან ავადმყოფურ სინერგიაშია და ერთმანეთს კვებავენ. კვებავენ <მჩაგვრელისა> და <მარიონეტის> პოზიციიდან.

ვინ არის „მსხვერპლი“, როგორც ასეთი?! არასტაბილურ, საფრთხეების შემცველ გარემოში და ორმაგი სტანდარტებით გაჯერებულ მოწყვლად სოციუმში?! მთლიანი საზოგადოება, თუ ცალკეული პიროვნებები, ან იქნებ, ყველა კონსტრუქტია ერთმანეთთან კინეტიკურ კავშირში(?!), ერთდროულად ზემოქმედებენ ერთმანეთზე და ასე გვევლინებიან <მსხვერპლის> ფსიქოტიპის პარადიგმაში.

კლდიაშვილის დრამატურგია მსუბუქი ირონიზებით იკვლევს ოჯახურ კონფლიქტებში მიჯაჭვულობების პერვერსიულობას. მაშასადამე, კვეთავს კარდინალური აფირმაციებით არსებული საზოგადოებების მახასიათებლებს, იქნება ეს; იმერეთის პატარა სოფელი წინა საუკუნეში, თუ 2025 წელს რომელიმე ქალაქის ან დაბის მაცხოვრებლების მენტალური სტრუქტურის კომპლექსურობა და სხვა მასტიმულირებელი ნიშნები.

ანდრე და დორინი GIFT-ის ფოკუსში

დიდი გერმანელი თეატრმცოდნე, ჰანს-თის ლემანი წიგნში „პოსტდრამატული თეატრი“ დისკურსულ მსჯელობაში „პოსტდრამატულის“ შესახებ აღნიშნავს: ​ ციტირებ...